უგულავა, ოქრუაშვილი, ვაშაძე სავარაუდო კანდიდატები არიან
ელზა პაპოშვილი
18.05.2020

შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,  ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებად “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა  ვიხილოთ. ამის შესახებ ისინი მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ კი ასეთი შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იქნება,  ამისთვის მზად არიან.  პოლიტიკოსები  მიიჩნევენ, რომ ახლა ბრძოლის წინა ხაზი მაჟორიტარებზე გადის და ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან. 

 „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ კი აღნიშნულ პირებს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელებს, მაშინ მნიშვნელოვანი იქნება „ოცნების“ მხრიდან მათი მეტოქეები ვინ იქნებიან. ასევე თავად ხელისუფლება რამდენად შეძლებს, რომ ვაშაძის, უგულავას და ოქრუაშვილის პოლიტკური წარსული წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მათი აზრით, ბევრი რამ ისევ წინასაარჩევნო კამპანიასა და პიარზე იქნება დამოკიდებული. ამიტომაც წინასწარ დასკვნების გაკეთება რთული იქნება.  

გიორგი ვაშაძე კი  აღნიშნავს, რომ 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებაშია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მაჟორიტარების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რის შემდეგაც, საუბარი უფრო კონკრეტული გახდება. თუმცა, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ თავად თბილისში გეგმავს მაჟორიტარად კენჭისყრას ოპოზიციასთან ერთად:

მაჟორიტარობას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის წინა ხაზი ახლა მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერები ამ ბრძოლაში ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ: 

"საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკებები ისევე, როგორც ვიმსჯელეთ დღეს, 20 ივნისის სავარაუდო აქციასთან დაკავშირებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დრო გვაქვს, რომ საერთო სტრატეგიაზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ.

დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. ყველა უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი" - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

დიდი ალბათობით, მაჟორიტარად კენჭისყრას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც ვარაუდობს. მისი თქმით, მისი კანდიდატურა ლოგიკური იქნება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ოლქის დასახელებისგან თავს იკავებს, რამდენადაც სხვა პარტიებთან გეგმავს კონსულტაციების გავლას:

"მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები" - ამბობს უგულავა.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი და ამიტომაც წინასწარ საუბარი იმაზე ვის რა შანსები აქვს რთულია. თუმცა ვაშაძეს, ოქრუაშვილის და უგულავას გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი გააჩნიათ და ცნობადი სახეები არიან.  მათ იმიჯი აქვთ, თუმცა საზოგადოების ნაწილში მათი იმიჯი დადებითი არ არის. ძაბირაძე აცხადებს, რომ შესაბამისად მათი შანსები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  მეტოქეები ვინ ეყოლებათ  და „ოცნება“ მათ საპირწონედ ვის დააყენებს. 

„ არც „ოცნებას“ და არც ოპოზიციას  ისეთი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვს, რომ ვთქვათ ნებისმიერ ოლქში უპირობოდ გაიმარჯვებენ. ამიტომ უნდა ვნახოთ, ამ სამი ადამიანის საპირწონე ვინ იქნებიან. 

“30 საარჩევნო ოლქებად უნდა ჩამოყალიბდეს და ამიტომ ჯერ არც ის ვიცით, რა კომბინაციები იქნება. ამ ადამიანებს  პოლიტიკური წარსული აქვთ  და საზოგადოებაში ამ წარსულის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუმცა ცნობადობა აქვთ. დადებით ფაქტორად  შესაძლოა ეს გარემოება ჩავთვალოთ, რომ საზოგადოება მათ გასაცნობად დროს აღარ დაკარგავს.  გადაწყვეტილებასაც   მათი პოლიტიკური ბეგრაუნდის მიხედვით  მიიღებენ.

 “ვიღაცა თვლის, რომ ოქრუაშვილი საუკეთესო თავდაცვის მინისტრი იყო, ვიღაც კი პირიქით ფიქრობს, რომ საშინელება იყო. ასევე შეგვიძლია გიგი უგულავაზე ვთქვათ. ის როგორც თბილისის მერი დღემდე ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა. რაც შეეხება ვაშაძეს, მის ბიოგრაფიაში ალბათ იუსტიციის სამინისტრო და იქ გატარებული რეფორმები იქნება ბეგრაუნდი. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას მასაც ვიღაცა ნაკლად ჩაუთვლის“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძეც „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ საკმაოდ რთული შესაფასებელია რა შანსები აქვთ აღნიშნულ პოლიტიკოსებს, როდესაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არც ის ვიცით  მათ „ოცნება“ ვის დაუპირისპირებს. თუმცა ანჯაფარიძეც ფიქრობს, რომ სამივე მათგანს საკმაოდ ოდიოზური პოლიტიკური წარსული აქვთ, რომელსაც, სავარაუდოდ, თუ კი კანდიდატები გახდებიან, ოპოზიციაც გამოიყენებს და „ოცნებაც“ 

„მათი შანსების შესახებ საუბარი ალბათ უფრო მარტივი მას შემდეგ იქნება, რაც კონკრეტულ ოლქებში მეტოქეების  ვინაობა გვეცოდინება. პოლიტიკური ბიოგრაფია სამივე მათგანს აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე მათი ბიოგრაფია წარმატების გარანტი იქნება. 

“ეს ბიოგრაფია რა ფაქტებით არის დატვირთული ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებაში ამ პოლიტიკოსების წარსულში დადებითი ჭარბობს თუ უარყოფითი, ამასაც მნიშვნელობა აქვს და ამომრჩეველიც ამის მიხედვით იხელმძღვანელებს. ასევე, გავლენა  იმასაც ექნება, „ოცნება“ ამ ადამიანების წარსულს, რომელიც შლეიფივით მოსდევთ როგორ და რა ფორმით გამოიყენებს. წინ დიდი წინასაარჩევნო პროპაგანდა გველის და ყველას წარსულს  თუ აწყმოს  მნიშვნელობა ექნება. ამიტომ  პოლიტიკური ბიოგრაფია რამის გარანტია ვერ იქნება“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ანჯაფარიძე.   

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ივანე   (20.05.2020)
ამ ძველი სახეებით მგონი ახალ -ძველ მაცნობ წერეზე ვბრუნდებით. თქვე დედა აფეთქებულებო- რა უნდა გაკეთოთ არჩევნების შემდეგ მაგ საქმეებზე გვესაუბრეთ. როგორ მინიმუმი უნდა მიღოს საქ მოქალაქემ. სუფთა ჰაერი გვექნება თუ სუფთა სურსათი. პომიდორი ისევ თურქეთიდან უნდა ვზიდოთ და ნიორი ირანიდან ???? ოკუპანტების სურსათ სანოვაგე კიდე უნდა მივირთვათ თუ აღარ არიან ოკუპანტები და 1000% მაგათი დამზადებული საჭმელები მივირთვათ.... ან რა კანონების მიღებას აპირებთ თუ ჰაი ჰარალოზე უნდა ვიცხო როთ ვის რა მოგივათ თავში. .......მგონი ლელოს და გირჩს აქვს მარტო აზრები თავში. დანარჩენები რაზე ლაყბობენ უკვე ზარი დაკარგა მაგათმა მოსმენამ......... და კიდე ? ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე ??????

Kaxeli   (20.05.2020)
Mexi mexs eces da sukvela tqven gecet.neta ar grcxveniat. Skamebis gulistvis kvelafers rom kadrulobt


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×