ნაზი ბერიძე
28.12.2023

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დღევანდელი გადასახედიდან, მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა - „ქართულ ოცნებასა" და ენმ-ს. კიდევ რამდენიმე პარტია 5%-ის ზღვარზეა წინასწარ მათ პერსპექტივაზე საუბარი რთულია. თუმცა, ხმების პროცენტული განაწილების ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დიდი მნიშნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვინ დაიკავებს არჩევნებზე მესამე ადგილს. ვის აქვს ამის ყველაზე მეტი შანსი?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მესამე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა რეალურად პოლიტიკურ პროცესებზე მნიშნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და ეს შესაძლოა მხოლოდ პრესტიჟის საკითხი იყოს. თუმცა, არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა და შესაძლლოა ეს მოცემულობა შეიცვალოს.

რაც შეეხება პოტენციურ მესამე ადგილოსნებს, ასეთი მაჩვენებლის მიღწევისათვის შედარებით უკეთესი სასტარტო პირობები სამ პოლიტიკურ ძალას აქვს - მამუკა ხაზარაძის „ლელოს", ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" და ენმ-დან წამოსულ ნიკა მელიას, რომელიც საკუთარ პარტიას მქნის და არჩევნებისთვის ემზადება.

რაც შეეხება ამ პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლო ალიანსებს, ხაზარაძემ ამ დღეებში ღიად გამოთქვა მელიას გუნდთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა, მოჰყვება თუ არა ამას შემხვედრი ნაბიჯები, ჯერჯერობთ გაურკვეველია.

ნაკლებად სავარაუდოა გახარია-მელიას ალიანსიც მათ მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიციების გამო. ხოლო „ლელოსა" და „საქართველოსთვის"-ის თანამშრომლობა, მათი ლიდერების რთული და კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულების გამო, კიდევ უფრო არარეალისტური ჩანს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სამივე ეს პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს ე.წ. მესამე ძალად წარმოჩინდეს და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს, რომელთათვისაც არც მმართველი პარტიაა მისარები და არც „ნაციონალური მოძრაობა".

აქვს თუ არა მნიშნელობა მესამე ადგილს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მესამე ადგილზე გასული პარტია ვერ მიიღებს პარლამენტშ იმდენ ადგილს, რომ პოლიტიკურ პროცესზე გავლენა მოახდინოს.

„ვინ გავა მესამე ადგილზე, არ მგონია დიდი მნიშვნელობის იყოს. გავლენ 2 ან 3 ადამიანით და გადაწყვეტილებაზე ეს ხომ ვერ იმოქმედებს?! რაღაცას ხომ უნდა ეყრდნობოდეს ის ვერსია, რომ „ოცნებამ" ვერ მიიღოს უმრავლესობა...

„ამ მხრივ სოციოლოგიურ გამოკვლევებში არეული შედეგებია, მაგრამ, თუ არ ვცდები, 5%-იან ბარიერს გადააბიჯა გახარიას პარტიამ ერთ შემთხვევაში და ბარიერს უახლოვდება მამუკა ხაზარაძის „ლელო".

„ყველა მათგანი გამოდის იქიდან, რომ სოციოლოგია ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს „ოცნებასა" და „ნაციონალებს", დანარჩენები კი იკარგებიან. თუმცა წინ კიდევ ერთი წელია და შეიძლება ბევრი რამ მოხდეს", - განაცხადა „რეზონანსთან რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, შეძლებს თუ არა „ოცნება" უმრავლესობის მიღებას და არა იმას, თუ ვინ გავა მესამე ადგილზე.

„მესამე ადგილს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯამურად ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ხმების 50%-ზე მეტი მიიღონ. სხვაგვარად „ქართული ოცნება" უფრო მოგებული დარჩება, ვიდრე დანარჩენი პარტიები. მეორე - რა თქმა უნდა, დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას აქვს 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული.

„თუ ისე განაწილდა პროცენტები, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო 76 მანდატი, მაშინ „ოცნების" გარდა ორმა პარტიამ რომ გადალახოს 5%-იანი ზღვარი, „ქართული ოცნება" რა, უმრავლესობაში ვერ მოვა?!" - განაცხადა „რეზონანსთან"ვახტანგ ძაბირაძემ.

„ლელო"

პარტია „ლელოს" მთავარი წინასაარჩევნო სლოგანია „შუა უნდა შეიკრიბოს", თუმცა, რამდენად იმუშავებს ეს მოწოდება, ძნელი სათქმელია. ამასთან, პარტიამ უკვე საჯაროდ დააფიქსირა თავისი სიმპათიები ნიკა მელიას მომავალი პოლიტიკური ძალის მიმართ.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, „ლელოს", მისი დამფუძნებლის წრასულიდან გამომდინარე, არჩევნებზე მესამე ადგილის დაკავების შანსი ნაკლებად აქვს.

„თავისთავად „ლელოს" შანსები საკმაოდ დაბალია მარტივი მიზეზის გამო - მოსახლეობას უყვარს მამუკა ხაზარაძე, როგორც ბანკის მმართველი, როგორც ადამიანი, ვინც საბანკო ვალში მერე ბინები გამოითხოვა და ა.შ. დაუნდობელი ბანკირი იყო და ასეც უნდა იყოს - თუ ბანკირია, დაუნდობელი უნდა იყოს. მაგრამ მერე რომ გადაწყვიტა პოლიტიკოსობა, ძნელია ამის შეთავსება დაუნდობლობასთან და იმასთან, რომ ხალხს მის მიმართ სიმპათია ჰქონდეს", -განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პარტია „საქართველოსთვის"

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" შექმნის დღიდან პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც დისტანცირებულია როგორც ენმ-დან, ისე მმართველო პარტიისაგან. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის არჩევნებზე წარმატების მისაღწევად. თუმცა, გახარიას პარტიას მესამე ადგილზე გასვლის შედარებით უკეთესი შანსი აქვს.

„პარტიას „საქართველოსთვის" თავისი პრობლემები აქვთ. კერძოდ, ჰგონიათ, რომ თუ არც „ოცნება" იქნებიან და არც „ნაცები", ხალხი უკვე აღფრთოვანებული იქნება მათი არსებობით და ხმას მისცემენ. ესეც მატყუარა პრინციპია. უფრო მეტად ხალხი ხმას რის მიხედვით აძლეს, ესეც არ აქვთ შესწავლილი. როგორც თვითონ ფიქრობენ, მიიჩნევენ, რომ ხალხიც ასე ფიქრობს. მემგონი ეს პრინციპი არ არის სწორი. ამ პარტიმაც, როგორც სხვებმა, რაღაც უნდა დადოს -კრედო პრინციპი, რის გამოც ადამიანებმა შეიძლება მათ ხმა მისცენ", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

მელიას გუნდი

ენმ-დან წამოსვლის შემდეგ, ნიკა მელიამ ღიად დააანონსა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა. მისი თანაგუნდელი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრულდება, როდესაც საჯაროდ გამოცხადდება ახალი პარტიის სახელი, მის წვერთა ვინაობდა და სხვა დეტალები.

ამასთან, როგორც დოლიძემ „ლელოს" შეთავაზების კომენტირებისას „პალიტრანიუსს" განუცხადა, მათი პარტია დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და „სენსაციურ შედეგს" აჩვენებს.

რამაზ საყვარელიძე მელიას გუნდის პერსპექტივასაც სკეპტიკურად აფასებს და „რეზონანსთან" ამბობს, რომ მელიას „ნაციონალური მოძრაობის" აჩრდილი დასდევს. შესაბამისად, მათ მესამე ადგილზე გასვლი ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ.

„მელიას მემგონი ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, რადგან, ავად თუ კარგად, ის „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო, მათი ნაწილი იყო და არ უნდა ამ ხალხს ეს „ნაციონალური მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობის" აჩრდილი აქვს „ლელოსაც" და გარდა მევახშეობისა, ესეც არის ერთერთი მოტივი, რომ არ უნდათ „ლელო", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ წინასწარ იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გავა მესამე ადგილზე, საკმაოდ რთულია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა პარტიას პირველ რიგში ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

„როცა ჩამოყალიბდება მელია, მერე შეიძლება მასზე ლაპარაკი. გაფართოებას ფიქრობს „ლელო", მაგრამ ჯერ ხომ არ გაფართოებულა... თანაც, გარანტირებული არც „ლელოს" და არც გახარიას პარტიას 5%იანი ბარიერის გადალახვა არ აქვთ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×