თეონა ვეშაგური
25.07.2022

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, საპანიკო არაფერი არის, რადგან „მიმუნის ყვავილს" სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს და დაავადების გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

„ჯერჯერობით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ გამოვლენილა. - ამის შესახებ მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადების მასიურად გავრცელების რისკის დონე არის საშუალო. საქართველო კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, შედის პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია.

„გლობალურად რისკის დონე გახლავთ საშუალო. უფრო მეტი შემთხვევა ევროპის ქვეყნებშია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, დავიწყეთ მზადება ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მიმართულებით. პირველი, გაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის, უკვე დაახლოებით 10 სავარაუდო შემთხვევაა იყო ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენილი ჩვენთან გამოსაკვლევად. ხაზს ვუსვამ, რომ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დადასტურდა, 9 უარყოფითია.

„ასევე, გავაძლიერეთ ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც პსრ ტექნოლოგიით, ისე გენური სექვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი. სწორედ ამ მეთოდებით, 10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 უარყოფითია და ერთი დადასტურებული. პაციენტი უკვე კარგა ხანია გაწერილია. ინკუბაციური პერიოდი გავლილია, ანუ შემდგომი გავრცელება აღარ ყოფილა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, ჩვენ შევდივართ პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, „საპანიკო არაფერი არის, რადგან აღნიშნულ დაავადებას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს".

„მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად",-განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილის" გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

როგორც გაბუნია ამბობს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„მაიმუნის ყვავილის" შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაიმუნის ყვავილი" ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია პირველი ჯგუფის ქვეყნებთან მიმართებაში არის კოორდინაციის უზრუნველყოფა, პრევენციის ზომების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რისკების შესახებ. სწრაფი გავრცელება „მაიმუნის ყვავილს" არ ახასიათებს. „მაიმუნის ყვავილის" გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი. არის გარკვეული რისკის ჯგუფები - მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად სავარაუდო იყოს „მაიმუნის ყვავილის" არსებობა. მთავარია აქ დროული დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და იმ პირის იზოლაცია, ვისაც საეჭვო ნიშნები აქვს.

„ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, „მაიმუნის ყვავილს" არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ვფიქრობთ, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ პირველივე საეჭვო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში მივიდეს ექიმთან და ექიმი მას შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას დაუნიშნავს", - განაცხადა გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×