ია აბულაშვილი
18.12.2019

 ბეთლემი - "სახლს პურისას" ნიშნავს, ასე ერქვა ქალაქს ისრაელში, სადაც დაიბადა დავით წინასწარმეტყველი და სადაც თავად მაცხოვარმა ინება გარდამოხდომა. ადგილნი, რომლებიც ბეთლემად იწოდებიან, მოზიარენი არიან მისი მადლისა,

ასეთივე მადლმოსილია ჩვენი ბეთლემიც, რომელიც მყინვარწვერის კალთაზე აუგიათ ჩვენს წინაპრებს, რომელიც მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილას 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გადმოცემის თანხმად, ბეთლემის გამოქვაბულში ინახებოდა მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი. იქ წმინდა მამები მეექვსე საუკუიდან მოღვაწეობდნენ.

"ქართლის ცხოვრების" მიხედვთი, ბეთლემის გამოქვაბული წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეებისა და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბით ადიოდნენ.

"მყინვართა კლდეთა შინა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა და უწოდებენ ბეთლემს, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გადმოკიდებული ქუაბიდან და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკუანსა მუნ და აბრაჰამის კარავს მდგომსა, უსვეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა. კვალად ძირსა, მისა არს მონასტერი კლდესა შინა გამოკვეთილი უდაბნოდ და აწ ცარიელი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი "სამეფოსა საქართველოისა".

იოანე ბატონიშივლი კი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში კალმასობაში წერს: "იოსებ მოხევა, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარული და მემარხულე, რომელმაც ყოველგან გაითქვა სათნოება. ნებით ღვთისათავ აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალს და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავარისა, რომელ ჯერეთსაცა არავინ აღსრულარს მთასა მას და მოართო მეფესა ირაკლის ნაჭერი კარვისა მის, და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ- მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა".

ბეთლემზე მრავალი ლეგენდა და თქმულება არსებობს. მოხევური თქმულებით, ბეთლემის მღვიმე წმინდა გიორგის საბრძანებელი ყოფილა, ივერიას რომ გაუჭირდებოდა, მაღლიდან გადმოხედავდა მთავარმოწამე, გამოაგელვებდა თავის მერანს და წინ გაუძღვებოდა ბრძოლის ველზე ქართველებს.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, გეგრეგთის უდაბნოში უმოღვაწია ერთ წმინდა ბერს, რომელსაც წმინდა გიორგი გამოსცხადებია და უთქვამს, "შენი ღვთისმოსაობა ღირს გხდის, წახვიდე და მყინვარწვერზე ჩემი საბრძანებელი იხილო, მისი ნახვა ბევრს ენატრებოდა, ბევრს უცდია, მაგრამ იქამდე ვერავის მიუღწევია, ვერც ვინმე მიაღწევს უწმინდური, მხოლოდ წმინდანებს აქვთ ჩემი ნებით იქ ასვლის უფლებაო". თან უბრძანებია წაეღო საკიდელი.

შვიდი დღე და ღამე ილოცა და იმარხულა ბერმა სამების ეკლესიაში, შემდეგ ღმერთი ახსენა, თან გაიყოლა ახალგაზრდა ბიჭი. სამი დღის შემდეგ, ყინულოვან ფლატეს მიადგნენ, ბიჭს საკიდელის ბოლო მისცა, თვითნ ქვევით ჩაეშვა. ბიჭს ხელიდან გასუხლტა საკიდელი, ბერმა უთხრა, არ იდარდო, ალბათ წმინდა გიორგის ნება იყოო. აქ დამიცადე და დავბრუნდებიო; ორი დღის შემდეგ დაბრუნდა და უამბო, რომ ნახა ბეთლემის მშვენიერი ტაძარი, რომელიც მთის წვერზე იდგა, მთას ძირიდან წვერამდე ყინულში გამოკვეთილი კიბე მიჰყვებოდა.

მთის წვერი კი კალოსავით მრგვალი იყო და მზეზე გაყინული ტბასავთი ლაპლაპებდა. აი ამ ყინულის კალოზე იდგა ბეთლემის ეკლესია, წმინდა გიორგის საბრძანებელი.

ეკლესია სუმთლად ყინულისაა, უთქვამს ბერს. შუა იატაკზე თვლებით მოჭედილი აკვანი დგას, ზედ მტრედი ზის და არწევს. საკურთხეველში სხვა სასწაულები უნახვს და მაგრამ ბიჭისთვის უთხოვია, ნება არა მაქვს გავთქვა და შენც ნუ გაამხელო. შინ დაბრუნებულ ბიჭს მშობლებისთვის მოუყოლია ეს ამბავი და დამუნჯებულა.

ხევსურული თქმულებით, კი ერთ კაცი, სახელად მახო, ღვთისმშობელს წაუყვანია და მღვიმეში შეუყვანია, გამოქვაბულში ამ კაცს ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა უნახავს, ზედ მტრედები დაჰღუღუნებდნენ და პატარას "იფქლის მარცვალს აჭმევდნენო".

ხევში დიდი კრძალვა ჰქონიათ ბეთლემის, მის ახლმახლო ნადირობას ვერავინ ბედავდა, ვინც გაკადნიერებულა და უნადირია, თვალისჩინი დაუკარგავს. იმასაც ამბობენ, რომ დაჭრილი ჯიხვი გამოქვაბულში თუ მიასწრებდა იკურნებოდა.

1948 წელს, ქართველმა ალპინისტებმა, ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით გამოქვაბულს მიაგნეს. ასასვლელად ეკლესიის კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 მეტრის რკინის ჯაჭვი. ექსპედიციის წევრებს უნახავთ ხელით დამუშავებული მღვიმე, მომრგვალებული ფორმის, კარის ზემოთ მოთავსებული იყო სარკმელი, საიდანაც სენაკში დღის სინათლე შედიოდა. მარცხენა ძირში, შიგნიდან დამაგრებული იყო ერთი მეტრის ჯაჭვი. სენაკში დახვდათ ბეჭდური ხატი დაახლოებით მეცამეტე საუკუნის, სამფერა ბრინჯაოს შანდალი. 10 ცალი ვერცხლის მონეტა. ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები კი მეათე-მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×