თეონა ვეშაგური
05.07.2022

შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არის პრეცედენტი ქვეყნების დაჩქარებული წესით, მაპის გარეშე გაწევრიანების ალიანსში.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს ქვეყნები მაპის გარეშე დაჩქარებული წესით გახდებიან ნატოს წევრები. აღნიშნული მოვლენა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ უფრო ძლიერდება ნატოს ალიანსი განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ფლანგით. ამასთან ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის.

„უკვე არსებობს მაპის გარეშე ნატოს გაფართოების პრეცედენდენტი, რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას შვედეთისა და ფინეთის საკითხზე, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროპის ცხოვრებაში, რადგან ერთის მხრივ ის აძლიერებს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგს და მეორეს მხრივ ეს არის სერიოზული პასუხი რუსეთის პრეტენზიებზე.

„ალბათ გახსოვთ, რომ ამბობდნენ, თითქოს მათთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაფართოვდეს ალიანსი. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაანახა დასავლეთმა რუსეთს, რომ ალიანსის გაფართოება არის მხოლოდ ალიანსისა და ასპირანტი ქვეყნების საქმე. აქედან გამომდინარე კი არავის და მათ შორის რუსეთს, არ აქვს უფლება ვინმეს არჩევანს დაადოს ვეტო. ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ალიანსს საქართველოსთვის.

„რაც შეეხება შესაძლო შედეგებს, თუ სიტუაციას რეალურად შევაფასებთ პრაქტიკულად შეუძლებელია რუსეთის წასვლა ალიანსის წინააღმდეგ, ეს იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაბედავს რუსეთი. ამიტომაც არის, რომ გაღიზიანებულია, მაგრამ, ვერ ბედავს რაიმე პროტესტის გამოხატვას". - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში მაპის გარეშე მიღების პრეცედენტი უკვე მოხდა - ახლა მხოლოდ დარჩენილია რატიფიცირება.

„უკვე შეიქმნა პრეცედენტი შვედეთისა და ფინეთის მაპის გარეშე გაწევრიანების ნატოში, რადგან მიღებულია გადაწყვეტილება, ხელმოწერილია პროტოკოლები და დარჩა რატიფიცრება, ანუ ის, რომ მაპის გარეშე გაიარეს ეს პროცესი, შემდგარი ფაქტია.

„რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგობას, ისინი იმუქრებიან მანამ სანამ მოხდება რაღაც. ახლა იმის თავი ნამდვილად არ აქვთ, რომ ნატოს წევრ ქვეყანას რამე უქნან. ამიტომ დღეს იმაზე მეტად არიან დაცულები შვედეთი და ფინეთი, ვიდრე ოდესმე. ნატოში გაწევრიანება, ეს არის საუკეთესო გზა ურთიერთობების დალაგებისთვის რუსეთთან". - განაცხადა ფხალაძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებისას განაცხადა, რომ ეს მოვლენა ნამდვილად ისტორიული მომენტია როგორც ფინეთისთვისა და შვედეთისთვის ისე ნატოსთვის.

„გასულ კვირას მადრიდში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმის შეთანხმების შემდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაწერთ ხელს გაწევრიანების პროტოკოლებს. ეს ნიშნავს რატიფიკაციის პროცესის დაწყებას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, კიდევ ორი წევრის დამატებით ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

„დღეს კარგი დღეა ფინეთისთვის და შვედეთისთვის და კარგი დღე ნატო-სთვის. მაგიდის გარშემო 32 ქვეყნით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ჩვენი ხალხი კიდევ უფრო უსაფრთხოდ იქნება იმ ფონზე, როცა ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების უდიდეს კრიზისის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.

29 ივნისს, მადრიდში გამართულ სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ოფიციალურად მიიწვიეს ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.

ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გასაწევრიანებლად მიწვევის შემდეგი ეტაპია ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ სკანდინავიის ორი ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

ვრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×