თამთა ჩაჩანიძე
16.05.2026

ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 36-მა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მხარდამჭერ დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ინიციატივას არ შეუერთდნენ. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ დოკუმენტზე მიერთება ქვეყნისთვის „დამატებითი საფრთხეების შემცველი" შეიძლება ყოფილიყო, ოპოზიცია კი მმართველ პარტიას „ეროვნული ინტერესებით ვაჭრობაში" ადანაშაულებს.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტთან შეერთება საქართველოსთვის დამატებით რეალურ რისკებს შექმნიდა; ნაწილის აზრით კი, საქართველოს უფრო მკაცრი კანონები აქვს მიღებული ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამ დოკუმენტთან მიერთებით იმაზე მეტი საფრთხე ვერ დადგება, რაც უკვე მიაყენა რუსეთმა ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას.

ოფიციალურმა თბილისმა ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე მიიღო. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს კიშინიოვის მინიტერიალზე, სადაც ამ დოკუმენტზე ხელის მოწერები გამოფრმდა, საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის.

გარდა ამისა, დოკუმენტს არ შეუერთდნენ საქართველოს უშალო მეზობლები - თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებსაც მეგობრული და პრტნიორული ურთიერთობები აქვთ ოფიციალურ კიევთან.

საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გასული წლის ივნისშიც არ მოაწერა ხელი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მხოლოდ 2025 წლის 16 დეკემბერს ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებულ საჩივრების საერთაშორისო კომისიის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

არგუმენტები და შეფასებები

საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერა საქართველოს რისკებს და საფრთხეს შეუქმნის.

„საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.

„ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ „ცივილიზებული მსოფლიო ტრიბუნალს ქმნის, რომელიც ერთგვარი მორალური ფუნდამენტი იქნება ახალი, ევროპული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური წყობისა, რომელიც ძალიან მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის ფაშისტურ მოქმედებებთან დაკავშირებით" და ამ დროს, მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყების გადაწყვეტილება ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ეს რეჟიმი ვაჭრობს ღირებულებებით და ქართული ეროვნული ინტერესით, რადგან ის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს, ნებას და არა ქართველი ხალხის ისტორიულ ღირებულებით არჩევანს და სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ კურსს", - განაცხადა გეგელიამ.

რას ნიშნავს საქართველოს პოზიცია

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერის შემთხვევაში არაფერი ემუქრებოდა, რადგანაც რუსეთისგან „ჩვენ ყველა დარტყმა უკვე მივიღეთ".

„ლოგიკური იქნებიდა საქართველო მიერთებოდა. კანონი გვაქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ამის არ გვეშინია? მაშინ გააუქმონ. ჩვენ უფრო მკაცრი ნორმატიული აქტები გვაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს. უკრაინამდე რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. იმის ნაცვლად, რომ თქვან - ჩვენ პირველ რიგში ვართ მომხრეებიო, ამბობენ - არ ვუერთდებითო. ასეთ დროს არმიერთება ამირალური ქცევაა და რუსულ აგრესიას ამართლებს. რუსეთი ამბობს - აი, საქართველოს თავში წამოვარტყი და დღეს კუთხეში არიან მიყუჟულებიო.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ხელის მოწერის შემთხვევაში არაფერი საფრთხე არ იყო იმაზე მეტი, რაც დღესაა... რუსეთს რომ არ ჰქონდეს ტერიტორიები ოკუპირებული, სხვანაირად ვილაპარაკებდი - რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და ფრთხილი პოლიტიკაა საჭირო."

„ხელის მოწერის შემთხვევაში არაფერი საფრთხე არ იყო იმაზე მეტი, რაც დღესაა - ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია. სხვა სახელმწიფოების (არმიერთება) კიდევ გასაგებია - აშშ-ს თავისი ინტერესები აქვს, სომხეთში არჩევნებია და გამოწვევის წინაშეა, აზერბაიჯანს და თურქეთს რუსეთთან ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებათ, პარტნიორობენ, მეზობლები არიან, ვაჭრობა აქვთ. ჩვენ კი ყველა დარტყმა უკვე მივიღეთ.

„რუსეთს რომ არ ჰქონდეს ტერიტორიები ოკუპირებული, სხვანაირად ვილაპარაკებდი - რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, ფრთხილი პოლიტიკაა საჭირო.

„ესაა პოლიტიკა „ვაპატიოთ რუსეთს ოკუპაცია". ყველაფერი აქეთკენ მიდის, წულუკიანის კომისიამაც ნაბიჯი იქითკენ გადადგა, რომ მოდი ყველაფერი სააკაშვილს დავაბრალოთ და რუსეთი არაფერ შეაშიაო, რაც არაფერ კარგს არ მოგვიტანს, ამით მხოლოდ რუსეთის არგუმენტს ვაძლიერებთ. ნატო-სა და ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარს ვამბობთ და რუსეთის წინაშე მარტო ვრჩებით. არადა უამრავი ფაქტორებია საქართველოს სასარგებლოდ და ამის ნაცვლად ჩვენ მარტოობას ვირჩევთ", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და საქართველოს პოზიცია გასაგებია, თუმცა სვამს კითხვას - ტრიბუნალი ხელს შეუშლის, თუ პირიქთ, ხელს შეუწყობს მშვიდობას ევროპის კონტინენტზე.

„რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს არ უჭერს აშშ. არგუმენტი გასაგებია - მხარდაჭერის შემთხვევაში ის ვეღარ იქნებოდა სამშვიდობო მედიატორი უკრაინასა და რუსეთს შორის.

„სავსებით გასაგები მიზეზების გამო, რეზოლუციას არ შეუერთდა საქართველო - მისი ტერიტორიის 22% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქვეყანას არ აქვს დაცვის არანაირი გარანტირებული ქოლგა დოკუმენტთან შეერთების შემთხვევაში მოსალოდნელი რეალური საფრთხეებისგან თავის დასაცავად.

„დოკუმენტთან შეერთებისგან თავს იკავებს ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და მალტა. დოკუმენტს არ შეუერთდნენ გლობალური საზოგადოების დანარჩენი წევრები, მათ შორის სამხრეთის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობა. ჯერჯერობით დოკუმენტი 36 მხარდამჭერი ქვეყნის იმედზეა - ძირითადად ეს ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც ფაქტიურად ომში არიან რუსეთთან.

„ორი ჰიპოტეთური კითხვა:

„1. თუკი ტრიბუნალი შედგა, როგორ აპირებენ ეს ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას?!

„2. ტრიბუნალი ხელს შეუწყობს, თუ ხელს შეუშლის მშვიდობას ევროპის კონტინენტზე?

  • ზაალ ანჯაფარიძე: „საქართველოს ტერიტორიის 22% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქვეყანას არ აქვს დაცვის არანაირი გარანტირებული ქოლგა დოკუმენტთან შეერთების შემთხვევაში მოსალოდნელი რეალური საფრთხეებისგან თავის დასაცავად."

„მომავალი ტრიბუნალის განთავსება ჰააგაში იგეგმება. ის ევროპის საბჭოს ეგიდით ცალკე სტრუქტურად იქმნება და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებების შევსებას ემსახურება", - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

ტრიბუნალი მიზნად ისახავს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაძლო დანაშაულზე. იმუშავებს სპეციალური სასამართლოს ფორმატით და გამოიძიებს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ომის დაწყება და სამხედრო მოქმედებები გამოიწვია.

ტრიბუნალი შეიქმნება ევროპის საბჭოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, ხოლო პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები და მოსამართლეები. სასამართლოს ექნება მანდატი, შეაგროვოს მტკიცებულებები, გამოკითხოს მოწმეები და კონკრეტული პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მისი მთავარი განსხვავება ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან ის არის, რომ ტრიბუნალი ფოკუსირებული იქნება უშუალოდ აგრესიის დანაშაულზე და არა მხოლოდ ომის დროს ჩადენილ სხვა დანაშაულებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო ოფიციალური დასტური, რომ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილი სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში დაფუძნდება და მას გლობალური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ გარკვეული პოლიტიკური სიგნალები გვაქვს. გვჭირდება, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. დღევანდელი მდგომარეობით ეს უკვე მხოლოდ ევროპით აღარ შემოიფარგლება. ეს სამართლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სიბიგამ.

15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

ესენი არიან: ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და კოსტა-რიკა.

ქვეყნები, რომლებმაც ხმა არ მისცეს სპეციალური ტრიბუნალის რეზოლუციას, არიან:

ალბანეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, სლოვაკეთი, საქართველო, თურქეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უნგრეთი და აშშ.

უკრაინა ტრიბუნალის შექმნის მთავარი ინიციატორია.

ქვეყნებმა, რომლებმაც პირველებმა დაუჭირეს მხარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას, ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი და საერთაშორისო დონეზე მკაფიო მოთხოვნა დააყენეს. ესენია: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

2023 წლის ივლისში ჰააგაში გაიხსნა „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი", რაც ტრიბუნალის შექმნისკენ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×