მარიამ ნებულიშვილი
27.08.2020

„რევოლუციები, რომლებიც განვითარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძირითადად მძიმე სოციალური ფონით იყო ნაკარნახევი, იგივე ვარდების რევოლუცია, მაიდანი. ბელარუსში ასე თუ ისე საშუალო სოციალური ფონია, რაც დამატებით ეხმარება ლუკაშენკოს ხელისუფლების შენარჩუნებაში", - ასე აფასებს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისა.

სააგენტო „ბელტა" ლუკაშენკოს ახალ მიმართვას ავრცელებს.

„ჩვენთვის მთავარია ეკონომიკა. თუ ნორმალურად იმუშავებს საწარმოები, კატაკლიზმები ვერ შეგვაშინებს. ქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზება", - განაცხადა ლუკაშენკომ.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ მოქმედ პრეზიდენტს საყრდენი აქვს - მას მხარდაჭერა სამ მილიონამდე ადამიანმა გამოუცხადა.

„უნდა ვიცხოვროთ მშვიდად, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რაც შემეხება მე, ძალოვან სტრუქტურებს და სხვებს, ასევე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამიტომ, უნდა გადავშალოთ ბიბლია, ვგულისხმობ, კანონს და წავიკითხოთ: ამისთვის - ასეთი სანქციები, ამისთვის - ისეთი სანქციები. ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ, არ ვაპირებთ არავის დახრჩობას, ქუჩაში დევნას, თუ ამას არ გვაიძულებენ", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ვალდებულება ხალხის დაცვაა.

„ხალხი დაიღალა. ხალხმა გააცნობიერა, როგორია იცხოვრო მშვიდ ქალაქ მინსკში და როგორია, როდესაც ქუჩები იბომბება, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებსა" და სხვა საგნებს აივნებზე ისვრიან. ღმერთმა ნუ ქნას, ყუმბარების სროლა დაიწყონ. ჩვენი ქვეყნის გარშემო ჩამოყალიბდნენ დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, აქ ჩამოვიდნენ და ეს ცეცხლი დაანთონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, პირდაპირ გეუბნებით," - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, „რასია 24"-სთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა.

„ალექსანდრე გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე. თუმცა ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების, ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ. ალექსანდრე გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთს მსგავსი შენაერთის ჩამოყალიბების სამართლებრივი ბერკეტი აქვს, გამომდინარე ბელარუსსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებიდან.

„ბელარუსსა და რუსეთს შორის მოქმედებს ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს ხელშეკრულება, ესაა ერთიანი სახელმწიფო. ამიტომ, მათ კონკრეტული კრიზისების მართვის შეთხვევაში აქვთ უფლება, რომ ერთმანეთს დაეხმარონ. რუსეთს შეუძლია ძალოვანი და სამართალდამცავების კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ბელარუსს", - თქვა მაისაიამ.

როგორც მაისაია ამბობს, ბელარუსში რევოლუციური სცენარის განვიტარება ნაკლებად მოსალოდნენლია, რადგან ლუკაშენკოს მხარეს ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები არიან.

„არ მგონია, რომ ბელარუსში რევოლუციური სცენარი განვითარდეს. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც განასხვავებს უკრაინის მაიდანის სცენარს, ბელარუსში არ არის ერთიანი იოპოზიციური ლიდერი, აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ჩამოაყალიბო ის ერთიანი ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად იმოქმედებენ. გარდა ამისა, ბელარუსში არის საკმაოდ ბევრი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც უშუალოდ ემორჩილებიან პრეზიდენტ ლუკაშენკოს და წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ძალას. ამის გათავალისწინებით რევოლუციური სცენარი საკმაოდ რთული წარმოსადგენია. გარდა ამისა ძალიან დიდი მნშვნელობა აქვს, არმია როგორ პოზიციას დაიკავებს. ამ მხრივ ლუკაშენკომ გადადგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც არმია დასავლეთში გადაისროლა, ვითომდა ნატოს წვრთნების საპასუხოდ და განარიდა ვითარებას.

„გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია, ისიც, რომ ლუკაშენკო ინფორმაციულ ომს იგებს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ცნობები მხოლოდ სამთავრობო არხებიდან მიეწოდება. რევოლუციები, რომლებიც განვითარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ძირითადად მძიმე სოციალური ფონით იყო ნაკარნახევი, იგივე ვარდების რევოლუცია, მაიდანი. ბელარუსში ასე თუ ისე საშუალო სოციალური ფონია, რაც დამატებით ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში", - ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

ბელარუსში მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც 9 აგვისტოს ჩატარდა, ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ქვეყანაში პროტესტი იმავე საღამოს დაიწყო მოსახლეობა ამბობს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნები გააყალბა. ლუკაშენკომ აქცები დაარბია, დაშავდნენ და გარდაიცვალნენ დემონსტრანტები. ათასობით დემპონსტრანტი დააპატიმრეს. ლუკაშენკო ბელარუს უკვე 26 წელია მართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×