სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    02.09.2017

    საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ჩაიშალა. კომპრომისზე არც ოპოზოცია და არც ხელისუფლება არ წავიდა. შესაბამისად, ახლა ორივე მხარე ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული.

    ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პოლიტიკური მხარე არაა.

    "ჩვენ ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევისთვის საკმარისი ბაზისის გამონახვა. ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია, დამნაშავედ გამოვიყვანოთ", - აღნიშნა ტომას მარკერტმა.

    ვენეციის კომისიის მდივანი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველმა გუნდმა ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვენეციის კომისიაც მოატყუა.

    "მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მოტყუებული ვართ. ჩვენ გაკვირებული ვიყავით, როდესაც მეორე მოსმენით ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო სისტემაში. უსიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტექსტი ამგვარად შეცვალეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ტომას მარკერტმა.

    ვინ არის დამნაშავე მოლაპარაკების ჩაშლაში? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი):  "ქვეყანაში ყველაფერში ყოველთვის დამნაშავე არის ხელისუფლება. თუ კარგი ხდება ან თუ ცუდი ხდება, ხელისუფლების კისერზეა. ხელისუფლება არის ძალაუფლება. შესაბამისად, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას მოეთხოვება.

    "ოცნებას" უნდა გამოენახა მოლაპარაკების გზა, რომ კონსენსუსი შემდგარიყო. ახლა თუ ეს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, იქნება ხელისუფლების დამსახურება, თუ პირიქით - ისიც ხელისუფლების დამსახურებაა. ასე რომ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ."

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ორივე მხარე დამნაშავეა, თუმცა ხელისუფლებას უფრო მეტი მოეთხოვება. არც ერთი მხარე არ იყო მზად კონსენსუსისთვის, რაც ძალიან ცუდია."

     

     

     

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  "ამ საკითხზე კომენტარი რომ გააკეთო, ზუსტად უნდა ერკვეოდე, მე კი ამაში ვერ ვერკვევი. ვფიქრობ, რომ ამაზე დავა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კარგა ხანია, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა რაღაც პრობელემებზე, ხოლო ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს. ამ შეუთავსებლობამ გამოიწვია ეს შედეგი - კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. არც ერთ მხარეს არ აქვს ის პოლიტიკური კულტურა, რომ ერთმანეთს მოუსმინონ და რაღაცაზე შეთანხმდნენ."

     

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):  "ამ ყველაფერში დამნაშავე ხელისუფლებაა. იმიტომ, რომ კომპრომისზე უნდა წამოსულიყვნენ. დღევნდელი კონსტიტუცია არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. არ შეესაბამება იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულობას გადაარჩენს".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter