გვანცა ღვედაშვილი
11.11.2015

ისევ აქტუალური გახდა პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი. ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დროულად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ პრეზიდენტი არ აპირებს ათონის რეზიდენციაში გადასვლას, მის განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და პრეზიდენტის უარი სასახლის დაცლაზე "ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ" შეაფასა.

"ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს, თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მარგველაშვილის მრჩევლის, კახა კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს: "ეს არის ოფიციალური პასუხი და პოზიცია არ შეცვლილა. ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ, რას უპირებენ ათონელის რეზიდენციას."

მოელით თუ არა, რომ მთავრობა შეეცდება, პრეზიდენტი რეზიდენციიდან იძულებით გამოიყვანოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამდა ხარჯებს და რატომღაც ამას არ ამბობენ. პრეზიდენტმა უნდა გაუწიოს ანგარიში ქვეყანას. ამ ხარჯს ხომ ჩვენ ვიხდით; ხომ შეიძლება, უფრო ნაკლები სიდიდის რეზიდენციაში გადავიდეს?! მე ვფიქრომ, რომ ეს უფრო ეკონომიურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. არა მგონია ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი ან საინტერესო იყოს, სად იქნება მარგველაშვილი, ერთადერთი ინტერესი ალბათ ეკონომიურია, რადგან ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ავლაბრის რეზიდენციის შენახვა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  არ მგონია, იძულებით გამოიყვანონ და ამაზე წავიდეს მთავრობა, შეიძლება ეს უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენა ივანიშვილმა.

თავის დროზე მარგველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არ შევიდოდა ავლაბრის რეზიდენციაში და შესაძლოა, წყენა აქვს ამის გამო. კი, შეიძლება ადამიანურად მართლაც ეწყინა ივანიშვილს, თუმცა უკვე შევიდა და იქ არის და ახლა გამოკიდება არ შეიძლება, რადგან ის უკვე საქართველოს პრეზიდენტია. ყოველი ქმედება, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული, გარკვეულწილად არყევს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): კანონმდებლობის საკითხებში ძალიან არაკომპეტენტური ვარ, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს. არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს რეზიდენციიდან მის გამოყვანას.

ძალიან კომიკური სუტუაციაა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვაი ჩვენს პატრონს. ეს არის სამარცხვინო. რაზე გვიწევს ფიქრი და დავა, რაზე იხარჯება სახელმწიფო რესურსები, როცა ქვეყანა ინგრევა და ხალხი შიმშილით იხოცება. მართლა პათოლოგიურ მდგომარეობაში ვართ.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ვერ გეტყვით, არ მგონია, ეს იყოს კორექტული, რომ მთავრობამ ძალით გამოიყვანოს პრეზიდენტი რეზიდენციიდან. საქართველოს იმდენად სერიოზული გამოწვევები აქვს დღეს, რომ იმაზე, სად იქნება და რომელ რეზიდენციაში მარგველაშვილი, კამათი არ უნდა იყოს. უკეთესი იქნება, შეასრულონ ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც იძლევიან. მარგველაშვილმა თქვა, რომ არ შევიდოდა ამ რეზიდენციაში. ვფიქრობ, ეს საკითხი არ არის პირველხარისხოვანი და აქტუალური. დღეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×