ია აბულაშვილი
21.01.2020

 ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლად ითვლება, მე-11 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში იყო დავანებული წმინდა გიორგის ხატი და მის უნიკალურობაზე მიანიშნებდა დატანებული წარწერა, რომ ხატი უძლეველ მეფე გიორგის ეძღვნება, ოქროთი კი ამოტვიფრული იყო გიორგი ბრწყინვალის სახელი.

ექვთიმე თაყაიშვილი ამ უნიკალურ ხატს თავის ნაშრომში „არქეოლოგიური მოგზაურობანი" ასე აღწერს: "ხატი დიდი წმინდა გიორგისა, თავი ხატი ხონის ეკლესიისა, მოოქროვილი ვერცხლით, ნაჭედი, სიგრძით ორი ადლი და 4 გოჯი. სიგანით ერთი ადლი და 5 გოჯი. შესანიშნავია თავის სიძველით, ლამაზის ქართული ხელოვნებით და საუცხოო ტეხნიკით. წმინდა გიორგი აქ ფეხზე მდგომარეა, მარჯვენა ხელში შუბი უკავია, მარცხენა ფარზედ აქვს დადებული. შარავანდედი მოჩუქურთმებული აქვს ქართულისხლართებით და შემკულია ძვირფასი ქვებით, ცხრა აყიყით.

„რომაული ტანისამოსის სახელოები და კალთები წმინდანისა მოქარგულია. ფეხსაცმლის ყელი შემკობილია მარგალიტებით და წვერი ნაკერია ოქროს ძაფით. ზემოთ წარწერაა მსხვილი ასომთავრულით. აშია ჩუქურთმიანი აქვს, თითქოს კენჭებით იყო შემკული. ზემოთ აშია შემკობილია სამი მედალიონით. კუთხეებში მთავარანგელოზებით მიქაელ და გაბრიელ-ხუცური წარწერით. მარცხენა ყურში მედალიონით წარმოდგენილია წმინდა ბარბარე.

„ხე ხატისა დაფუტურებულია. მარცხნით ქვემოთ ხატს აქვს ასომთავრული წარწერა „ხატი ესე წმინდისა გიორგისა აკეთა აზნაურთა სალოცველად უძლეველისა მეფის გიორგის და შეწევნად მისდა და ჩვენთვის". ხატი ეკუთვნის მეთერთმეტე საუკუნეს და სტილი ხელობისა ამას უჩვენებს".

წმინდა გიორგის ეს უნიკალური ხატი ხონის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიის დარბევის დროს დაიკარგა. ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მეცნიერი შალვა ამირანაშვილი, რომელმაც 1924 წელს საისტორიო მოამბეში ხატის დაკარგვის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

„ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია ქართული ოქრომჭედლობის ერთ უძველესთაგანი ძეგლისა, რომელიც სამწუხაროდ სამუდამოდ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს ქართული ხელოვნების მეცნიერებისთვის, ვინაიდან როგორც კერძო ცნობებიდან ჩანს, რამდენიმე თვის წინათ ეს ძეგლი მოუსპიათ ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის დროს ქალაქ ხონში.

„ჩვენდა სამწუხაროდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს გამონაკლისს, ვინაიდან, როგორც ირკვევა, ამგვარ მოპყრობას ჩვენი წარსულის ძეგლებისადმი ადგილი ჰქონია საქართველოს სხვა კუთხეში. ამ დროს, როცა საქართველოს მთავრობა ხარჯს ეწეოდა საქართველოდან გატანილ სიძველეთა დაბრუნების საქმეში, რაც თავისთავად წარმოადგენს დაუფასებელ კულუტურული მნიშვნელობის ფაქტს, თვითონ საქართველოში ჩვენს თვალწინ დაიღუპა პირველხარისხოვანი ძეგლები...

„ძეგლი, რომელზედაც მე მსურს ვიქონიო დაწერილობითი მსჯელობა, დაცული იყო ხონის წმინდა გიორგის ეკლესიაში და წარმოადგენს წმინდა გიორგის ხატს. ხატი იყო დიდი ზომის, ვერცხლის ნაჭედი, რომელიც ყოფილა ოქროთი დაფერილი წინეთ, რისი კვალი ეხლაც ცხადად ემჩნეოდა.

„წმინდანი წარმოდგენილია მთელი ტანით, ფეხზე მდგომი. მარჯვენა ხელში რომელიც აწეულია ზევით მას უჭირავს შუბი, მარცხენა ხელი დადებული აქვს ფარზე".

მე-11 საუკუნით დათარიღებული ეს უნიკალური ხატი, რომელიც წლებია დაკარგულად ითვლებოდა, რამდენიმე წლის წინ ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზუმში აღმოაჩინეს. ხატი დაზიანებულია და მასზე დატანებული ძვირფასი ქვებიდან მხოლოდ რამდენიმეა შერჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×