ელზა პაპოშვილი
30.10.2022

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  დიდი ოპოზიციური გაერთიანება, სავარაუდოდ, არ შედგება. პოლიტიკური განაცხადი ამ ეტაპზე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს გაკეთებული და მათი უმრავლესობა ამ ეტაპზე 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ინდივიდუალურ რეჟიმში გეგმავს. არადა ახალი ოპოზიციური გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ, თუმცა ამ ეტაპზე მათი რიგებს არავინ შემატებია. სამეული კარს ყველა პოლიტიკური ძალისთვის ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ კოლეგა პარტიები პოზიციას დროულად ჩამოაყალიბებენ.

ოპოზიციის უმრავლესობისთვის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას შეთავაზება მიმზიდველი არ არის. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ამ და სხვა შესაძლო გაერთიანებებს უნდობლობას უცხადებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პრიორიტეტი საკუთარი პარტიის გაძლიერებაა უფროა, ნაწილს კი კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან წარსული გამოცდილება აფიქრებს. 

„ლელოს“ და „ნაციონალების“ პასუხი

ერთობის ჩამოყალიბების მზაობა ამ დროისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს, თუმცა ამ პარტიაში კოლეგა პოლიტიკურ ძალებს შეახსენებენ, რომ პატარა პარტიებისთვის მათთან თანამშრომლობას ზიანზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამიტომ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ, ოღონ საერთო სიასა და სხვა ტექნიკური საკითხებზე მათთან კომუნიკაცია აღარ ექნებათ. 

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალასთან - ენმ-სთან მომავალში რაიმე გაერთიანებას შეცდომას უწოდებს. პარტიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლო არჩევნების დროს გაერთიანება გამარჯვების ფორმულად მიაჩნდათ, ამ შესაძლებლობას ახლა სკეპტიკურად უყურებენ.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლოდ გაერთიანება პოლიტიკური ძალების ნაცვლად მმართველი პარტიის ინტერესს მოემსახურება. ლიდერის პოზიციას „ლელოს“ წევრებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას ახლა არა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ძალები, არამედ სხვა ალტერნატივა სჭირდება.  

ხელისუფლება სამი პოლიტიკური პარტიის  გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს 

„პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ სტრატეგიულ ამოცანას მიჰყვება, რომელიც თავის დროზე მათ დიდმა ბელადმა დაუსახა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი აღნიშნული სამი პარტიის შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვაზე.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ამ პარტიათა ლიდერების პოლიტიკური იმიჯის პოზიტიურისკენ შეცვლას არ ელის.

„გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმიტომ არ შედიოდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, უცნობი მოჭიდავეები დარაზმულები იყვნენ, რომ დარბაზში შევიდოდა თუ არა, მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. ადამიანი ამას რომ იტყვის, აქედან ორი აზრის გამოტანა შეიძლება - ან არაადეკვატურია, რადგან ჩვენთან ერთი მოჭიდავეა და არა თუ უცნობი, არამედ მთელი მსოფლიო იცნობს, ოლიმპიური ჩემპიონია, სერიოზული კაცია და მაღალი დონის პროფესიონალია. ე.ი. გიორგი ვაშაძე გონებრივად არაადეკვატურია. მეორე ვარიანტია ის, რომ ვინც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას არ იცნობს, შთაბეჭდილებას უქმნის, რომ აქ ჩვეულებრივი ამბავია ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. 

„ეს შარლატანობაა, რაც არ მგონია წარმატებული იყოს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისთვის. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც არცერთი სტრატეგიული გეგმა ან მოსაზრება არ წარუდგენია.

„ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზება გაუკეთა უგვანო საქციელს, თითქოსდა ოკუპანტის დასამცირებლად. სინამდვილეში საკუთარი თავი წარმოაჩინა, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რომელიც მას გააჩნია. მოუწოდებს ახალგაზრდებს გარყვნილებისაკენ და აქედან ფულის შოვნის შესაძლებლობისკენ.

„რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, დღემდე რუსეთის წინააღმდეგ რაღაც განცხადებებით გამოდის და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.

„თუ ეს სამი ადამიანი რაიმე სიკეთეს ჩამოაყალიბებს კონკრეტული პროგრამის სახით, რასაკვირველია, საზოგადოებამ უნდა მოიწონოს და ისეთი დაბალი რეიტინგი არ უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს გააჩნიათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

რატომ გადაიფიქრეს პარტიებმა დიდი ოპოზიციური გაერთიანება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება არაფრის მომცემი იქნება, რადგან მსგავსი გაერთიანებები 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უკვე ვიხილეთ და ამან რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოიტანა. პირიქით, „ნაციოანლური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებულმა პატარა პარტიებმა ის რეიტინგიც დაკარგეს, რაც მანამდე ჰქონდათ. ოპოზიციურად გაწყობილმა ამომრჩეველმა ისინი დამოუკიდებელ პარტიებად ვერ აღიქვეს. ამიტომ მსგავსის განმეორება  პოლიტიკური უვიცობაა, რომელიც ისევ ოპოზიციას დააზიანებს. 

ძაბირაძის აზრით, უმჯობესია პატარა პარტიებმა კოალიცია თავად შექმნან და ენმ-ისგან დისტანცირდნენ.

„ქართულ პოლიტიკაში რეალობა ისევ ასეთია, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამათ ორივეს 5%-იანი ბარიერის დაძლევის არანაირი  პრობლემა არ აქვთ. დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს კი ამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. აქ ვგულისხმობ 2024 წლის არჩევნებს და არც მაქვს იმის ილუზია, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ამიტომ გასაგებია, რომ ეს წვრილი პოლიტიკური ძალები რაღაცნაირად უნდა გადაჯგუფდნენ. 

„ამასთანავე, თუ ელექტორატს შევხედავთ, ამომრჩეველიც სამ ჯგუფად არის გაყოფილი. „ნაციონალურ მოძრაობას“, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, თავისი ამომრჩეველი ჰყავს. „ოცნებასაც“ თავისი მხარდამჭერები ჰყავს და არის მესამე ჯგუფი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ანუ, პატარა პარტიების სამოქმედო არეალი და  ასპარეზზი არის არა ის, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველი წაართვას, არამედ ამ მესამე სეგმენტზე იმუშაოს. 

„სახელისუფლებო მხარდამჭერი ვინც წასასვლელი იყო წავიდა. ახლა ამ პატარა პარტიების მიზანია, რომ ეს ადამიანები არც ენმ-ისკენ დაბრუნდნენ და არც „ოცნებისკენ“. თუ ამ 10-წლიან პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როდესაც ერთი-ერთზე ნაციონალები და ოცნება ერთმანეთთან რჩებიან, ჩვენი მოსახლეობა არჩევანს ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს. ამდენი წელია ეს ვერ შეიგნეს. ის მესამე ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი  უნდა და არც მეორე, არჩევანს ისევ „ოცნებაზე“ აკეთებს. 60% მაინც კვლავ ხელისუფლებისკენ იხრება. თუ 2024 წლისთვის  იგივე ვითარება დარჩება და პატარა პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, მანდატები უფრო ბევრი ენმ-ს და „ოცნებას“ შეხვდება. „ოცნება“ უფრო მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მოჯადოვებული წრიდან  გამოსავალი ის არის, რომ  ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნას, რომლებიც კონკრეტულად ამ მესამე ამომრჩეველზე იმუშავებენ. შესაბამისად, პატარა პარტიებმა, რომ ერთიანი ნაბიჯების ჩამოყალიბება დაიწყონ, სწორი ნაბიჯია. თუმცა თუ საუბარი დიდ გაერთიანებაზე, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პარტია  ამომრჩეველს თავადაც დაკარგავს და ხალხს ისევ „ოცნებისკენ“ გარეკავენ.      

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ წლებია ოპოზიციამ გაერთიანება და ერთიანი ძალით ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევა არა ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ პატარა პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გამო რეიტინგი საერთოდ დაუვარდათ. ლოგიკურია, რომ თავის გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ იმდენად დაბალი რეიტინგი აქვთ, რომ პატარა პარტიებს ერთად კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. აბაშიძის თქმით, ამას „ნაციონალები“ მიხვდნენ და პატარა პარტიების კიდევ აკიდებას აღარ აპირებენ. 

„წლებიაამ დესტრუქციული პარტიის წარმომადგენლებს საერთო სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ სოციალურ ქსელში თუ ბევრი გამოხმაურება აქვთ, ეს ავტომატურად ელექტორატის განწყობებზე აისახება. ერთგვარად კუთხეში არიან მიმწყვდეული და სასოწარკვეთილება აქვთ დაუფლებული. ხედავენ, რომ ვერაფერს აკეთებენ. 

„სწორედ ამ სუბიექტების - ვაშაძის, ჯაფარიძის და ხოშტარიას  დამსახურებაა, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდა. ე.წ. ცნობილი სანქციების სიაზე სწორედ ამათმა იმუშავეს. ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე მუდმივად უკრაინის მაღალჩინოსნებთან მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო-უკრაინის  ურთიერთობა დააზიანონ. ეს სასოწარკვეთილი სუბიექტები ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს ქვეყანას ჩირქი მოსცხონ. მავნებლობის გარდა სხვა არაფერს აკეთებენ. მათი ფუნქცია მხოლოდ ისაა, საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ მაქსიმალურად დააზიანონ.

„ნაციონალებს“ ახლა საკუთარი პორბლემებიც თავზე სყარელად აქვთ.ამიტომ დამატებით ამ პატარა პარტიების აკიდება აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ასეთი ე.წ. დიდი ოპოზიციური გაერთიანებები არ ამართლებს. მსგავსი გაერთიანება არაერთხელ ვნახეთ, რომელმაც არც არაფერი მოიტანა. პირიქით, პატარა პარტიები დააზიანა და მათი რეიტინგი სადამდეც არის დაშვებული ვხედავთ. 

„სავარაუდოდ, ახლა ყველა ცდილობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის  თავი გაიდაირჩინონ და 5%-იანი ბარიერი გადალახონ. მათი ინტერესი სხვა არაფერია. ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. მეორეს მხრივ კი „ლელომ“ დაინახა, რომ ენმ-სთან თანამშრომლობამ ზიანის მეტი არაფერი მოუტანა. ამიტომ მსგავს შეცდომას კიდევ ხომ არ დაუშვებენ“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×