რეზონანსი
16.06.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა

სასამართლო პროცესზე ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას სუს-ის მფარველობის სანაცვლოდ.

„ქოლცენტრის ეპიზოდზე დაკითხული იქნა მოწმე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთი ქოლცენტრის თანახელმძღვანელს. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას. მათი როლი განსაზღვრული იყო იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუწევდა მფარველობას, შესაბამისად აღნიშნული თანხა ქრთამის სახით გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს.

დროის სხვადასხვა პერიოდში გადაეცა სხვადასხვა თანხა, ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა პროცენტის დათვლა. ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი, ბუნებრივია დაიკითხებიან სასამართლოში“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×