სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    30.09.2019

     რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე დღეს უკვე დიდი ბრიტანეთიც აქტიურად ალაპარაკდა - წლების განმავლობაში რუსეთის არაერთი აგრესიული ქმედება ვნახეთ, თუმცა, ბრიტანეთი კრემლისგან რეალურ საფრთხეს დღეს უფრო მეტად ხედავს, ვიდრე ხუთი წლის წინ. მეტიც, ევროპაში უკვე „მომავალ ომზეც" საუბრობენ, რაც იმით აიხსნება, რომ „დიდი ომის შემთხვევაში, ევროპაში ბირთვული ომიც კი არ არის გამორციხული".

    „გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთს ევროპასთან სახმელეთო საზღვრები არ აქვს და მითუმეტეს რუსეთთან, პირველ საფრთხე ეს არის საზღვაო და და საჰაერო სივრციდან მომდინარე საფრთხეები.

    "ყველა საფრთხე მაინც ბირთვულ ომს უკავშირდება. რუსული ტანკების გამოჩენა ბრიტანეთის ქალაქებში ნაკლებად რეალურია, თუმცა, დიდი ომის შემთხვევაში, თუკი ახალი ცივი ომი დაიწყო, ევროპაში ბირთვული ომი გამორიცხული დღეს უკვე არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედატორი ირაკლი ალადაშვილი.

    გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის 20% რუსების მიერ არის ოკუპირებული და უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელიც 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიით დასრულდა. ამ თავდასხმებისგან განსხვავებით, დღეს დიდი ბრიტანეთი კიბერომზე საუბრობს, რაც სამხედრო შეტაკებისა და კლასიკური ომისაგან რადიკალურად განსხვავებულია.

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის ნიკ კარტერის განცხადებით, სისტემატური კიბერთავდასხმების გამო, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ბრიტანეთი ყოველდღე ომშია. კარტერმა აღნიშნა, რომ განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის თანამედროვე მსოფლიოში აღარ არსებობს, ხოლო კონკურენციასა და კონფლიქტს შორის მკაფიო ზღვარის გავლება უკვე აღარ შეიძლება.

    „რუსეთთან ფაქტობრივად კიბერომის პირობებში ვიმყოფებით. ომის ხასიათი იცვლება, ჩვენ გვჭირდება დებატების გამართვა იმის დასადგენად, თუ როგორი იქნება მომავალი ომი," - განაცხადა კარტერმა და დასძინა, რომ „რუსეთი დღეს უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ხუთი წლის წინ". ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი" ავრცელებს.

    ალადაშვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხე სწორად ვერ შეაფასა, რადგან კრემლმა 2009 წლიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების უმნიშვნელოვანესი მოდერნიზება დაიწყო.

    „რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით სტრატეგიული ბომბდამშენების ე.წ. პატრულირება და ფრენები აღადგინა; ის, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს არ არღვევს, მაგრამ ყველაფერი მის სიახლოვეს ხდება, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო.

    "საერთო სტატეგიულ ბომბდამშენებს, რომელსაც ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია, სულ არ სჭირდებათ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლა, რადგან რამდენიმე ასეული კილომეტრიდან შეიძლება მათი გაშვება.

    „გარდა ამისა, ატომური წყალქვეშა ნავების პატრულირება აღდგა, რომლებიც თვითმფრინავებისგან განსხვავებით, არ ჩანს, თუმცა, სპეციალური წყალქვეშა სენსორები აფიქსირებენ. ეს ყველაფერი ცივი ომის დროს ხდებოდა და ახლაც გრძელდება; ეტყობა ეს არის ბრიტანელი გენერლების შეშფოთების საფუძველი.

    „რუსეთი გაძლიერდა და არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოსთან ომის შემდგომ, მან საკუთარი შეიარაღებული ძალების დიდი სისუსტე ნახა. ჩვენზე ოდნავ ძლიერი ქვეყანა რომ ყოფილიყო, სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის არმიას ბევრად სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.

    „რუსები ამას მიხვდნენ და 2009-2010 წლიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების კარდინალური მოდერნიზება დაიწყეს, რამაც ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. ეს იმის ფონზე, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები, ფაქტობრივად, გაყინული იყვნენ ერთ ადგილას. მათ ეს საფრთხე ვერ დაინახეს და მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ყირიმის ანექსიის შედეგად ნელ-ნელა ნატო-მ გაიღვიძა," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×