ნაზი ბერიძე
03.02.2024

სამშაბათს, 6 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პირველივე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებაა დანიშნული. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება. მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ თუ არა გარკვეული სახის დემარშებს და ინციდენტებს?

აღსანიშნავია, რომ მომავალი კვირის პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც არის ასახული, რაც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში დემარშების და ექსცესების გარეშე ჩაივლის, რადგან ის თემები, რაც პრეზიდენტს აწუხებდა, ძირითადად მოგვარდა - ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ჩრდილიდან, მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. თუმცა ოპოზიციას მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი თავის სიტყვაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თემას წამოწევს წინ.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ალბათ შინაარსიანი და უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის გადადგამდა ყველაზე დიდ ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და მისი გათავისუფლება. დავესწრებით, მოვუსმენთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს და შეუძლია, გააკეთოს ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი, უკვე წლებია, პოლიტიკური დევნის ობიექტია. ასევე, ის არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ობიექტი", - განაცხადა ენმ-ის წევრმა დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" პრეზიდენტის გამოსვლისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდება.

„ჩვეულებრივი ამბავია. გამოვა პრეზიდენტი, წაიკითხავს თავის მოხსენებას, უმრავლესობა არ მოიწონებს, ასევე ოპოზიციიდან ვიღაც დაეთანხმება, ვიღაცა გაჩუმდება. რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არც მოხსენებიდან და არც მთავრობის დამტკიცებიდან ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ადასტურებს რომ პრეზიდენტის უკანასკნელი გამოსვლა პარლამენტში ინცინდენტების გარეშე ჩაივლის.

„არ მგონია, რომ მაინც და მაინც ახლა იყოს მოსალოდნელი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ინცინდენტები და დემარშები. საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც პრეზიდენტის ერთერთი მიზანი იყო. მმართველ გუნდთან მისი კონფლიქტები ხშირად სწორედ ამ საკითხით იყო განპირობებული. ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა და არაფორმალური მმართველობის საკითხზედაც ვერ გაამახვილებს ყურადღებას, როგორც პრეზიდენტი და ამდენად სასაყვედუროც ნაკლები იქნება. შეიძლება თემად წამოტივტივდეს - აი, მომავალში ევროკავშირის წევრობას მოვახერხებთ თუ არა.

„უმრავლესობამ შეიძლება არც არაფერი თქვას და უბრალოდ სიტყვის წარმოთქმის დროს დარბაზიდან გასვლით, ან სხვა სახის ბოიკოტით შექმნას დისკომფორტი პრეზიდენტისთვის. კონსტიტუციაში წერია, რომ უნდა დაესწრონ, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი დასწრების თვალსაზრისით იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×