სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    07.05.2018

    ახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10-ს აღწევს. მათგან სამი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი ბოლო 48 საათის განმავლობაში მოხდა, 15 ადამიანი კი კლინიკებშია მოთავსებული.

    სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უკვე ნამდვილი ეპიდემიაა და ხელისუფლებამ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად რადიკალური ზომები უნდა მიიღოს.

    - რა საგანგებო ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ნარკოტიკების მოხმარებით გახშირებული სიკვდილის ფაქტების გამო? ხომ არ უნდა დაიხუროს დროებით კლუბები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობის გატაცებას თავისი ღრმა სოციალურ-ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. ამ მიზეზების კვლევა ახლა შორს წაგვიყვანს. მათგან უმთავრესია უპერსპექტივობის გრძნობა და საქართველოს გადაქცევა ნარკოტიკული ტრანზიტის ქვეყნად.

    "ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, გაამკაცროს კანონები ამ მიმართულებით. ამ ბოლო დროს ჩვენი პარლამენტი უფრო მეტად არის დაინტერესებული, თუ რას დაახატავენ პრეზერვატივს, ვიდრე იმ მიმართულებით, რასაც ახალგაზრდობის მასობრივი განარკომანება ჰქვია. ამიტომ ჩვენი პირველი და მთავარი ღონისძიება ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობის გამრყვნელი კლუბები დაუყოვნებლივ დაიხუროს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საქმის საბოლოო შველა არ იქნება."

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ხელისუფლებამ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს, არ ვიცი. ის, ვინც ამ ნარკოტიკულ საშუალებას ავრცელებს, მკვლელია. იგივე ციანიდია, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად იყიდება. ადამიანი ციანიდს რომ ყიდულობს, იცის, თუ მიიღებს, მოკვდება. ამ შემთხვევაში კი ხალხს ეუბნებიან, რომ არ მოკვდებიან.

    "მკვლელი, რომელიც შხამს ყიდის ღიად თუ დახურულად, კიდევ ქუჩაშია. შეიძლება თავადაც მომხმარებელი აღმოჩნდეს და ამის გამო შევიწყალოთ, არ მესმის. ლმობიერი ნარკოპოლიტიკა მესმის, თუ კარგად გავმიჯნავთ ნარკომომხმარებელს გამყიდველისგან."

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "პირდაპირ გეტყვით, კლუბის დახურვა არაფერ შუაში არ არის, კლუბამდე არის საქმე გასაკეთებელი. სხვა ტიპის მუსიკა შემოვიდა და მთელი ახალგაზრდობა კლუბებში ერთობა, ამიტომ არაფერი საგანგაშო კლუბის არსებობაში არ არის.

    "საგანგაშო ისაა, საიდან შემოდის ნარკოტიკი. თუ არ იციან, საიდან შემოდის, უბედურებაა, ესე იგი უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიმაღლეზე ვერ არიან. იციან საიდან შემოდის? აპრავებენ ბარიგებს, იწყალებენ თუ რა ხდება?

    "ტკბილეულზე აპირებენ რეგულაციას და ფასების მომატებას, რომ წარბწონიანობა არ იყოს, ვითომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ საზრუნავი სულ ეს არის. ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნარკოლოგები სად არიან? სახელმწიფოს მუშაობა სად არის? სატელევიზიო პოლიტიკა სად არის? ჩემს ქვეყანას რა არ გამოუვლია, მაგრამ ასეთი დაუცველი შეგრძნება, დღეს რომ გამაჩნია, არასოდეს არ მქონია. ასე მგონია, რომ მთელი ჩვენი საზღვრები შიშველია.

    "ესენი კლუბების მეპატრონეებს ეჩხუბებიან. კლუბების მეპატრონეებამდე სახელმწიფო პოლიტიკა სად არის? კლუბამდე ნარკოტიკი ხომ ქვეყანაში შემოვიდა.

    "დღეს მე ამას უკვე განვიხილავ, როგორც მიზანმიმართულ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ. მტერი ვინც გვყავს, უბედურებაც იქიდან შემოდის. რაც ოდნავ მაინც ვუახლოვდებით იმ ქვეყანას, რასაც კორუფციაში ჩაფლობილი რუსეთი ჰქვია და მასთან დისტანციას არ იცავ, იგივე საზღვრების, კაცმა არ იცის, რა შემოდის, ვინ შემოდის და რა გადის. იმიტომ არის ასეთი უბედურება.

    "ძალიან არ მომწონს დღევანდელი პოლიტიკა. დაუცველობის შეგრძნება მაქვს. მე მიკვირს, თვითონ რომ არ ეშინიათ."

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "კლუბების დახურვას ნამდვილად არ ვფიქრობ, მაგრამ ამ საკითხზე კანონის გამკაცრებას ვფიქრობ. დეკრიმინალიზაციას რომ მოითხოვენ, რატომღაც ვერ ვეთანხმები, რადგან სულ ახალი სახის ნარკოტიკი შემოდის, რითაც ინტერესდებიან და ამას მთელი ახალგაზრობა ეწირება.

    "რაც შეეხება გამსაღებლებს, ბოდიში, მაგრამ ალბათ პატრონი ჰყავთ და ასე ძალიან გათამამებულები მაგიტომ არიან."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved