
ორშაბათს, 15 ივნისს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ოფიციალურად ხსნის. ეს არის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც, ევროჩინოვნიკების თქმით, მოიცავს კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა რეფორმებს. კიევი და კიშინიოვი ამ ფაქტს მიესალმებიან.
უკრაინის ოფიციალური პირები პროცესის დაჩქარებას ითხოვენ, თუმცა ამას წევრი ქვეყნები ღიად ეწინააღმდეგებიან, მათ შორის გერმანია. მათი შეფასებით, უკრაინის მოთხოვნა, რომ მოლაპარაკება დაჩქარდეს და ქვეყანა უკვე 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გაწევრიანეს ევროკავშირში, „დაუშვებელი და შეუძლებელია". თავად კიევში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეიძლება 10-20 წელიც გაიწელოს.
რაც შეეება მოლდოვას, კიშინიოვი ევროკავშირში გაწევრიანების „უმოკლეს გზად" რუმინეთთან გაერთიანებასაც განიხილავს.
რაც შეხება „ასოცირებული ტრიოს" მესამე წევრ საქართველოს, ქვეყანას ამ დრომდე ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებული აქვს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბრის განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე არ მოახდენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ინიცირებას, ღუმცა, თუკი მოლაპარაკების გახსნის ინიციატივა ევროკავშირის მხრიდან წამოვა, ამ პროცესში ჩაერთვება. ამას ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლების სერია მოყვა, ქვეყნის გარეთ კი - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, რაც დღემდეგ გრძელდება.
დღევანდელი გადასახედიდან, ანალიტიკოსების ნაწილი ამ განცხადებას „იზულებით ნაბიჯს" უწოდებს, ნაწილი კი - „შეცდომას".
უკრაინა-მოლდოვას პირველი კლასტერი
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი წარიმართება 6 კლასტერის - თემატური ბლოკის მიხედვით, რომლებიც ჯამში 33 თავს აერთიანებს. პირველ კლასტერში შედის კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, საჯარო ადმინისტრაცია.
დანარჩენი ხუთი კლასტერი მოიცავს შიდა ბაზარს, კონკურენტუნარიანობას და ინკლუზიურ ზრდას, მწვანე დღის წესრიგს და მდგრად კავშირს, რესურსებს და სოფლის მეურნეობას, საგარეო ურთიერთობებს და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას.
პროცესი რომ 15 ივნისს იხსნება, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მოლდოვისა და უკრაინის მხრიდან, არსებული გამოწვევების მიუხედავად, რეფორმების გატარებით გამოვლენილი „მონდომების, სიმამაცისა და მძიმე შრომის" აღიარება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფართოება ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და „წარმატების ერთ-ერთ უდიდეს ისტორიად რჩება".
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, ტარას კაჩკამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო მოითხოვს უკრაინის რეფორმების გადახედვას და ევროკავშირში გაწევრიანებას კიდევ 10-20 წელი დალოდებას.
„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ამბობენ: „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ნდობა გვჭირდება. ამიტომ თქვენ რეფორმებს განახორციელებთ და ჩვენ, ვთქვათ, 20 წელი დაგვჭირდება, რომ შევეგუოთ სიტუაციას, დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს". ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი მიღება; ჩვენ უბრალოდ ნდობა გვჭირდება", - აღნიშნა კაჩკამ.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს.
„გაწევრიანება 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გამორიცხულია. ეს შეუძლებელია", - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შეასრულოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.
ამასთან, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინას ჰქონდეს პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას გაუკვალავს, თუმცა, ეს გრძელვადიანი პროცესია.
„ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ დავაახლოვოთ ევროკავშირს. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამბობს მერცი.
კობახიძის ცნობილი განცხადება დღევანდელი გადასახედიდან
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლდოვა-უკრაინისთვის მოლაპარაკებების პროცესის გახსნა უკვე ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის 28 ნომებრის ცნობილი განცხადება შეცდომა იყო.
„თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ხსნიან, იმის ნიშანია, რომ ეს განცხადება იყო არასწორი და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული. „ოცნებამ" ამით „გამოსავალი" იპოვა - შესასრულებელ ევროკავშირის 9 პირობაზე რომ არ ყოფილიყო ლაპარაკი, ამიტომაც განაცხადა კობახიძემ ეს.
„არ მგონია „ოცნება" ამ განცხადებას ნანობდეს, მან ზოგადად ანტიდასავლური პოლიტიკა აირჩია და ამას მიჰყვება. ერთი პერიოდი ევროკავშირთან პრობლემები იყო, აშშ-სთან თითქოს ალაგებდა, მაგრამ არც ეს გამოვიდა და ახლა აშშ-სადმი რიტორიკაც ისეთივეა, როგორც ევროკავშირის მიმართ. ხელისუფლებამ პროდასავლურ პოლიტიკაზე უარი თქვა და ამას მრავალვექტორული პოლიტიკა დაარქვა. თუ რუსეთი, ჩინეთი, ირანი არის მრავალვექტორული პოლიტიკა, მაშინ ძალიან მძიმედ გვქონია საქმე და გვაქვს კიდეც", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე"„რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძემ ცნობილი განცხადება დიდი ალბათობით იმიტომ გააკეთა, რომ, სავარაუდოდ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება კედელთან მიაყენა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „უკრაინას პატიობენ კორუფციას და სხვადასხვა გადაცდომებს, ოღონდ ომი გააგრძელოს, მოლდოვას ფაქტიურად რუმინეთის მომავალ შემადგენელ ნაწილად მოიაზრებენ, საქართველოს მიმართ კი დამოკიდებულება განსხვავებული იყო მაშინაც და დღესაც".
„რა გგონიათ, კობახიძის განცხადება კარგი ცხოვრების გამო გაკეთდა? იმ ძალიან მძიმე გარემოებებიდან გამომდინარე გაკეთდა, რომელშიც ქვეყანა იყო, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იყენებდნენ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო იძულებული გაეხადათ ის ნაბიჯები გადაედგა, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ვგულისხმობ კონკრეტული კანონების გაუქმებას და ა.შ., რაც ხელ-ფეხს უხსნიდა იმ შემადგენლობას, რომელიც ცდილობდა საქართველოში შექმნილიყო ნიადაგი, რომ ხელისუფლების პოზიციები შესუსტებულიყო. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავდაცვითი ნაბიჯები გადადგა. ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო.
„არ ვიცი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში რა იხარშებოდა. სავარაუდოდ, ხელისუფლება კედელთან იქნა მიყენებული და იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. ევროკავშირს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები აქვს - უკრაინას პატიობენ კორუფციას და სხვადასხვა გადაცდომებს, ოღონდ ომი გააგრძელოს, მოლდოვას ფაქტიურად რუმინეთის მომავალ შემადგენელ ნაწილად მოიაზრებენ, საქართველოს მიმართ კი დამოკიდებულება განსხვავებული იყო მაშინაც და დღესაც - ვხედავთ როგორ დამთავრდა უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
გავლენა საქართველოს შიდა ვითარებაზე
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრინებაზე მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობის განწყობაზეც იქონიებს გავლენას, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიცია არც ერთიანია და არც გამოსავალზე ფიქრობს, ჯერჯერობით რაიმე რადიკალური პროცესები მოსალოდნელი არაა.
„რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობაში განწყობებს შეცვლის, მაგრამ „ოცნებას" რომ ეშინოდეს, რომ რეალურად ოპოზიციაში რაღაც მძიმე და მისთვის არასასურველი პროცესები დაიწყება, არ მგონია აქამდე იყოს საქმე მისული, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
„ჩვენთან პრობლემა არა მხოლოდ ხელისუფლება, პოლიტიკური ოპოზიციაცაა, რომელიც ვერ გარკვეულა რა ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ალიანსში მხოლოდ იმაზეა საუბარი, თუ ვინ იქნება მისი ლიდერი და არა გამოსავლის ძიებაზე. ოპოზიციაში ერთიანობა არაა და შესაბამისად, საზოგადოებაშიც არაა ერთიანობა", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობაში განწყობებს შეცვლის, მაგრამ „ოცნებას" რომ ეშინოდეს, რომ რეალურად ოპოზიციაში რაღაც მძიმე და მისთვის არასასურველი პროცესები დაიწყება, არ მგონია აქამდე იყოს საქმე მისული".
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ საპროტესტო მუხტი არ გაიზრდება. გარდა ამისა, მისი პროგნოზით, მოლაპარაკებების პროცესი დაჩქარებული არ იქნება და შესაძლოა ამას საქართველო „დაეწიოს" კიდეც.
„არ მგონია ამან საპროტესტო მუხტი გაზარდოს. ამ პროცესის მნიშვნელობას არავინ აკნინებს, მაგრამ პირველი კლასტერის გახსნა არ ნიშნავს, რომ უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება ამით რამენაირად დაჩქარდება. ყველა ევროჩინოვნიკი, მარტა კოსიდან დაწყებული და მერცით დამთავრებული, ხაზს უსვამს, რომ არავითარი შეღავათები არ უნდა დაუშვან, უკრაინა-მოლდოვამ ყველა საჭირო მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
„იმ კლასტერებში კიდევ 33 თავია, რომელიც სხვადასხვა სფეროებს ეხება და ამას შეიძლება 10 წელიც დასჭირდეს. ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად დავეწიოთ იქიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირის დამოკიდებულება როგორი იქნება. როცა ქვეყანა 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნების აბსოლუტურ უმრავლესობას შეასრულებს და ამას ევროკავშირს მაგიდაზე დაუდებს - ეს იქნება კანონების ჰარმონიზაცია, თუ სხვა - ჩვენ ვნახავთ როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი. თუ ჩათვალა, რომ ყველაფერი სწორად შესრულდა, მოლაპარაკებებს გახსნას რა უნდა ედგას წინ, თუ არა პოლიტიკური მოტივები?" - განაცხადა ანჯაფარიძემ.