უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი: "ყველაფერი უპილოტო საფრენ აპარატზე მიუთითებს, უკრაინის უშიშროების სამსახური მის ჩამოგდებას ცდილობდა"
ნინო ქეთელაური
28.09.2017

 უკრაინაში, ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქება, სავარაუდოდ, დივერსიას უკავშირდება. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ხანძარი უპილოტო საფრენ აპარატს გამოეწვია.

ქართველი ექსპერტების შეფასებით კი, უკრაინის შემთხვევამ დაადასტურა, რომ არც ბორჯომში გაჩენილი ხანძარი იყო შემთხვევითი მოვლენა.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იური ბირიუკოვი ამბობს, რომ სოფელ კალინოვკაში ხანძარი და აფეთქებები შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს გამოეწვია, რადგან ერთ-ერთმა მებრძოლმა საგუშაგოზე უცნაური ხმა გაიგონა, რამდენიმე წამში კი ღია მოედანზე აფეთქებები დაიწყო.

"პერიმეტრი კარგად იყო დაცული. ასე რომ, ყველაფერი უპილოტო საფრენ აპარატზე მიუთითებს. უკრაინის უშიშროების სამსახური მის ჩამოგდებას ცდილობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ვიღაც დააკავეს, მაგრამ ვიღაცამ მაინც გააღწია", - წერს ბირიუკოვი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის განაცხადებით, სავარაუდოდ, საქმე გარე ფაქტორებს უკავშირდება. თუმცა, ამ საკითხებზე კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ.

გროისმანის თქმით, მობილიზებულია ყველა სამსახური და სიტუაცია კალინოვკაში კონტროლირებადია.

ხანძართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც აფეთქებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.

 "პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში. ამით პუტინი ამერიკელებს ეუბნება: არ ღირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ისინი ამ იარაღს ვერ დაიცავენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქმე დივერსიას უკავშირდებოდეს, რადგან მსგავსი შემთხვევა უკრაინაში ამ წლის გაზაფხულზეც მოხდა.

"ხარკოვთან ერთ-ერთი დიდი სამხედრო საწყობი აუფეთქეს უკრაინელებს სწორედ დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატის მეშვებით.

"მას ოპერატორი აკონტროლებს და შეუძლია, ჩამოაგდოს სულ პატარა ჰერმეტული ხელყუმბარა, რომელიც ცეცხლს მარტივად გააჩენს, მით უმეტეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჭურვები და ბომბებია მოთავსებული.

"როგორც წესი, ესენი უფრო ხშირად ღია ცის ქვეშ ინახება. ამიტომ, ძალიან დიდია ალბათობაა, რომ ეს მართლაც ასე მომხადრიყო", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

"არსენალის" მთავარი რედაქტორის მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიაც. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო პასუხი იმ ქმედებებზე, რაც დონბასში განხორციელდა.

"რა თქმა უნდა, სრულიად რეალურია, რომ საქმე დივერსიას ეხება. სავარაუდოდ, ეს იყო პასუხი იმ ქმედებებზე, რაც უკრაინამ განახორციელა დონბასში.

"როგორც იცით, დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში მოხდა აფეთქებების სერია, რაშიც იქაური სეპარატისტები უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.

"როგორც ჩანს, რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, რომ ვალში არ დარჩენოდნენ უკრაინელ კოლეგებს და ამისთვის უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს", - აცხადებს ვახტანგ მაისაია და პარალელს საქართველოში გაჩენილ ხანძრებთან ავლებს.

"პრინციპში, ეს ქმედება კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ბორჯომის ხანძარიც არ იყო შემთხვევითი მოვლენა", - აღნიშნავს უსაფრთხოების ექსპერტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×