გვანცა ღვედაშვილი
17.09.2015

დენის ტარიფმა მოიმატა, ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო უფასურდება და ფასები იმატებს, როგორც პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, ისე მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, სოციალური ფონი კი საკმაოდ მძიმეა, ექსპერთა ნაწილი სოციალური აფეთქების საშიშროებაზე ალაპარაკდა.

"დღეს ინფლაცია 5.4%-ია. სამწუხაროდ, ფასები იმატებს ძირითადად პირველადი საჭიროების პროდუქტებზე. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან გაუარესებულია, შემცირებულია შემოსავალი, ხარჯი კი გაზრდილია, რაც ისეთი მყიფე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მქონე ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, კარგს არაფერს მოუტანს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.

თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე სოციალური აფეთქება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი):"საზოგადოების პროტესტი ჩვეულებრივ არის ხოლმე მართული პროცესი. საქართველოში ჩვენი გონებით არაფერს ვწყვეტთ, საზოგადოება მიჰყვება ე.წ. ყოჩს, რომელიც მიუძღვის და წარმართავს მათ ქცევას და აჩვენებს მიმართულებას, თუ როგორ მოიქცეს.

"თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება. საქართველოში საზოგადოება ჩამოყალიბებული არ არის. ძალიან ბევრი რამ მათ ქმედებაში არის გაუაზრებელი და გაუთვითცნობიერებული. ამიტომ ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება რას რა მოჰყვება."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე მიკვირს უკვე რატომ არ არის სოციალური აფეთქება. იმავე ყურძნის ფასს რომ შვეხოთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამწარება და მათი ქუჩაში გამოყვანა. ყირაზე უნდა დადგეს მთავრობა და მისცეს შესაბამისი თანხები.

"თუნდაც შარშანდელი და შარშანწინდელი ფასი მისცენ გლეხებს, ხომ უნდა შევადაროთ დღეს არსებული კურსი წინა წლებისას. ეს სამარცხვინოა, მსგავსი რამ არც ერთ მთავრობას არ შერჩენია და არც ამათ შერჩებათ."

 

 ირაკლი კაკაბაძე (მწერალი): "ღმერთმა ნუ ჰქნას რაიმე გამოიწვიოს ამ მოვლენებმა. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ გვჭირდება კომპეტენტური პირები, რათა ჩაანაცვლონ ის ადამიანები, რომლებიც ვერ უძღვებიან თავიანთ მოვალეობებს.

"უამრავი ადამიანია დღეს ამ პროცესების მსხვერპლი და ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალი არის უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების დანიშვნა, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას".

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "სოციალური აფეთქება შეიძლება იყოს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, თუმცა ხელისუფლების მიმართ რომ იქნება უკმაყოფილება - ამაში ეჭვი არ მეპარება.

"მოსალოდნელია, რომ აგრესიულად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმა, განსაკუთრებით - "ნაციონალურმა მოძრაობამ", დაიწყოს მოქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოიყვანოს სოზაგადოების გარკვეული ნაწილი. ამიტომ მთავრობამ ყველა ზომას უნდა მიმართოს დაუცველი და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×