ელზა პაპოშვილი
02.04.2020

კვლავ უცნობია გამოცხადებული კარანტინის და კომენდატის საათის ფარგლებში მოახლოვებული სააღდგომო დღესასწაულის  ღამეს  რელიგიური ლიტურგია როგორ ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ კათალიკოს პატრიარქმა მორწმუნეებისთვის მიმართვა გაავრცელა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა, იქ არ წერია, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ამ სადღესასწაულო ლიტურგიების აღსრულება. 

პატრიარქი კი ამბობს, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია, თუმცა ყველა მორწმუნემ რჩევები უნდა გაითვალისწინოს. საღვთო ლიტურგიის დროს ეკლესიაში მხოლოდ სასულიერო პირები დარჩებიან. ხოლო მრევლი წირვა-ლოცვას ეზოში დისტანციის დაცვით მოისმენს. 

„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:  ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:  ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია.

 საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში, – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;  საერთოდ, რეკომენდირებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში. მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე. სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.  

თეოლოგები „რეზონანსთან“ პატრიაქრის ამ მიმართვას აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ წარმოუდგენელია მსოფლიო პანდემიის პრობებში ეკლესია არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეკლესიის დროებით დახურვა ან წირვა-ლოცვის აღვლენა მრევლის გარეშე მოხდეს. თეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კი არ უნდა უწევდეს ეკლესიას ანგარიშსს, არამედ პირიქით, ეკლესია კანონით დადგენილ წესებს უნდა ემორჩილებოდეს. 

თეოლოგი გოჩა ბარნოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მაშინ სასულიერო პირები საკუთარ თავზე უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ თუ კი ეკლესია პანდემიის გავრცელების წყაროდ იქცევა, ისინი ამაზე პასუხს აგებენ. 

„თავისთავზე სასულიერო პირებმა იმის პასუხისმგებლობა აიღონ, რომ მრევლს არაფერი მოუვა. თუ მოუვათ კიდევ და ეკლესია ვირუსისი გავრცელების კერა იქნება, პასუხი აგონ. სპეციალურად განსაცდელში თავის ჩაგდება ქრისტიანული საქციელი არ არის. 

“ის შეზღუდვები, რაც სახლემწიფოს მიერ არის დაწესებული, ეკლესიაზეც აუცილებლად უნდა გავრცელდეს. ხელისუფლება ეკლესიასთან მიმართებაში დათმობებზე არ უნად მიდიოდეს. ამას ბოროტი და ცუდი განზრახვით არ ვამბობ. ეკლესიაც ჩვეულებრივი საჯარო პირია და ისიც კანონმდებლობაში ექცევა. კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება და მისი საწინააღმდეგო ქცევა სხვა ყველას მსგავსად უნდა ისჯებოდეს“, - ამბობს თეოლოგი „რეზონანსთან“. 

ბარნოვის პოზიციას კიდევ ერთი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი იზიარებს. „რეზონანსთაბ“ ისიც ამბობს, რომ ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტებს პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტორლის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. 

„საპატრიაქროს ადმინისტრაციის ამ უპასუხისმგებლო საქციელის გამო ჩნდება დიდი ალბათობა, რომ ვირუსის გავრცელების დამატებით კლასტერები გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ამაზე კი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიაქროს ეკისრება. 

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კი სააღდგომო დღესასწაულია, რის შესახებაც ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს. ამიტომაც, საპატრიაქრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს არსებულ სიტუაციას და ეპიდემისი გავრცელების  ახალ კერად ეკლესია არ უნდა აქციოს“, - აცახდებს ტიგინაშვილი „რეზონანსთან“.   

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×