2023 წელს „ამოსაბრუნებელი ურემი“...
რეზონანსი
08.01.2023

თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს ვულოცავ! ვინაიდან ციფრების ჯამი შვიდია („იღბლიანი“, „საოცარი“, „ბედნიერი“ რიცხვი), რომელიც ბიბლიაში 500-ზე მეტჯერ არის ნახსენები), ვუსურვებ 2023 წელი ქვეყნის დალაგების (მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების სახელმწიფო ინტერესებში გაერთიანების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის...) და მსოფლიოს დამშვიდების (მათ შორის, ომებისა და პანდემიების დასრულების...) წელი ყოფილიყოს! 

გასულ წელს სახლში კედლის ორი კალენდარი გვეკიდა. ბავშვები ჟამთასვლას ცალ-ცალკე აღრიცხავდნენ, ხოლო ჩამოხეული ფურცლები ჩემთან მოჰქონდათ... მადლობა შემდგენლებს, ვინაიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე. მაგ., ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ გენიალური გალაკტიონი ადამიანებისგან კი არ მოითხოვდა მისი ლექსების მოსმენას, არამედ თვითონ იყო მზად რიგითი მოქალაქისთვის დღე-ღამის განმავლობაში ესმინა, თუ მშობლიურ ენაზე ილაპარაკებდა... არადა, კედლის კალენდარზე 14 აპრილის, „დედაენის დღის“ აღმნიშვნელი ფურცელი რომ არ მენახა, ამ უნიკალური ლექსი-დარიგების არსებობის თაობაზე, სავსებით შესაძლებელია, არასდროს გამეგო...

„მე დაგიგდებთ ყურს 

თუნდ მთელი დღე 

და მთელი ღამე,

მე დაგიგდებთ ყურს 

თვეობით და წელიწადობით. 

ილაპარაკეთ, მე თქვენ გთხოვთ,

 ოღონდ ქართულად, 

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“

გასული წლის ერთი კალენდრის ბოლო ფურცელზე „ათი მცნება“ და „9 ნეტარება“ იყო დაბეჭდილი, ხოლო მეორეზე - სულმნათი მურმან ლებანიძის ლექსი-ვერდიქტი („გვიან გავიღვიძეთ...“), რომელიც წლების წინ, როგორც ჩანს, ფაქტობრივად, იმის გამო დაიწერა, რომ ბიბლიური შეგონებები დავივიწყეთ...

გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული, ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ, 

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები.

გვიან გავიღვიძეთ - ჭიშკრები დაღებული!

 (ტყემალზე თუ არა, ხომ ვსხედით ჭადარზე?!)

რის თავისუფლება?! სამშობლო წაგებული, 

მიწები დაყიდული ლეკზე და თათარზე!

დროდადრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე, -

ეს ჩემი წყალ-ჭალა რომ მიაქვს, ვისთან მიაქვს?! 

მწადს თავი გავუპო პრიმიტივს ამდენს

ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!

გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ, 

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები...

ფაქტია, გარდა იმისა, რაც აფსუებმა, თურქებმა, ოსებმა და რუსებმა მიიტაცეს (არადა, ეს მიწებიც ჩვენი გაყიდული მგონია...), თბილისში ირანელებს უკვე აღმაშენებლის ხეივანი, ხოლო უკრაინელებს ამაღლების ქუჩა აქვთ „ოკუპირებული“... ამასთან, გალაკტიონისა და ლადო ასათიანის ქუჩებზეც კი ქართულად მოსაუბრეებს იშვიათად შეხვდებით, ხოლო სარეკლამო აბრებზე წარწერები ძირითადად ინგლისურ ენაზეა შესრულებული... 

იქნებ, „გადაბრუნებულ ურემსაც“ და „დაღებულ ჭიშკრებსაც“ ამ წელს მაინც მივხედოთ... ამასთან, ვინაიდან მოქალაქეთა ნაწილს, შეიძლება, სახლში არც ბიბლია ჰქონდეთ და არც კედლის კალენდარი, გასული წელს ჩამოხეული ბოლო ფურცლიდან ერთ (მეათე) ბიბლიურ მცნებას მაინც შევახსენებ და ერთ (მერვე) „ნეტარებასაც“:

„არა გული გითქმიდეს ცოლისთვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისთვის მოყვასისა შენისა, არც ყანისა მისისა, არც კარაულისა მისისა, არც ყოვლისა საცხოვრისისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა“

„ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“

დაბოლოს, ვინაიდან გასულ წელს არც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა და არც „ნაც-ქოცების“ დაპირისპირება, ხოლო საქართველოს პარლამენტმა ვერც სახალხო დამცველის, ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა მოახერხა, როგორც ჩანს, საკმაოდ რთული წელი გველის. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ევროპულ კავშირზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეებს, კედლის კალენდარზე დატანილის გარდა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II–ის ერთ-ერთ ადრინდელ საშობაო ეპისტოლეში მოცემული დარიგებაც გაგვეთვალისწინებინა იმის თაობაზე, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს“. 

ფაქტია, ჯერჯერობით ვერ სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, რის გამოც არც პარლამენტის შემადგენლობა გვაკმაყოფილებს და ვერც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განხორციელებულმა „პრიხვატიზაციის“ კამპანიებმა და „სასამართლო რეფორმებმა: (მეოთხე რეფორმის მეოთხე „ტალღაზე“ ვიმყოფებით...) გამოიღო სასურველი შედეგი... არადა კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და რეალურად დამოუკიდებელი პიროვნებებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ოკეანისგაღმელი „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და „ევროპელი მეგობრების“ წინაშე თავის მოსაწონებლად კი არა, ისევ „გადაბრუნებული ურმის პატრონებს“ გვჭირდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×