თამთა ჩაჩანიძე
03.11.2022

კრემლი მსოლფლიოს კვლავ ბირთვული იარაღით აშანტაჟებს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითულობთ, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით მიტანილი იერიშის საპასუხოდ გამოიყენებს, ან თუ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი, კონვენციური იარაღი, რომლით თავდასხმაც მათი სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ პუტინი რუსეთის ხელისუფლების ბერკეტს დაკარგავს და ქვეყნის შიგნით საფრთხე დაემუქრება, იმისი ალბათობა მაღალია, რომ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუმცა ახლა ჯერჯერობით ეს პრობლემა არა აქვს და ბირთვული დაშინება-დაშანტაჟების პოლიტიკას აგრძელებს.

„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკის განხორციელებისას რუსეთი ზედმიწევნით ხელმძღვანელობს იმ პოსტულატებით, რომლებიც ბირთვული ომის თავიდან არიდებას გულისხმობს. რუსეთის დოქტრინა ამ სფეროში მკაცრად არის გაწერილი და მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. რეაგირება ბირთვული იარაღის გამოყენებით ჰიპოთეტურად დასაშვებია რუსეთისთვის მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისას, ან ისეთი ტიპის აგრესიისას, რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებისას ხორციელდება, როდესაც საფრთხე თავად სახელმწიფოს არსებობას ექმნება," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა პუტინი მსოფლიოს უბრალოდ აშანტაჟებს, თუმცა თუ საფრთხე თავად დაემუქრა, ყველაფერზე წამსვლელია.

„აქ ერთი ნიუანსია, არსებობს არაბირთვული სტრატეგიული დანიშნულების დამრტყმელი შეიარაღება, რუსეთი ამას გულისხმობს. ეს ისეთი ტიპის შეიარაღებაა, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინები და ბირთვული ბომბები გადაიტანოს. საუბარია, რომ ისინი უკვე მსხვილკალიბრიან საარტილერიო ზალპურ სისტემებს გამოიყენებენ, რომელთა კალიბრი 203 მმ-ს აღემატება. გამოიყენებენ ბირთული ტრიადის სტრატეგიულ დამრტყმელ თვითმფრინავებს, როგორებიცაა ტუ-95, ტუ-160 და ა.შ. ასევე მათ სუ-57-სა და სუ-75-ს, რომლებიც ხუთი პლიუსის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების კლასად ითვლება და ბირთვული ქობინებისა და სარაკეტო კომპლექსების გადატანა შეუძლიათ.

„თუმცაღა პუტინს არ ვიცი, თავში რა მოუვა და შეიძლება სუბტაქტიკური და ტაქტიკური იარაღის კომპონენტებიც გამოიყენოს - თუ ის ხელისუფლების ბერკეტებს დაკარგავს და შიდა-პოლიტიკური საფრთხე და პრობლემები შეექმნება, ამის გამო არჩევანის წინაშე დადგება და ამ შემთხევაში პუტინის მიერ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მაღალია, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთში ასეთი რაღაცა არ შეინიშნება, ამიტომ ახლა პუტინი უბრალოდ ბირთვული დაშინების პოლიტიკას ატარებს", -განაცხადა მაისაიამ.

ამავეს ფიქრობს „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრითაც ესაა დაშანტაჟების მცდელობა.

„ერთის მხრივ, ეს საერთაშორისო საზოგადოების დაშანტაჟების მცდელობაა, რუსეთი ფიქრობს, რომ ამით დასავლეთს და უკრაინას აიძულებს, რომ გარკვეულ მოლაპარაკებებზე წავიდეს, სადაც რუსეთი იტყვის, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს თუ დასავლეთი „რეფერენდუმების" შედეგებს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს.

„კონვენციურ იაღზე საუბარი, ესაა მინიშნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ოლქებზე შეტევა არ გაბედონ, რუსეთი უკვე თვლის, რომ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების მერე, ეს მათი ტერიტორიაა და ახლა რუსები უკრაინის ჯარების შეტევას აღიქვამენ თითქოს თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე.

„ტაქტიკური იარაღის ფარგლებში, რუსეთი დაახლოებით 2 ათასამდე მუხტს ფლობს. პუტინი უკვე ყველაფრის მკადრებელია და უკიდურეს შემთხვევაში თუ დაინახავს, რომ მარცხდება, ეს (ბირთვული იარაღის გამოყენება) მისი მხრიდან უკანასკნელი კუდის გაქნევა შეიძლება იყოს. ახლა კი იძულებულია ომი გააგრძელოს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუ უკრაინიდან ჯარები გაიყვანა და უკან დაიხია, ეს მისი ძალაუფლების დასასრულს ნიშნავს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×