თამთა ჩაჩანიძე
11.03.2024

სამთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას კიდევ ერთი პარტია „ახალი" მიიღებს მონაწილეობას. მელია-გვარამიას ერთობა „გამარჯვების სანაცვლოდ, დიდი გაერთიანების მომხრეა" და პირობას დებს, რომ არანაირ წარსულზე არ იქნება საუბარი და მომავლისკენ იქნება ორიენტირებული.

რა შანსები აქვთ მელია-გვარამიას ერთობას - ამ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა - ნაწილი ამბობს, რომ „ახალს" პარსპექტივა აქვს, მათ შორის 5%-იანი ბარიერის გადალახვის, თუ შინაარსიანი და რეალურ პრობლემებზე გათვლილი წინასაარჩევნო კამპანია ექნება და კარგად იმუშავებენ. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი აცხადებს, რომ არჩევნებში 1%-საც ვერ აიღებს.

ჯერჯერობით რაც ამ დროისთვის ცნობილია, პარტია „ახალის" ლოგო მწვანე-ნარინჯისფერ ფერებშია წარმოდგენილი, არჩევნებში კი მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებს. ერთობის ხელმძღვანელი ვინ იქნება, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ის და მელია თანათავჯდომარეები იქნებიან. იქმნება პოლიტსაბჭო, „ახალის" ყრილობა მომავალ თვეს, აპრილში გაიმართება.

პარტიის პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა, როგორც „ნაცმოძრაობის" მხრიდან, ისე ხელისუფლებისგან. ენმ-ში „ახალს" იმ პარტიების ბედს უწინასწარმეტყველებენ, რომლებიც მანამდე გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას". მათი თქმით, „12 წლის განმავლობაში ენმ-ს კლონობა არავის გამოსვლია". „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ „ნაცი ნაცია".

რას აპირებს „ახალი"

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ პარტიის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ თანაპარტიელებთან კონსულტაციები სამი თვე მიმდინარეობდა.

"ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადია მათთვისაც, თუ რა იქნება გამოცხადებული, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, ბუნებრივია, მათ ეს მოლოდინი აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვიკარნახა, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ დრომდე იყო რთული გზა, რომელიც გამოვიარეთ. 3 თვე მიმდინარეობდა საუბრები, მოლაპარაკებები.

„ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ერთობა, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა ისედაც გვქონდა და გვექნებოდა, უბრალოდ, გამოვდიოდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი ორი გუნდის გაერთიანებას ექნებოდა ენერგია და ოქროს გასაღები მძიმე ფონის, ნიჰილიზმის გარღვევაში. დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა. დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელი არის. არ არის აუცილებელი ფული, რომ მანკიერება დაამარცხო. მჯერა, რომ ჩვენ ამის გვჯერა. მიხარია, რომ დღევანდელი დღე დადგა", - განაცხადა მელიამ.

მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთიანდეთ! მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიმ მისი და ნიკა მელაის პოლიტიკური გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გაერთიანების შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანა წინ, მომავლისკენ.

„ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთდიანდეთ!

„მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა [მელია] ამბობს, წინ, მომავლისკენ. არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე!"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ლოგო, რომელიც პრეზენტაციაზე წარმოადგინეს კარგად აჩვენებს, მისი და ნიკა მელიას გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4 რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების, ახალი ნომერი წარმატების, ახალი ნომერი უკან დახევაზე უარის, ახალი ნომერი კვალიფიციური შეთავაზებების, შინაარსზე ლაპარაკის, ახალი ნომერი, რომელიც მიდის წინ, მომავლისკენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გამოხმაურებები ენმ-დან და „ოცნებიდან"

მელია-გვარამიას გაერთიანებას ენმ-დან ერთ-ერთი პირველი ანა წითლიძე გამოეხმაურა, მან „ახალს" წარმატება უსურვა, თუმცა დასძინა, რომ 12 წლის განმავლობაში ენმ-ს კლონობა არავის გამოსვლია. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს.

"მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ამით ხმები დააკლდეს," - განაცხადა წითლიძემ.

„ნაცი" „ნაცია", კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა, ვერ წარმოიდგინეს, რომ "ნაცის" "განნაცება" არის ურთულესი ფსიქო მოვლენა. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ "ნაცი" "არანაცად" მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებაში ვითომ განდგომილ "ნაცებს" არ დაუშვებენ.

"მათი მიზანია "ნაცი" ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია - არც ერთი "ნაცი" ხელისუფლებაში. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის.

"აქედან, გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ. გამორიცხულია. საქართველოს მოქალაქეები ამას არ დაუშვებენ. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ "ნაცს"," - განაცხადა მდინარაძემ.

რა პერსპექტივა აქვს „ახალს"

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ახალს" პარსპექტივა აქვს, მათ შორის 5%-იანი ბარიერის გადალახვის, თუ შინაარსიანი და რეალურ პრობლემებზე გათვლილი წინასაარჩევნო კამპანია ექნება და კარგად იმუშავებენ.

„რაღაც პერსპექტივა აქვთ. თუ კორექტულად მოიქცევიან, ოპოზიციის ლანძღვას არ დაიწყებენ და თავიანთ პოზიციას მკაფიოდ დააფიქსირებენ თუ მათსა და ენმ-ს შორის რა განსხვავებაა, ეს კარგი იქნება. კარგად უნდა ჩანდეს თუ „ნაცმოძრაობიდან" რატომ წამოვიდნენ. უნდა აჩვენონ, რომ მათ რაღაც ღირებულებები აქვთ ისეთი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა, ან ვერ შეინარჩუნა და ა.შ.

„თუ კარგად იმუშავებენ თემატიკაზე და არა სხვების ლანძღვა-გინებაზე, მგონი, რომ რაღაც პერსპექტივები ექნებათ და შესაძლოა 5%-ზე ავიდნენ. გარკვეული თემები უნდა აიღონ - უმუშევრობა, სიღარიბე, კერძო საკუთრება და სხვები, რომლებიც ქვეყანაში უამრავია",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, „ახალი" რა ტიპის ამომრჩეველს წაიყვანს თავისკენ, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ძირითადად ენმ-ს ყოფილი ელექტორატია.

„ის მაინც „ნაციონალური" მოძრაობის გარშემო მოტრიალე ელექტორატს წაიყვანენ, რადგან ვისაც ენმ არ მოსწონს და საქართველოში ესეთი ბევრია, ისინი მათ ხმას აშკარად არ მისცემენ, ისინი ამათაც „ნაციონალურ მოძრაობად" ჩასთვლიან. თუ მათ ენმ კრიტიკას დააწევს, ამით გააძლიერებს და სჯობს არ გააკრიტიკოს.

„ნებისმიერ შემთხვევაში მათი ამომრჩეველი ის ხალხია, ვისაც ზოგადად ენმ-ს მოუღებლობა არ აქვს და შესაძლოა ამ ხალხისგან აიღოს რაღაც გარკვეული ხმები. შესაძლოა იმათაც მისცენ ხმა, ვინც ოდესღაც ენმ-ს აძლევდნენ ხმას. თუმცაღა შუაშისტი ელექტორატი მათი ამომრჩეველი არ იქნება, რადგან ისინი „ნაცმოძრაობის" ხალხს ვერ იტანენ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშეტრ გვენეტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მელია-გვარამიას ერთობას რეიტინგი 1%-ს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება.

„ქათამმა და მელიამ შექმნეს გაერთიანება და ეს მელიას მიერ ქათმის შეჭმით დამთავრდება. ეს არაფერი გაერთიანება არაა, ისინი 0,001%-ს აიღებენ, ეს მათი მთავარი მიღწევა იქნება, რადგან ისინი „ნაცმოძრაობის" ნარჩენები არიან, რომლებიც პოლიტიკურ სანაგვეში უნდა ჩაირეცხონ.

„ესაა უბადრუკთა მორიგი გაელვება, ანუ როგორც დიდი ეროსი მანჯგალაძე იტყოდა, შეხედეთ მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელიო, მაგრამ ყველაფერი დასრულებულია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×