თამთა ჩაჩანიძე
06.01.2024

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გასული წლის ბოლო დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სომხური დიასპორისა სხვა ეთნიკური ჯგუფების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება „ბიუჯეტიდან" მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი ახალშობილებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების დაწესებას. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრიმინაცია აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გაამწვავებს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ „დემოგრაფიის განვითარების" მიზნობრივ უწყებათაშორის პროგრამაში 29 დეკემბერს შეიტანა ცვლილება, რომელიც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს შემდეგს: პირველ, მეორე და მესამე შვილის დაბადებისას ოჯახი „ხელისუფლებისგან" საჩუქრად იღებს 100 ათას რუბლს (დაახლოებით 3 ათასი ლარი), მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე კი - 200 ათას რუბლს (დაახლოებით 6 ათასი ლარი). უკმაყოფილება კი იმან გამოიწვია, რომ ეს მხოლოდ აფხაზურ ოჯახებს ეხება.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისგან ამ ფაქტის გამო დიდი უკმაყოფილება ნამდვილად არის, თუმცა სერიოზული დაპირისპირების ნიშნები ჯერჯერობით არაა და არც ამის მოლოდინია, რადგან მათ უკვე წლებია გათავისებული აქვთ, რომ „ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან".

ზაარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა კარგი მომენტია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს ინიციატივა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომავლობის ახალდაბადებული ბავშვი დააფინანსოს. ამას დიდი ფინანსური რესურსი არ დასჭირდება, სამაგიეროდ კი გამოჩნდება, როგორ სახელმწიფოს სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

როგორც გამოცემა „გოლოს აბხაზიი" („აფხაზეთის ხმა") წერს, ამან უკვე გამოიწვია „უკმაყოფილების ქარიშხალი" სოციალურ ქსელებში. „ტელეგრამ" არხებზე მწვავე დისკუსიაც მიდის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის აფხაზეთის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი აფხაზებსა და სომხებს შორის. წერენ, რომ მხოლოდ აფხაზი ახალშობილების დაფინანსება „ბიუჯეტიდან", რომელიც ყველა ეროვნების მოქალაქეების გადასახადებით ივსება, აშკარად დისკრიმინაციულია.

„რეზონანსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი ამ კანონს აფხაზეთში არსებული ეთნოკრატიის ლოგიკური შედეგია.

„ის, რომ აფხაზეთში ეთნოკრატიაა, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ უწერიათ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება მხოლოდ ეთნიკური აფხაზი იყოს და ვერასდროს ვერ გახდება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი. აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში არიან, ეთნიკური სომხების, ქართველებისა და რუსების ჯამი აფხაზების რაოდენობას ორჯერ აღემატება. თუმცა, ამის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტს რომ შევხედოთ, აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აფხაზები არიან და ეს ეთნოკრატიის მშვენიერი მაგალითია.

„ამ ფონზე ეს სიტუაცია მოსალოდნელინ იყო, რაც მსოფლიოს უფრო მეტად აჩვენებს, თუ როგორ საზოგადოებას სურს, რომ ისინი დამოუკიდებლად აღიარონ, რომელიც ასე მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნიკური სეგრეგაციის ნიშნებს ატარებს. მე ეს არ გამკვირვებია, ჩავთვალე, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, იქიდან გამომდინარე, რაც აფხაზეთში ხდება.

„აფხაზების შემდეგ ყველაზე უფრო აქტიური ეთნიკური ჯგუფი მაინც სომხები არიან. მათ გარკვეული განცხადებებიც გააკეთეს, რომ ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტიულებაა, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საზოგადოების ინტერესების კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს და საზოგადოების ფრაგმენტაციას ახდენს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

მისივე შეფასებით, ამის ფონზე რაიმე სახის შიდა დაძაბულობას ან ეთნიკურ კონფლიქტს არ უნდა ველოდოთ, რადგან აფხაზების გარდა სხვა ეთნიკურ ჯგუფებს უკვე წლებია გათავისებული აქვთ, რომ აფხაზეთში „ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან".

„საერთო განწყობა ასეთია - ყველამ იცის, რომ ეს ასეა. ამის გამო არ მგონია დაპირისპირება იყოს, რადგან ყველამ იცის - ეთნიკურმა ქართველებმაც, ეთნიკურმა სომხებმაც და სხვებმაც - რომ ისინი აფხაზეთში მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ეს ფაქტი კი ამის მორიგი მტკიცებულებაა - აფხაზებმა ის კი არ გააკეთეს, რომ ვითარება დაბალანსებისა და თანასწორობისკენ შეეცვალათ, პირიქით, უთანასწორობა კიდევ მეტად გააღრმავეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თავად განახორციელოს მსგავსი პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის.

„აფხაზეთში ძალიან ცოტა ადამიანი იბადება, რაც თავისთავად პრობლემაა. ჩემი აზრით, ახლა კარგი მომენტია, საქართველოს უნდა შესწევდეს უნარი და რესურსები გამოაცხადოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ახალდაბადებულ ბავშვს აფინასებს. ამას დიდი ფინანსური დატვირთვა არ ექნება, სამაგიეროდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ ჯგუფებს ვაჩვენებთ თუ როგორ სახელმწიფოს ვთავაზობთ. ანუ ყოველ ადამიანს, რომელსაც ექნება აფხაზეთის პასპორტი და პლიუს მოიტანს მტკიცებულებას, რომ მას შვილი შეეძინა, საქართველო მათ გარკვეულ დახმარებას მისცემს - ამას თუ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებდა, კარგი იქნებოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×