რეზონანსი
16.06.2026

 ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ლუქსემბურგელ კოლეგებთან - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასსა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენთან გამართეს.

ლუქსემბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ორმხრივი კავშირების გაფართოების გეგმები განიხილეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგის პარლამენტში გაფართოებულ შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეული საუბარი შედგა.

მისივე თქმით, გარდა ამ საკითხისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, შემოდგომაზე ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის ვიზიტია დაგეგმილი:

"ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან. ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ასევე, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად. ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც გასული თვეების განმავლობაში არის საქართველოში. ასევე მომავალთან დაკავშირებით, რა არის სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით.

ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საფრთხეებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა ჩვენ შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა აღნიშნული ვიზიტი შესაბამისად იყოს მომზადებული,"- აცხადებს ლევან მახაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×