სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    02.10.2019

     უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ „შტაინმაიერის ფორმულაზე" თანხმობას კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში დიდი აჟოტაჟი მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, 1 ოქტომბრის საღამოს უკრაინის პრეზიდენტის სასახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „არა ოკუპაციას!“ მოელიან, რომ აქციები გაგრძელდება.

    უმაღლესი რადის ექსსპიკერმა და ევრომაიდნის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა ანდრეი პარუბიმ მას უკრაინის დემონტაჟის გეგმა უწოდა. მისი განცხადებით, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არჩევნები ავტომატის ლულების ქვეშ არ ჩაივლის. ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის და ზელენსკის, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის წინაშე კაპიტულაციაში სდებს ბრალს.

    შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მინსკში გაიმართა ტრილატერალური შეხვედრა, რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს მონაწილეობით, სადაც „შტაინმაიერის ფორმულაზე" შეთანხმდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებასა და მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

    თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩვნები ჩატარდება მხოლოდ იმ წინაპირობით, რომ რეგიონებს რუსეთის ჯარი დატოვებს და უკრაინას საზღვრის მთელი პერიმეტრის გაკონტროლების საშუალება მიეცემა.

    „შტაინმაიერის ფორმულის" მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული შენაერთები გადის და იქ შედიან ეუთოს დამკვირვებლები. ადგილობრივი არჩევნები უკრაინული კანონმდებლობით და ეუთოს მონიტორინგის ქვეშ ტარდება. თუ ეუთომ დაასკვნა რომ, არჩევნებმა სამართლიანად ჩაიარა, იმ ტერიტორიებს, რომელსაც ახლა დონეცკი და ლუგანსკი აკონტროლებს, ავტომატურად ენიჭება სპეციალური სტატუსი, თუმცა უკრაინის შემადგენლობაში რჩება.

    სწორედ ეს პუნქტი აშინებთ უკრაინის ხელისუფლებაში და მიიჩნევენ, რომ ეს ცუდი პრეცენდენტია, რომელიც უკრაინის ერთიანობას ამჟამად და მომავალშიც, საფრთხეს უქმნის. ყველა მიმომხილველი, უკრაინელიც და უცხოელიც, აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი, რომელზედაც უკრაინა დიდი ხანი არ მიდიოდა, ომის დასრულებისთვის გადადგმული ერთგვარი კომპრომისი იყო.

    მოსკოვი კმაყოფილია და ამ ხელმოწერას მიესალმება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×