სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსულ სამხედრო ნაწილებსა და პროირანულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის შედეგებსაც არ ახმაურებენ
    გიორგი გაჩეჩილაძე
    09.06.2018

     ორი დღის წინ არაბულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სირია-ლიბანის საზღვარზე რუსულ საჯარისო შენაერთებსა და პროირანულად განწყობილ შიიტურ სამხედრო რაზმებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. რამდენიმე წყაროს დაუზუსტებელი მონაცემით, რუსულ მხარესთან დაპირისპირება "ჰეზბოლას" დაჯგუფებებს მოუწიათ. გავრცელდა ცნობაც, რომ არის მსხვერპლი, ოღონდ უცნობია გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა.

    ამ შეტაკების შესახებ რუსული მხარე ჯერჯერობით დუმილს არჩევს. მას მხოლოდ გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა" გამოეხმაურა, ისიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით. მომხდარს არ უარყოფს სირიის თავდაცვის სამინისტროც, ოღონდ ამ კონფლიქტის პერიპეტიების შესახებ ვრცელ და დაზუსტებულ ცნობებს არ აქვეყნებს.

    უფრო კონკრეტული აღმოჩნდა საინფორმაციო სააგენტო "როიტერი". მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რუსულ სამხედრო შენაერთებსა და "ჰეზბოლას", აგრეთვე სხვა პარტიზანულად მოქმედ შიიტურ დაჯგუფებებს შორის მოხდა სერიოზული სამხედრო ინციდენტი. საქმე ეხებოდა სირია-ლიბანის საზღვრის კალამუნის მთებზე მოქმედ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. ამ ტერიტორიას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროირანულად განწყობილი არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. ამ მონაკვეთზე ზედამხედველობა ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით რუსულ მხარეს უნდა აეღო.

    "როიტერის" მტკიცებით, "ჰეზბოლასა" და სხვა გასამხედროებული რაზმების ხელმძღვანელობამ ამ მიდამოების დატოვებაზე მტკიცე უარი თქვა. არც რუსმა სამხედროებმა დაიხიეს უკან და საბოლოოდ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა.

    არაბული საინფორმაციო სააგენტო "ამნ"-ის მტკიცებით, კონფლიქტის მომდევნო დღეს სირია-ლიბანის საზღვრის ამ მონაკვეთზე სწრაფად გადაისროლეს სირიის რეგულარული არმიის მეთერთმეტე დივიზია. ამ შენაერთის ხელმძღვანელმა რუს სამხედროებსა და "ჰეზბოლას" რაზმებს შორის სამხედრო დაპირისპირება ოფიციალურად კი დაადასტურა, მაგრამ დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

    მოგვიანებით სირიის თავდაცვის სამინისტროს დუმილის დარღვევა და ოფიციალური განცხადებით გამოსვლა მაინც მოუწია:

    "რამდენიმე დღის წინ სირია-ლიბანის სასაზღვრო რეგიონში, რომელიც ბექაა და ბაალბაკის რაიონებში მდებარეობს და კალამუნისა და ალ-კუსაირის მთებზე გადის, გარკვეული სამხედრო როტაცია უნდა განხორციელებულიყო. რუს სამხედროებს "ჰეზბოლას" შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა შეეცვალათ და საზღვრის ამ ნაწილის გაკონტროლება საკუთარ თავზე აეღოთ.

    "სამწუხაროდ, პროირანულმა სამხედრო შენაერთებმა დაკავებული პოზიციების დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შემდეგაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.

    "საბედნიეროდ, კონფლიქტი მალე დასრულდა. სირიის თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. ამჟამად დაპირისპირების ადგილებში სირიის რეგულარული არმიის მეთერთმეტე დივიზიაა მობილიზებული. უახლოეს დღეებში ამ ტერიტორიას შიიტური სამხედრო ქვედანაყოფები სრულად დატოვებენ და საზღვარს რუსული და სირიული მხარე გააკონტროლებს".

    კონფლიქტის დეტალების დასაზუსტებლად "როიტერის" სააგენტო "ჰეზბოლას" პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც შეტაკების ფაქტი არაოფიციალურად კი დაადასტურეს, მაგრამ ოფიციალური კომენტარისაგან თავი მაინც შეიკავეს. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ელიდჯახ მანიერიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გარდაცვლილთა შორის "ჰეზბოლას" მეომრები არ არიან. მისი მტკიცებით, მიუხედავად სამხედრო კონფლიქტისა, კალამუნის მთების რეგიონი ამ დაჯგუფების არც ერთ მეომარს არ დაუტოვებია და ამას არც უახლოეს მომავალში აპირებენ.

    ხუთშაბათს სირიის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. სირიული მხარის მტკიცებით, მიუხედავად ადრე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ სირია-ლიბანის საზღვარი რუსულმა მხარემ უნდა გააკონტროლოს, საზღვრის რიგ მონაკვეთებზე კვლავინდებურად "ჰეზბოლასა" და სხვა შიიტური დაჯგუფებების მებრძოლები დარჩებიან.

    მაინც რა მოხდა სინამდვილეში? შეიარაღებულ კონფლიქტს როგორც შიიტური სამხედრო დაჯგუფება, ასევე ოფიციალური სირიული მხარე ადასტურებს, ოღონდ მსხვერპლის ან დაჭრილთა რაოდენობის შესახებ დუმილს არჩევენ.

    ანალოგიური პოზიცია აქვთ რუსულ მასმედიასა და ამ ქვეყნის ოფიციალურ სამხედრო სტრუქტურებს. კომენტარს არ გამოთქვამს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც, რომელიც ამ დღეებში რუსეთის ქალაქ ყიზილში იმყოფებოდა, სადაც "ეს-ენ-გე"-ს თავდაცვის მინისტრებთან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა. შოიგუს სირია-ლიბანის საზღვარზე რუს სამხედრო მოსამსახურეთა და შიიტურ დაჯგუფებებს შორის სამხედრო შეტაკების შესახებ სიტყვა არ დასცდენია.

    ალბათ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მსოფლიო და რუსული საზოგადოება ამ ინციდენტის შესახებ უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. "ნეზავისიმაია გაზეტას" ჟურნალისტების ვარაუდით, მსოფლიო საფეხბურთო პირველობის დაწყების წინ სახელმწიფოს ვითარების ესკალაცია არ სურს და ამ მიზეზით დუმილს არჩევს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved