სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    განკარგვადი შემოსავალი აღარც მთავრობას ახსოვს და აღარც ხალხს
    თამარ მუკბანიანი
    23.11.2018

     ოფიციალური სტატიტიკით, განკარგვადი შემოსავალი იზრდება, თუმცა ამას მოსახლეობა საერთოდ ვერ გრძნობს. მიზეზი, დევალვაციასთან ერთად, საკრედიტო ინსტიტუტების ნაკლები რეგულირება, დერეგულირებული აზარტული თამაშები და მცირე და საშუალო ბიზნესის სისუტეა.

    მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი ნაბიჯებს მხოლოდ ჭარბვალიანობის შესამცირებლად დგამს, რაც საქმეს ვერ შველის. სპეციალისტების აზრით, საშუალო ფენის მოსახლეობას ბოლო 1 წელიწადში განკარგვადი შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა, საკრედიტო მომსახურების წილი კი გაეზარდა, რამაც უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

    ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ საუბრობდა მოსახლეობაში განკარგვადი შემოსავლის სიმცირეზე. მისი აზრით, ეს მაღალი დოლარიზაციის დამსახურება იყო.

    "იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი და, შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზეც აისახა, ცხოვრების ხარისხზეც აისახა და ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

    მას შემდეგ მთავრობა მთლიანად შეიცვალა, საფინანსო ინსტიტუტების რეგულაცია გაძლიერდა, მაგრამ ვითარება უარესდება. ხალხის უკმაყოფილება არჩევნების პირველმა ტურმაც დაადასტურა. რაც მთავარია, ახალი განცხადება განკარგვადი შემოსავლის გაზრდის თაობაზე მთავრობისგან უკვე საერთოდ აღარ ისმის.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ქვეყანაში უცნაური მდგომარეობაა, როცა, სტატისტიკით, იზრდება ოჯახების შემოსავალი, რეალობაში კი მკვეთრად მცირდება. მიზეზი საბანკო კაბალაა და დერეგულირებული აზარტული თამაშების ბიზნესი.

    "საქართველოში შეიქმნა ძალზე საინტერესო პრეცედენტი მაკროეკონომიკური თეორიის კუთხით, რაც ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობისათვის დრამატულია. რეალურ განზომილებაში თითოეული ოჯახის შემოსავალი იზრდება თვით ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, მაგრამ საბანკო კაბალისა და აზარტული თამაშების გამო, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ეხება, რეალური შემოსავალი არათუ იზრდება, არამედ მკვეთრად მცირდება.

    ხელისუფლების ამოცანა დღეს კონკრეტულია - უნდა შეზღუდოს საკრედიტო ინსტიტუტების ზღვარგადასულობა და, ასევე, შეცვალოს კანონი აზარტული თამაშების შესახებ, როგორც განვითარებული დემოკრატიის მქონე მრავალ ქვეყანაშია. აზარტული თამაშების ნაწილში ეს უნდა შეეხოს საქართველოს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეზღუდვას. ასე არც კერძო ბიზნესი დაზარალდება და სახელმწიფოც მოახერხებს ჯანსაღ განვითარებას ეკონომიკური კუთხით", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

    სპეციალისტებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ, რაც ქვეყნის პარადოქსულ მდგომარეობას შეცვლიდა, როცა ციფრებით შემოსავალი იზრდება, რეალურად კი, შემცირებასთან გვაქვს საქმე. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე განკარგვადი შემოსავლის სიმცირეს ადასტურებს და ამბობს, რომ ის, რაც, ოფიციალური სტატისტიკით, საშუალო ხელფასია, ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ოცნებაა.

    "ნომინალური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ოფიციალური სტატისტიკით, თვიური საშუალო ხელფასი 1000 ლარის ფარგლებშია. რეალურად კი, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის ეს შემოსავალი სანატრელია და ოცნების სფეროა. იმის გარდა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანების ჯგუფი საქართველოში ძალიან დიდია, უნდა აღინიშნოს მსყიდველუნარიანობაც, რაც მათ ხელფასს დევალვაციის პროპორციულად უმცირდება.

    როცა ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ 600 000 ადამიანი ჭარბვალიანთა შავ სიაშია და მათ 2000 ლარი ან ნაკლები ვალი აიღეს, წარმოიდგინეთ, რამდენი იყო მათი შემოსავალი, რომ ეს აუცილებლობა დაუდგათ. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დიდი წვალების ხარჯზე მაინც ფარავს იმ ნასესხებ ფულს, რომელიც კვებისა და ელემენტარული მოთხოვნების დასკმაყოფილებლად სჭირდება. ეს ფაქტორი გვაჩვენებს რეალობას სრული სიმძაფრით.

    საქართველომ მიიღო ასობით ათასი ადამიანი, რომელსაც ვალის დაფარვის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ამას ემატება 700 ათასზე მეტი პენსიონერი, რომელთა შემოსავალი ნაკლებია, ვიდრე საარსებო მინიმუმი.

    აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც წინა სამთავრობო გუნდი შეეწირა. ვფიქრობ, მთავრობის დღევანდელ მეთაურს საინტერესო და სწორი ხედვა აქვს ჭარბვალიანობის დასაძლევად და იმისთვის, რომ ხელფასი მოსახლეობის ხელში დარჩეს და არა საკრედიტო ინსტიტუტებში ჩაიკარგოს. უნდა ითქვას, რომ ესეც არასაკმარისია. აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რათა ხალხს რეალური შემოსავალი ჰქონდეს. სამომავლო პოლიტიკის ძირითადი აქცენტი სწორედ ეს უნდა გახდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ავთო სილაგაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved