თეონა ვეშაგური
03.09.2021

ავღანური მისიის დასრულების შემდეგ თუ სად მოხდება აშშ-ს ინტერესების გადაჯგუფება, ეს თანამედროვე გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოში განვითარებულ პროცესებზე.

"საბედნიეროდ დასრულდა 20 წლიანი ავღანური ეპოპეა, მაგრამ მან წაიღო ბევრი ადამიანის სიცოცხლე, დიდი დრო და ფინანსები როგორც ამერიკის, ისე ნატოსი. მე ბევრჯერ მითქვამს, აღნიშნული თანხები, რომ დახარჯულიყო ნატოს გაფართოვებაზე შავი ზღვის მიმართულებით, დღეს ბევრად მომგებიან პოზიციაში იქნებოდა ნატოც, ამერიკაც და რა თქმა უნდა უკრაინა-საქართველოც, მაგრამ ასე არ მოხდა - განაცხადა „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.

„ამ ეტაპზე ცნობილია გადაწყვეტილება, რომ ჯო ბაიდენი არ აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას პანჯირის ხეობაში გამაგრებულებს სადაც ბრძოლები მიდის „თალიბებსა" და ანტითალიბურ ძალებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაივიწყა ავღანეთის მიმართულება.

"თუმცა, უცნობია სად გადაჯგუფდება მომავალში ამერიკის ჯარი ავღანეთიდან. ვნახოთ, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მათი გაძლიერება მოხდებოდა სწორედ შავი ზღვის აკვატორიაში და შეეხებოდა საქართველო-უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებასაც" - განაცხადა ალადაშვილმა

2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონი დოლარის ახალ პაკეტს გამოყოფს, მათ შორის „ჯაველინის" სისტემებსა და სხვა თავდაცვით ლეტალურ და არალეტალურ საშუალებებს, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან,"- ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, 2014 წლიდან აშშ-მა 2.5 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის ძალების მხარდასაჭერად, მათ შორის 400 მილიონ დოლარზე მეტი მიმდინარე წელს.

ერთობლივი განცხადება აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×