სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    22.09.2014

    სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა, რასაც დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ კითხვებს უპასუხა.

    "გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნადმვილი დემოკრატია", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

    თქვენი აზრით, ხელისუფლება მართლაც ზედმეტ ყურადღებასა და ენერგიას ხომ არ ხარჯავს წარსულზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე  (მხატვარი): "მემგონი ამ მთავრობას უკვე ზედმეტი მოსდის. არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს მოაბეზრეს თავი ამ შურისძიების ჟინით. ეს კი ჩვენ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის და სჯობს გონებას მოეგონ.

    "რატომღაც მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ფაქტობრივად დღეს საქართველოში გონება არ არის, გონიერი პოლიტიკა საქართველოში არ ტარდება.

    "რეალურად არის რაღაცები, რომლითაც თავი არც შენს მოსახლეობას უნდა მოაბეზრო და არც მსოფლიოს, რადგან თავს სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ და შეიძლება სულ მალე ეს სასაცილო მდგომარეობა სატირალ მდგომარეობად გადაიქცეს.

    "დროა ამ კაცს თავი დაანებონ. იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ რამე ინტერესი ან სიმპათია მაქვს, უბრალოდ მგონია, რომ თავს სამარცხვინო მდგომარეობაში ვიგდებთ."

     გია კორკოტაშვილი (მსახიობი): "როგორ შეიძლება ან ამერიკა ან ნებისმიერი ქვეყანა ჩაერიოს იმაში, რაც სამართლით გათვალისწინებულია?! თუ სამართალში კანონდარღვევაა, მაშინ პასუხი უნდა აგოს არა ყოფილმა, არამედ ნებისმიერმა მოქმედმა. მგონია, რომ ამერიკელები ცოტა ზედმეტს აკეთებენ, მიუხედავად მათი სიძლიერისა და ვითომ მეგობრობისა.

    "წინა მთავრობაში ვინ მოჰკითხავდა სააკაშვილს რამეს?! სულ მაგისი იყო პროკურატურა და ყველაფერი. დღეს ამოუქექეს ისეთი საქმეები, სადაც დასასჯელია. დასასჯელი უნდა დაისაჯოს და პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს, სააკაშვილი კი არა, ვინც გინდა ის იყოს."

     გია მურღულია (ფილოლოგი): "ხელისუფლებამ ბალანსი ყოველთვის უნდა დაიცვას წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. სამართლებრივი საკითხი არ უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ან ხშირ შემთხვევაში მაინც არ უნდა უკავშირდებოდეს. მე დიდ ექსპერტებს ვერ დავუდგები, მაგრამ სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების აღრევა სწორად არ მიმაჩნია."

     

     

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩემი აზრით, უნდა აქცევდეს იმდენად, რამდენადაც თუ კანონი დარღვეულია და პრეზიდენტის მიერ რვა მილიონზე მეტი გაფლანგულია, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს კონტრშეკითხვას ვუსვამ - ამერიკის პრეზიდენტმა დანაშაული რომ ჩაიდინოს, ნუთუ ისინი მას პასუხს არ აგებინებენ? რადგან ჩვენ ამერიკასთან შედარებით პატარა ქვეყანა ვართ, ამის გამო არ გვთვლიან ისეთებად, რომელთაც შეუძლიათ სათანადო დემოკრატიული პროცესების საფუძველზე ნებისმიერი პირის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნების წაყენება? ეს იქნება ჩემი კონტრშეკითხვა მათ მიმართ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×