თეონა ვეშაგური
06.09.2022

საზაფხულო პაუზის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას კიდევ ერთხელ აანონსებს. ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. უცვლელია პოლიტიკური სტრატეგიაც - ქუჩის პროტესტი და მასობრივი გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით. მისივე მტკიცებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ მღელვარებად აქცევს.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საზოგადოებაში არ არსებობს მუხტი, რომელიც გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. ამ სამოქმედო გეგმით კი ენმ საწადელს კვლავ ვერ მიაღწევს.

მელია სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.

„რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი - მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე - უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, სკვერებსა და ქუჩებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ - მდიდარი სახელმწიფო წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.

„თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე. მესამე, უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია - აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ნიკა მელია აანონსებს დესტრუქციულ ქმედებებს, რაც მათსავე ამომრჩეველში გამოიწვევს ნიჰილიზმსა და გაღიზიანებას.

„შეხვედრები ამომრჩეველთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ბუნერივი პროცესია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ნიკა მელია აანონსებს ცოტა დესტრუქციულ ქმედებებს - რომ დაარწმუნებს ხალხს გამოვიდნენ ქუჩაში და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები, რისი განწყობაც არ არსებობს და ვერც შეძლებენ ამ განწყობის გაღვივებას.

„არსებობს პროტესტი საზოგადოებაში, მაგრამ არა იმ დოზით, რომ მისი გამძაფრება შეძლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ". რა ვიცი, მე ვფიქრო, რომ დღეს მზად არ არის საზოგადოება გამოვიდეს ქუჩაში, გამართოს მასშტაბური აქციები და აიძულოს ხელისუფლება ჩანიშნონ ვადამდელი არჩევნები. ნამდვილად ვერ გეტყვით ამის გაკეთებას როგორ აპირეს მელია.

„ასეთი განცხადებებით ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველშიც გამოიწვევეს ნიჰილიზმსა და გაღიზიანებას. დაანონსებით ყველაფერი შეიძლება დაანონსო, მაგრამ ამას რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს რეალობასთან.

„რაიმე არაორდინალური უნდა მოხდეს, რომ გაღვივდეს პროტესტი. თუ ასეთი ბერკეტი გააჩნია ოპოზიციას, მაშინ უნდა თქვან. სხვა შემთხვევაში არ გაამართლებს აღნიშნული სამოქმედო გეგმა.

„არ ვიცი ამით რას მიაღწევს „ნაცმოძრაობა". პოლარიზაცია ისედაც არის ქვეყანაში და მეტი გამძაფრება უკვე ნიშნავს სამოქალაქო ომს, რისი საშიშროებაც არ არსებობს ამ ეტაპზე, მაგრამ ვიცი, რომ ვერ მიაღწევენ ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×