
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "მთავრობის მეთაურად" მარატ კამბოლოვი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
კამბოლოვოს "მთავრობის მეთაურად" დანიშვნის განკარგულებას ოკუპირებული რეგიონის "პრეზიდენტმა", ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი.
მანამდე კამბოლოვის კანდიდატურას ოკუპირებული რეგიონის "პარლამენტმა" დაუჭირა მხარი.
როგორც მედია ციტირებს, ახალმა "მთავრობის მეთაურმა" ოკუპირებული რეგიონის მთავარ გამოწვევად დემოგრაფიული ვითარება დაასახელა.
"ოცდაათი წლის წინ რესპუბლიკაში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ოფიციალურად - ორმოცდაათ ათასზე მეტი, რეალურად კი, როგორც ვიცით, ნაკლები [ცხოვრობს] . ერთი თაობის ცხოვრების განმავლობაში სამხრეთ ოსეთმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა. ჩვენთვის დღეს ეს მთავარი გამოწვევაა. ვინაიდან ეკონომიკა ხალხის გარეშე არ მუშაობს, სკოლები ბავშვების გარეშე არაა საჭირო, სოფლები მცხოვრებლების გარეშე ქრებიან," - განაცხადა კამბოლოვმა.