თაკო მათეშვილი
28.11.2015

2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიები 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარი გახდება. აღნიშნული სიახლის შესახებ მოსახლეობას მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამცნო.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდებოდა და მომავლი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ ასეთი იქნება.

"2012 წლიდან პენსიები დაახლოებით 64%-ით გავზარდეთ. ეს არის 600 მილიონ ლარამდე, თუ ამ მიმართულებით 2012 წლის ბიუჯეტს შევადარებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, პენსიის დაგროვებითი სისტემა დაინერგოს და ახალ სისტემაზე ეტაპობრივად გადავიდეთ.

არის თუ არა პენსიის 20-ლარიანი ზრდა ადეკვატური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირაკლი კიკიანი  ("ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი): "ლარის ინფლაცია ყველაფრის ფასზე აისახა და პენსიის მხოლოდ 20 ლარით მომატება არაადეკვატურია. იგი რეალობას არ ასახავს. ინფლაციის ფონზე გამოდის, რომ ზრდა ფაქტიურად არც მომხდარა. ეს, უბრალოდ, კომპენსაციაა".

 

 

 

 პაატა შავაძე  (იურისტი): "პენსიონერებისათვის ეს, რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება. ბევრი ოჯახისათვის 20 ლარი დიდი თანხაა. ასე რომ, მთავრობის ამ ინიციატივას მივესალმები.

"საერთოდ, რასაც გაძლევენ, უნდა აიღო. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ პენსიას 20 ლარი დაემატოს. პენსიონერებს ყველა პრობლემას მოუგვარებს-მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა ნამდვილად კარგია, როცა ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. იმედია, მომავალშიც გაიზრდება."

 

 თაკო ფხაკაძე (გაზეთ "პრაიმ ტაიმის" რედაქტორი): "ამ წუთას პენსია საერთოდ არაა ადეკვატური. ფასებს თუ გავითვალსწინებთ, იგი ადამიანს არსებობის საშუალებას არ აძლევს. 20 ლარის დამატებაც არაფერს ნიშნავს. ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის, რომ 20 ლარი თვიდან თვემდე არაფერშია სამყოფი. პენსიამ უნდა გაისტუმროს კომუნალური გადასახადები, წამლები, საკვები. 180 ლარი კი ამ ყველაფრისათვის საკმარისი ნამდვილად არაა. მითუმეტეს, დოლარის კურსს თუ გავითვალისწინებთ, ეს თანხა ნამდვილად ძალიან ცოტაა.

"მთავრობამ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ქვეყნის სახეს პირველ რიგში ის განსაზღვრავს, თუ რამდენადაა დაცული ბავშვი და პენსიონერი. როცა პრიორიტეტი არის არა ეს საკითხი, არამედ პრემიების აღება, ე.ი. მენეჯმენტი არ გვივარგა. ჯობია, ქამრები მართლაც შემოიჭირონ".

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "სამწუხაროდ, 20-ლარიანი კი არა 200-ლარიანი მომატებაც კი ვერ იქნება ადეკვატური იმ ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ფონზე, რაც ქვეყანაშია. ფასები კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ასე რომ, 20-ლარიანი ზრდა პენსიონერებისათვის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ თანხაზე არიან დამოკიდებული, შეღავათი ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა მაინც კარგია, რომ მცირედი მაინც მოუმატეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×