თამთა ჩაჩანიძე
13.11.2022

ხერსონის გათავისუფლება უკვე შეფასდა უკრაინის როგორ დიდი სამხედრო, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფისოლოგიური გამარჯვება. ახლა კი სამხედრო ანალიტიკოსები იმაზე მსჯელობენ, თუ რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს ეს უკრაინის არმიას და როგორ განვითარდება მოვლენები. ძირითადად საუბარი ორ სცენარზე. ამის პარალელურად კი, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მასირებული შეტევა დაიწყეს, რითაც სურთ როგორმე გადაფარონ ხერსონის კატასტროფა.

დასავლელი და ქართველი ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ, რომ რუსული არმია არასაკმარისად არის აღჭურვილი და ზამთრის ომისთვის მზად არაა. ესაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსები მოლაპარაკებებს ითხოვენ. მათი აზრით, ფრონტზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს - მხარეებმა აიღონ ე.წ. ზამთრის პაუზა, ან უკრაინის შეიარაღებული ძალებმა სამხრეთისკენ განავითარონ იერიში - ჯერ მელიტოპოლისა და მარიუპოლის და შემდეგ ყირიმის მიმართულებით.

პირველი შესაძლო სცენარი - ზამთრის პაუზა

ამ სცენარის მიხედვით, ორივე მხარე სახმელეთო ოპერაციებისაგან თავს მაქსიმალურად შეიკავებს და გაზაფხულის აქტიური საბრძოლო მოქმედებისათვის დააგროვებს ძალებს. ექსპერტთა აზრით, ეს პაუზა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს, რომლის დროსაც ორივე მხრიდან ძირითადად საჰაერო დარტყმები იქნება სხვადასხვა სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

როგორც პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა, წვიმა და თოვლი „ფართომასშტაბიან შეტევითი ოპერაციებს გაართულებს", ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში „ორივე მხარე საარტილერიო ცეცხლს გაცვლის". კალმა დასძინა, რომ „რუსები, როგორც ჩანს, აპირებენ, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გააგრძელონ რაკეტებითა და ირანული დრონებით".

ამ მოსაზრებას იზიარებენ ბრიტანელი ანალიტიკოსები „გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტიდან. მათი შეფასებით, რუსული ძალები, რომლებიც დემორალიზებული არიან და პოზიციებიც ცუდათ აქვთ მომზადებაული, ეცდებიან მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს. თუმცა, მათი შეფასებით, უკრაინამ უარი არ უნდა თქვას ზამთარში შეტევით ოპერაციებზე და მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პერიოდი, სანამ რუსები ახალი საბრძოლო დანაყოფების ფორმირებას და ბრძოლაში ჩართვას შეძლებენ, რათა გაამყაროს მიღწეული წარმატება.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთარი ძალების მოსაკრებად, ზოგადად, ორივე მხარეს დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეულ მიმართულებებზე შეტევები არ იქნება.

„ხერსონის აღება ფისოლოგიური, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. რუსეთს ეს ფაქტიურად სავაჭროდ ჰქონდა დატოვებული, რადგან ოდესა-ნიკოლაევისკენ შეტევის პოტენციალი აღარ ჰქონდა და ამის გარეშე ხერსონი მოწყვლადი იყო.

„მეორეს მხრივ, ეს უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რომ ყირიმს მიუახლოვდნენ, თუ მათ საშუალება ექნებათ, რომ „ჰაიმარსისთვის" 300-500 კმ-იანი რაკეტები მიიღონ, მაშინ შეძლებენ, რომ დარტყმები ყირიმში განახორციელონ. ამავე დროს მათ შეუძლიათ ამ მიმართულებიდან ზაპოროჟიეს გასათავისუფლელად ორი ოპერატიული მიმართულება შექმნან - დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი.

„ზამთარი, ზოგადად, ორივე მხარეს დადჭირდება. უკრაინასაც გარკვეული რეზერვების შეგროვება უნდა, რადგან ხერსონისთვის დიდი რესურსი დახარჯეს. ამის გარდა, ხერსონზე კონტროლის ოგანიზებაა საჭირო - გაწმენდა, დაკავება-გამაგრება. შესაბამისად, გარკვეული პაუზა გაუჩნდებათ.

„ზამთრის პირობები ვისთვის უფრო მომგებიანია? უკრაინელებს ზამთრის ბრძოლის 9-წლიანი გამოცდილება აქვთ, ეს კი რუსეთს არ გააჩნია. ზამთრის პერიოდს დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს - შენიღბვა უფრო ნაკლებად შეიძლება, მეტი ნისლიანი და ღრუბლიანი დღეებია, რაც დაზვერვას აძნელენს. გადაადგილების თვალსაზრისით 21-ე საუკუნეში მუხლუხიანი ტექნიკისთვის არ მგონია დიდი შეფერხებები იყოს. თუმცა გააჩნია მხარეები როგორი მომზადებულები შეხვდებიან.

„მაინც მგონია, რომ ორივე მხარე რაღაც გარკვეულ პაუზას აიღებს, რომ საგაზაფხულო კამპანიისთვის თავიათი რეზერვები მოამზადონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეულ მიმართულებებზე შეტაკებები არ იქნება. ჯერჯერობით რუსები დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტისკენ უტევენ, უკრაინელები კი ლუგანსკის ოლქის გათავისუფლებას აგრძელებენ", - განაცხადა კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მასიაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთრის პაუზა რუსეთს უფრო აწყობს.

„ზამთრის პაუზა რუსეთისთვის უფრო მისაღებია, რადგან ისინი სტრატეგიული რეზერვების გადათამაშებას შეძლებენ. ეს პაუზა რუსების სარდლობას ასევე შესაძლებლობას მისცემს, რომ ახალი ტიპის შენაერთები ჩამოაყალიბოს და ფრონტზე გადაისროლოს. პაუზა წყალს რუსების წისქვილზე ასხამს", - განაცხადა მაისაიამ.

მეორე შესაძლო სცენარი - შეტევა ყირიმისკენ

ევროპაში აშშ-ის გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი კი ვარაუდობს, რომ უკრაინელების შეტევის მთავარი მიმართულება სამხრეთისკენ გადაინაცვლებს და ისინი უკვე ამ ზამთარში მიადგებიან ყირიმს.

„მალე ხერსონში „ჰაიმარსები" ამუშავებდა, ყირიმის მისადგომები კი მათი მისი წვდომის არეალშია. ეს დაასუსტებს რუსეთის თავდაცვას. ამ დროს უკრაინული შეტევის „მარცხენა ფრთა" იანვრისთვის გაათავისუფლებს ოკუპირებულ მელიტოპოლსა და მარიუპოლს. შემდეგ დაიწყება კამპანიის გადამწყვეტი ფაზა - ყირიმის გათავისუფლება", - წერს ჰოჯესი სოციალურ ქსელში.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ შეტევა ყირიმის მიმართულებით ჯერ ისე მარტივი არაა და შესაძლოა უკრაინულმა ძალებმა ჯერ მარიოუპოლი-მელიტოპოლის მხარეს აიღონ გეზი.

„ყირიმის მიმართულებაზე უკრაინელებმა დნეპრი უნდა გადალახონ, რომლის სიგანე 200-დან 400 მეტრამდეა. ეს ასე მარტივი არაა, რადგან კახოვკის ხიდზე უნდა გადავიდნენ, რომ ყირიმზე შტევა დაიწყონ და ეს რუსებმაც იციან. ყირიმამდე კიდევ ასი კილომეტრია. ასე რომ, ეს ასე მარტივი არაა.

„რაც შეეხება მელიტოპოლს და მარიუპოლს, ეს უფრო რეალურად მესახება, მით უმეტეს, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირს უკრაინელები აკონტროლებენ. ეს შესაძლებელია, მაგრამ მარიუპოლზე შეტევა ფართომასშტაბიან ოპერატიულ კონტრდარტყმას არ ნიშნავს, ეს გარკვეული ცალკეული მიმართულება იქნება", - განაცხადა გენერალმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასაც ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებიულმა ძალებმა ახლა ყირიმისკენ დაიწყონ შეტევა.

„ხერსონის აღება გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა შეტევა თუნდაც იგივე ანექსირებული ყირიმისა და მარიუპოლის მიმართულებით განავითარონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა მარიუპოლი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლევს საშუალებას, რომ უკრაინამ აზოვის ზღვაზე გასასვლელი დაიბრუნოს.

„მარიუპოლი დონეცკის ოლქის სიდიდით მერე მეორე ქალაქია და ბუნებრივია, საპორტო-სამრეწველო ქალაქის დაბრუნება ომის მსვლელობაში სერიოზულ გარდატეხას შეიტანს. ამით უკრაინელები ყირიმში რუსული ძალების ბლოკირებას შეძლებენ, ხოლო შავი ზღვის ფლოტს დარტყმის ქვეშ მოაქცევენ და მოქმედებას შეუზღუდავენ.

„მეორე მომენტია, რომ უკრაინელები ახალი, სავარაუდოდ, კახოვკის გათავისუფლების ოპერაციას დაიწყებენ. აქ ჰეს-ი და დამბაა, რომელიც საკვანძო ლოკაციაა მისი აღების მერე შესაძლოა მარიუპოლის მიმართულებით გზა გაიხსნას, რაც უკვე დონეცკის ოლქში რუსეთის ძალების მოქმედებებს შეზღუდავს.

„მთავარი ახლა უკრაინელებისათვის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სარაკეტო-საარტილერო წერტილების დახშობაა, რათა, თუ საშუალება მიეცემათ, დნეპრი გადალახონ და მარცხენა სანაპირო დაიკავონ და მთლიანად ოლქი გაათავისუფლონ. ნაკლებ სავარაუდო მგონია, რომ უკრაინელებმა ახლა ყირიმის მიმართულებით შეტევა განაგრძონ, ალბათ უფრო იქნება მელიტოპოლი, ნოვაია კახოვკა და მარიუპოლი", - განაცხადა მაისაიამ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კვირა დილით, 13 ნოემბერს, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მთავარი მოედნიდან რუსეთის დროშა გაქრა. ადგილობრივი გამოცემის „რია მელიტოპოლის" ცნობით, საოკუპაციო ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს „დროებითია". თუმცაღა აღსანიშნავია, რომ ხერსონის ჩაბარებამდე ერთი კვირით ადრე ქალაქის ადმინისტრაციის შენობიდან რუსული დროშა ზუსტად ასე გაქრა.

„ჯოჯოხეთი" დონბასში

კვირას უკრაინის ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ვითარება უკიდურესად რთულია. ფრონტის ამ მონაკვეთზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იქ „ნამდვილი ჯოჯოხეთია".

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რუსებს ახლა „პატარა გამარჯვება" უნდათ და ალბათ ამას ბახმუტის მიმართულებაზე შეეცდებიან.

„რუსები ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე დიდი ხანია უტევენ, მათ გარკვეული რეაბიოლიტაცია უნდათ. კრამატორსკი-სლავიანკის მიმართულებაზე უკრაინელების გამაგრებული რაიონია. რუსები ამ რაიონს თუ აიღებდნენ, ჩაითვლებოდა, რომ მთლიანად დონბასი მათი იქნებოდა. ამიტომაც ისინი უტევენ, თუმცა წინ ძალიან ნელა მიდიან, დღეში სადღაც 200-300 მეტრი. იქ „ვაგნერი" და რუსების ყველაზე საუკეთესო დანაყოფები იბრძვიან, დიდი ალბათობით ხერსონიდან გამოყვანილი ძალებით ამ მიმართულებას გააძლიერებენ. მათ რაღაც პატარა გამარჯვება დასჭირდებათ და ამას ალბათ ბახმუტის მიმართულებაზე შეეცდებიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ამავეს ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიაც.

„დონეცკის მიმართულება რუსებისთვის მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ თუ შეძლეს და უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი გაარღვიეს, სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით გავიდნენ და მთლიანად დაიკავეს, მაშინ უკრაინელებს სირთულეები შეექმნებათ. უკრაინელები ყველანაირად ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქი დაიცვან და დაცვის ხაზის გარღვევა არ დაუშვან", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×