თამთა ჩაჩანიძე
14.11.2022

15-16 ნოემბერს „დიდი ოცეულის" სამიტია დაგეგმილი, მანამდე ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ბოლო პერიოდში ტაივანის გარშემო არსებული ვითარების გამო გამწვავდა, სადაც სამხედრო ესკალაციის საშიშროება წარმოიშვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ლიდერები პასუხისმგებლობას იზიარებენ და აცხადებენ, რომ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ აშშ-სა და ჩინეთს კონკურენციის კონფლიქტად გადაქცევის თავიდან აცილება შეუძლიათ.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პრეზიდენტებმა ჯერ პოზიციები მოსინჯეს, შესაძლოა ტაივანთან არსებული სიტუაცია ახლა შედარებით განიმუხტოს, თუმცა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხისტი მომლაპარაკებელია და რეალურად არაფერს არ დათმობს.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის" სამიტი სამშაბათს იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება. მის ნაცვლად რუსულ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

რა თქვეს სამიტის წინ აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებელია, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა აჩვენონ, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლიათ.

„როგორც ჩვენი ქვეყნების ლიდერები, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, ვაჩვენოთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ უთანხმოება, თავიდან აიცილონ კონკურენციის კონფლიქტში გადაქცევა და იპოვონ ერთად მუშაობის გზები გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, რაც მოითხოვს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას", - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებებსა და სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას აშშ-სა და ჩინეთისგან ელის.

ეს ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, მსოფლიო მოელის, რომ აშშ და ჩინეთი ურთიერთობას სათანადოდ დაარეგულირებენ და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა საჭირო.

„ჩვენმა შეხვედრამ მიიპყრო მსოფლიო ყურადღება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან, რათა დამყარდეს მსოფლიო მშვიდობა. შეხვედრაზე საჭიროა ჩვენს შორის მოსაზრებების გულწრფელი გაცვლა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას", - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სწორი კურსის დასახვა.

„ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვკონტაქტობთ, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას და დღეს ჩვენ გვაქვს ეს პირისპირ შეხვედრა.

„როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობისთვის. უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის ", - აღნიშნა სი ძინპინმა.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, შესაძლოა პრეზიდენტებს შორის საუბარმა და შეხვედრამ ტაივანის გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარება განმუხტოს, თუმცა, ძინპინი ხისტი მომლაპარაკებელია და იმედების დამყარება არ ღირს.

„აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის კარგი ურთიერთობა არაა და არა მგონია, რომ ეს შეხვედრა და საუბრები ნაყოფიერი აღმოჩნდეს. უბრალოდ, ის მომენტია, რომ შესაძლოა ახლა ტაივანთან არსებული სიტუაცია შედარებით განიმუხტოს.

„განცხადების მიუხედავად, სი ძინპინის ხელისუფლება საკმაოდ მკაცრია და აშშ-ს წინაშე მის ინტერესებს მედგრად დაიცავს. ის საკმაოდ ხისტი მომლაპარაკებელია და მგონია, რომ აშშ-სთან არაფერს დათმობს. ერთი ჰუ ძინტაუს ლიბერალური დაჯგუფება იყო, რომელსაც აშშ-სთან დათმობითი პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ, ძინპინი საკმაოდ მკაცრი იქნება. ამ შეხვედრასთან დაავშირებით რაიმე სერიოზული იმედები ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ მხარეები რაიმეს დაძლევენ.

„რუსეთს რა თქმა უნდა ტაივანის კონფლიქტის გაღვივება აწყობს, ასეთ შეთხვევაში ძალთა ბალანსის ვარიანტში მხარს ჩინეთს დაუჭერს. თან შესაძლოა ფიქრობდეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტაივანში კონფლიქტი გაღვივდა, აშშ ამაზე გადაერთვება და უკრაინისკენ ყურადღებას მოადუნებს, ან სამხედრო დახმარებას შეუსუსტებს.

„დიდი ოცეულის" სამიტზე აშშ-მ და ჩინეთმა რამეს რომ მიაღწიონ, მეეჭვება, უბრალოდ პოზიციები მოსინჯეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

„დიდი ოცეულის" სამიტი და რუსეთი

ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად ლიდრები უკვე იკრიბებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტისთვის ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული უარყო და ინფორმაციას „სიყალბის მწვერვალი" უწოდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები აპირებენ „დიდი ოცეულის" წევრებს მიმართონ თხოვნით, რომ რუსეთი ჯგუფიდან გარიცხონ. შესაბამისი მიმართვის პროექტი რადის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომლის ავტორი დეპუტატთა ჯგუფი, მათ შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკია.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ლავროვი თუ მართლა ჰოსპიტალიზებულია, არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი მანევრი იყოს სამიტისგან თავის ასარიდებლად, რადგან მაისაიას ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ „ოცეულმა" რუსეთისთვის მკაცრი რეზოლუცია მიიღოს.

„ლავროვი მანამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეან) სამიტზე და კარგად იყო და თუ მაინცდამაინც ბალიში გაუხდა გული ცუდად, ეს არ ვიცი. მგონია, რომ ესეც დიპლომატიური მანევრია, რომ რუსეთი არანაირი სახით წარმოდგენილი არ ყოფილიყო, რადგან როგორც მე ვიცი „ოცეულის" სამიტზე საკმაოდ რთული რეზოლუცია უნდა მიიღონ.

„მართალია მასპინძელი ინდონეზიის მხარე ცდილობდა, რომ შერბილებინა და რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ვიცი რეზოლუცია საკმაოდ მძიმე იქნება, შინაარსობრივად ზუსტად არ ვიცი როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით უკრაინის ომის გამო რუსეთს მწვავე კრიტიკა და გაკიცხვა ელის.

„თუ რუსეთი იქ იჯდება და ამ დროს ასეთი რეზოლუცა მიიღეს, მხარი რომც არ დაეჭირა, მაინც ვერ უშველიდა და მისთვის ცუდი ჟესტი იქნებოდა. „დიდი ოცეული" მაინც სერიოზული გაერთიანებაა და ეს მოსკოვისთვის კიდევ ერთი დიპლომატიური წაგება იქნებოდა. ჯერ პუტინი არ ჩავიდა, არც ონლაინ არ ჩაერთვება, საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ეს დიპლომატიური ტრიუკი გააკეთა",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

კუნძულ ბალიზეა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, გასამართი სამიტის მთავარი თემა იქნება „აღვდგეთ ერთად, ვიყოთ უფრო ძლიერი".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×