
როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით და ვსაუბრობდით „ენჯეო“ სექტორზე უცხოური გავლენის ნეგატიურ ეფექტზე, მაშინ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ეს არა მხოლოდ ქართული პრეცედენტია, არამედ მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. თუმცა ქვეყნები ვერ ბედავდნენ, ამ თემაზე ხმამაღლა ესაუბრათ, - ასე გამოეხმაურა ნინო წილოსანი რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრია, თბილისში ანალოგიური კანონის მიღებას კი ყველაზე მკაცრად სწორედ ბრიუსელი აკრიტიკებდა.
„ჩვენ მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით აგრესიული იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან. რუმინეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და მან პირველი მოსმენით მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა - საკმაოდ მკაცრი რეგულაციებითა და პირობებით, თუმცა ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. მაშინ როდესაც ჩვენ მიმართ ყველაზე შეუწყნარებლები სწორედ ევრობიუროკრატები იყვნენ, დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირის ფარგლებშიც მიიღება ის აუცილებელი რეგულაციები, რაზეც ჩვენ ასე თამამად ვთქვით თანხმობა“, - აცხადებს წილოსანი.