ელზა პაპოშვილი
05.09.2022

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გამოსავლად ისევ ხალხის ქუჩაში გამოყვანას და მასობრივ საპროტესტო აქციებში ხედავს. როგორც ჩანს ქვეყანაში „ცხელი“ პოლიტიკური შემოდგომა იქნება, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ფიქრობს, რომ სწორედ ახლა ეძლევა ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. 

ის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ოპოზიციას აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა პროცესები რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ. აქვს თუ არა ახლა რესურსი  ოპოზიციას, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმისკენ აიძულოს და რამდენად იქნება თავად ოპოზიცია ამ მოთხოვნაში ერთიანი? რეალურად ვის აწყობს 5%-იანი ბარიერით არჩევნების ჩატარება? 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან  რიგგარეშე არჩვენების მოთხოვნას და ხალხის ქუჩაში გამოყვანას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია. ამისთვის მზად არც მოსახლოება და არც თავად პოლიტიკური სპექტრია. მას  უკვირს ოპოზიციამ რატომ არ მოითხოვა რიგგარეშე არჩვენების დანიშვნა ზაფხულში, როცა ქუჩაში მოსახლეობის არც თუ ცოტა რაოდენობა გამოვიდა. ან ახლა რატომ, როცა ქვეყანაში ამის არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს. ის ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ეს მოთხოვნა შეუსრულებადია, რადგანაც არ არსებობს ამ ეტაპზე ბერკეტი, რომლის შედეგადაც ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებენ. 

ნიკა მელია კი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება იქნება მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ვადამელი არჩევნები დაინიშნოს. 

„ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე. დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. 

„რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე - უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, სკვერებსა და ქუჩებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე. 

„მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში“,-აცხადებს მელია. 

მისივე თქმით, უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციაა საჭირო, რადგანაც აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია. 

„ვაღიაროთ, ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

„განსხვავებით წინა წლებისაგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. 70%-ზე მეტი მოქალაქეებისა ფიქრობ, ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. 

„ქართულ ოცნებას ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა 1/3 -ით. მან საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ესეც კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. მათაც, ვინც 2021 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას მისცა ხმა, ევროპული მომავალი უნდათ, არადა დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ოლიგარქი დასავლურ პოლიტიკას ატარებს“,-ამბობს მელია. 

ნიკა მელიას პათოსს ოპოზიიცის ნაწილიც იზიარებს, მასობრივი პროტესტი და დაუმორჩილებლობა - ,,გირჩი მეტი თავისუფლება" საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს ვადამდელი არჩევნებისკენ მისასვლელ რეალურ გზად ქუჩის პროტესტს სთავაზობს.

ზურა ჯაფარიძის აზრით, აუცილებელია მოქმედებაზე გადასვლა.

,,გირჩი მეტი თავისუფლება" არის ერთადერთი პარტია, რომელიც მაგ მოთხოვნიდან არ ჩამოსულა. ჩვენ ვიძახით, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. 

შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც უკრაინელებმა გახსნეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, არავინ იცის, როდის დაიკეტება. ამიტომ ვეთანხმები, რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი.

მისკენ მისასვლელი გზა კი არის მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობა, პირველ რიგში კი გააზრება იმისა, რომ თავზე გაზიან უზურპატორები, რომლებსაც ამ ქვეყნად ძალაუფლება მიტაცებული აქვთ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.  

უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ის ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ასევე, ერთადერთ გამოსავლად ნათელაშვილიც ხალხის ქუჩაში გამოყვანაში ხედავს. მან ოპოზიციას  სამ პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც, მისი ვარაუდით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო ელოდებიან ოპოზიციის პოზიციას.  უნდა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რაც ჩვენს თავს ტრიალებს. გთავაზობთ 3 პუნქტიან სტრატეგიას, რამაც უნდა გაწმინდოს ჩვენს ქვეყანაში ჩახერგილი გზები.

პირველი - ოპოზიციამ დაუყონებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები; მეორე - შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი; მესამე  - დავუძახოთ ხალხს ქუჩაში.

ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები და შესაბამისად, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. აი, ეს არის ერთადერთი, სწორი სტრატეგია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.      

ოპოზიციის ამ მოწოდებებს ხელისუფლება ეხმაურება . დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კონსტიტუციის შესაბამისად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მერის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, "ნაციონალურ მოძრაობას".

"პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, "ნაციონალური მოძრაობა". საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.    

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თითქმის ყოველ შემოდგომაზე ოპოზიციის მხრიდან გახუნებული და ბანალური გზავნილების მომსწრენი ვართ. აბაშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული ძალებისგან მსგავსი განცხადება არახალია და ეს არის მორიგი ბოდვა, რომელიც ოპოზიციას ქვეყანაში მიძინებული და მკვდარი პოლიტიკური პროცესების გასაღვიძებლად სჭირდება. 

„ქვეყანაში ამ ეტაპზე მსგავსი საპროტესტო მუხტი არ არსებობს. არც იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს. „ოცნება“ ასეთი სერიოზუული შეცდომების დაშვებას არ აპირებს. ამიტომ ისევ ვიქნებით იმ ძველი კინო ფილმის მოსწრენი, რასაც მიტინგები და პატარ-პატარა გამოსვლები ჰქვია. მრვალრიცხოვანი საპორტესტო აქციები არ იქნება. ეს იქნება ერთჯერადად ისევ რუსთაველზე შეკრება, გულის მოფხანვა და მერე დაშლა. ამის შემდეგ კი კვლავ ერთმანეთის დამუნათებას და ბრალდებებს გააგრძელებენ“,-ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნა ყველანაირი პოლიტკურ ლოგიკას არის მოკლებული. აბაშიძე ფიქრობს, რომ  ოპოზიცია ამ განცხადებით კვლავ დესტრუქციის გზას ირჩევს. არადა ევრკავშირის 12 პუნქტიან მოთხოვნაში გარკვევით წერია, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ესენი კი პირიქით, ამის გამწვავებისკენ მიდიან. 

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ მელიას ეს განცხადება და მოთხოვნები პატიმარ სააკაშვილისგან მოდის. მას სურს, რომ ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ამას 10 წელია ცდილობს, მაინც არ გამოსდით. ხანმოკლე დესტაბილიზაციის გარდა რეალურად ვერაფერს აღწევენ. 

„ამ ხნის განმავლობაში ვერცერთ არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, ამიტომ დესტრუქციის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ. არ ვიცი რისი იმედი აქვთ, ან რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ არეულობის  მომხრენი იქნებიან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს გაკოტრებული პოლიტიკური სეპექტრი ამ ერთი და იგივე წრეზე სიარულით უფრო გაკოტრდებიან“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×