თამთა ჩაჩანიძე
06.10.2021

ევროპარლამენტის წევრები ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, რომელზეც 7 ოქტომბერს კენჭისყრა გაიმართება. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, და ფიქრობს, რომ სამართლებრივი გზა არ მიეცემა.

ევროპელი დეპუტატების მოთხოვნა ბელარუსში მასობრივ წამებებს და რეპრესიებს უკავშირდება. ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს. კუბილიუსის პოზიციას მხარი დაუჭირა გერმანელმა დეპუტატმა, სერგეი ლაგოდინსკიმ, რომელმაც თქვა, რომ სამართალწარმოება წამების საქმეებზე უნდა დაიწყოს.ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა ოპოზიციონერი დემონსტრანტების უკანონო დაკავების და წამების ბრძანება.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამას სამართლებრივი გზა დიდი ალბათობით არ მიეცემა, მაგრამ ბელორუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს გააუარესებს და ლუკაშენკოს რეპუტაციას კიდევ უფრო შეულახავს, მათ შორის ქვეყნის შიგნით.

„არა მგონია, რომ ამას სამართლებრივი გზა მიეცეს, მაშინ წევრმა ქვეყნებმა ამას მხარი უნდა დაუჭირონ, ევროპარლამენტის რეზოლუცია არაა რა თქმა უნდა სავალდებულო აღსასრულებლად, წევრი ქვეყნები ასეთ მიდგომას მხარს არ დაუჭერენ, მაშინ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად უნდა გამოაცხადონ, ამას მთელი გამოძიება და ერთი ამბავი სჭირდება.

„ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურია, რომელიც ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაამძიმებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეპუტაციას კიდევ უფრო შეულახავს, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ არა მგონია, რომ ამან სამართლებრივი სახე მიიღოს და მართლა საერთაშორისო ძებნაში მისცენ.

„არაა გამორიცხული, რომ ამ ინიციატივას მხარი ლიეტუვამ დაუჭიროს, რადგან ბელარუსთან კონფლიქტი აქვს, ასევე ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებმა და პოლონეთმა, მაგრამ მთლიანობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქმეს ამ მიმართულებით არ განავითარებენ. ასე მარტივიც არაა, რომ ადამიანის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცე, ამას სერიოზული გამოძიება და ხანდახან წლებიც სჭირდება, ასეთი რაღაცა ეთნიკური კონფლიქტებისა და საომარი ვითარებების შემდეგ ხდებოდა, სადაც ადამიანის უფლებები მასიურად ირღვეოდა. მაგალითად, იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი საერთაშორისო ტრიბუნალს რომ გადასცეს იმის გამო, რომ პოლიტიკური რეჟიმია რეპრესიული, ასეთი რამე ასე მარტივად ვერ მოხდება, რეპრესიული რეჟიმები მსოფლიოში უამრავია, მაშინ პირველ რიგში ირანის რეჟიმი უნდა გადასცენ...

„რუსეთი პრეზიდენტი დიდი ხანია უნდა გადაეცათ, იმიტომ, რომ მან ჩეჩნეთის ნახევარი მეორე ომის დროს ამოწყვიტა, მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან ამის გაკეთება ძალიან რთულია. არიან ევროპარლამენტარები, მათ შორის კუბილიუსი, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძვიან, შესაძლოა რეზოლუცია (განხილვაზე) გაიტანოს, მაგრამ არ ვიცი, ამ რეზოლუციას ევროპარლამენტში მხარს დაუჭერენ თუ არა, შესაძლოა მხარი ევროპის სახალხო პარტიამაც დაუჭიროს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გავიდეს," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×