ნაზი ბერიძე
07.01.2024

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი კი დღეს დაახლოებით 60%-მდეა. ანალიტიკოსები ასეთ ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებენ, ვინაიდან არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მსგავს შედეგებს არ აჩვენებს. თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელე „იმედთან" საუბარში აღნიშნავს, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, ხოლო ოპოზიცია წინასწარ მარცხისთვისაა განწირული და ამაში თავადაა დამნაშავე.

„2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა. მნიშვნელოვანი წელი იქნება, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მომავალ წელსაც ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.

ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით 60 პროცენტამდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს", - აღნიშნა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კობახიძის პროგნოზის რეალურობაზე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ეს მონაცემები შიდა პარტიული კვლევის შედეგებს ემყარება.

„პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და შემდეგ აიტაცეს ეს ციფრი. რამდენად რეალურია პროგნოზი - ამაზე პასუხის გაცემა ახლა რთულია. 60%, როგორც ჩანს, თავიანთი შიდა პარტიული კვლევების საფუძველზე დაადგინეს, იმიტომ, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში 60% „ქართულ ოცნებას" არსად არ აქვს. რეალობასთან არის თუ არა ახლოს ეს განცხადება, ამას ჩვენ დავინახავთ შემდეგ თვეებში", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეს „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს „ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 35%-ის და მმართველი პარტიის მხრიდან 60%-ზე საუბარი შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებასა და ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე მიანიშნებდეს.

„როდესაც წინასწარ აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტია 60%-ს მიიღებს, აქ ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. აქედან გამომდინარე, ამ რესურსის გამოყენების მეშვეობით მიიღებს 60%-ს. აქ ჩანს, რომ სახელისუფლებო პარტია აპირებს ჩაერიოს საარჩევნო პროცესში, როგორც ამას ადრე ახორციელებდა, საარჩევნო პროცესში ჩარევას.

„მეორე მხრივ, რეალობა ის არის, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს არ გააჩნია 60%-იანი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, „ქართული ოცნების" რეიტინგი არის დაახლოებით 35%, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, „ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×