სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    15.05.2017

    არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას მოითხოვენ.

    "ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დაზარალებულის განცხადებით, თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განცხადებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს", - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

    მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი კი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა.

    "მოვუწოდებთ: საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გაასაჯაროონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ; საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

    თორდიაზე თავდასხმის გამო უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მე, პირველ რიგში, ვგმობ ყვალანაირ ძალადობას, მით უმეტეს, თუ ამას ყოფილი სახელმწიფო მოხელე სჩადის. მაგრამ რაც შეეხება პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამის აუცილებლობას ახლა ნამდვილად ვრ ვხედავ.

    "საქმე იმდენად რეზონანსულია, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა სათანადოდ გამოიძიებენ და პასუხს მოსთხოვენ დამნაშავეს. თუ ასე არ მოხდა, მერე უკვე შეიძლება, კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. გამოძიებისთვის წინასწარ უნდობლობის გამოცხადება სწორად არ მიმაჩნია."

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი თავდასხმები არაერთხელ განხორციელდა და ამაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სახელმწიფო მოხელეებზე ხდება. განუკითხაობის, ქაოსისა და ანარქიის სურათი იქმნება, ამიტომ აუცილებელია ასეთი საპარლამენტო კომისია. რაც მთავარია, მან კარგად უნდა იმუშაოს, რომ სწორი დასკვნები დადოს."

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "მე ვფიქრობ, არ არის საჭირო. არ შეიძლება, რაც რამე სამართალდარღვევა მოხდება, მაშინვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნებოდეს. როგორც განვლილმა წლებმა აჩვენა, მსგავსი კომისია იქმნებოდა რეზონანსულ საქმეზე, რომელიც საზოგადოებაში იწვევდა ძალიან დიდ ინტერესს. ახლა ყველა მომხდარ ინციდენტზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულად მიმაჩნია. საკანონმდებლო ორგანოს აქვს თავისი ფუნქციები და არ უნდა გავაუბრალოოთ."

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "ვფიქრობ, მსგავსი კომისიის შექმნა საქმეს თუ არ წაადგება, ხელსაც არაფერს შეუშლის. იმიტომ, რომ ერთია, თავად ის სტრუქტორები იძიებენ, რომელშიც ის პირი მოღვაწეობდა და მეორეა, რომ ამ საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას კომისია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter