რეზონანსი
14.03.2024

როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი და როგორ გადანაწილდება ხმები არჩევნებში, ამ საკითხებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა, რომელიც ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მელია, გვარამია და სააკაშვილი ერთად იქნებიან. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს.

„რეზონანსი": თქვენი კოლეგების ნაწილი ფიქრობს, რომ ენმ-ის ყოფილი წევრის ნიკა მელიას და მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პარტია „ახალს" 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი 1% -საც ვერ აიღებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა რეალური შანსი აქვს ამ პარტიას?

იგორ კვესელავა: მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს მელია-გვარამიას პარტია 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს, კატეგორიულად არ ვეთანხმები. 5% დაახლოებით 100 000 ხმაა, თუ კი ისინი აღნიშნულ ხმებს ვერ ააგროვებენ, მაშინ პოლიტიკაში რაღა უნდათ? დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, 5%-ს კი არა გაცილებით მეტს აიღებენ და ნიკა გვარამია დამკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში, რადგან მას გააზრებული აქვს როგორია პოლიტიკა და პრაქტიკული ცოდნა უფრო მეტი აქვს.

ეს გუნდი აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო, რადგან ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მოითხოვა. ასე რომ, მივესალმები ამ პარტიის შექმნის გადაწყვეტილებას. ქვეყანაში რაც მეტი ოპოზიციური პარტია იქნება, მით უკეთესი. პარტიის სახელი „ახალი" შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მათ დრო არ ჰქონდათ უკეთესის მოსაფიქრებლად და უცებ რაც გაახსენდათ, ეს იყო .

„რ": რომელ პარტიებს წაართმევს „ახალი" ხმებს? და საერთოდ როგორ გადანაწილდება ხმები?

ი.კ: „ნაციონალურმა მოძრაობამა" 20% მაინც უნდა აიღოს, მაგრამ ისინი დღეს თავისი იდეოლოგიური, დიპლომატიური და პოლიტიკური აზროვნებით მზად არ არიან ქვეყნის გადასარჩენად.

გახარიას პარტიას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ „ქართული ოცნების" ამომრჩევლები მისცემენ ხმას და არა „ნაციონალური მოძრაობის".

„ქართულ ოცნებას" სახელმწიფო დაწესებულებებიდან უკვე 7-8% ხმა აქვს, თუ მეტი არა.

„ლელოს" არ ვურჩევ ცალკე გამოსვლას. 5% რომც აიღონ, მაინც მოუწევთ პარლამენტში გაერთიანება. ასე რომ, სჯობს სხვა პარტიასთან გაერთიანდეს.

რაც შეეხება პარტია „ახალს", იგი ხმებს წაართმევს როგორც „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას", ასევე ისინი მიიზიდავენ ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს, რომელიც დაახლოებით 1 მილიონამდეა. ეს პარტიის წევრებიდან გამომდინარე მოხდება. მაგალითად გედევან ფოფხაძე ყოფილი „ქართული ოცნების" წევრია და მისი პარტიის ამომრჩევლები მისცემენ ხმას, ასევე „ ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არიან პარტიაში და მათი ამომრჩევლების ხმებიც ექნებათ.

„რ": შესაძლებელია თუ არა „ახალს" შეუერთდნენ ყოფილი „ნაციონალები", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა" და ა.შ.?

ი.კ: „ახალს" კიდევ ძალიან ბევრი შეუერთდება სხვადასხვა პარტიებიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან", რადგან გვარამიას აქვს ისეთი უპირატესობები, რაც ყველასთვის სასურველია. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვარამიას საკუთარი ტელევიზია გააჩნია. ამას რამხელა დადებითი მხარე აქვს, ამაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვარამია საკმაოდ ცნობილი სახეა, მას სერიოზული მხარდაჭერა აქვს როგორც დასავლეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა ძალიან განათლებული პიროვნებაა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში. ასე რომ, მას აუცილებლად ექნება დიდი დაფინანსება, ფული კი ბევრ რამეს წყვეტს.

„რ": როგორი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გვარამია-მელიას პარტიის მიმართ? დაუპირისპირდება მათ, მხარს დაუჭერს თუ ნეიტრალურად მიუდგება?

ი.კ: ვფიქრობ, იგი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. ჯერჯერობით დაელოდება სიტუაციის განვითრებას, დააკვირდება, როგორი სიძლიერის პარტიად ჩამოყალიბდება „ახალი" და მერე გადაწყვეტს, ვის მხარეს იყოს. სააკაშვილს სჭირდება გვარამია და მასაც სჭირდება სააკაშვილი. გამორიცხული არ არის, რომ გვარამია, მელია და სააკაშვილი ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ და სხვებიც შეემატონ. აი, ეს კი გაცილებით სერიოზული ძალა იქნება.

„რ": როგორი პოზიცია ექნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს? შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ან მისი მოთხოვნის საფუძველზე აღუდგენს მოქალაქეობას?

ი.კ: სალომე ზურაბიშვილიც გადავა რომელიღაცა პარტიაში, ცალკე ხომ ვერ შექმნის რამეს? მისი მხარდაჭერა ევროპის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით სად იქნება, მაგრამ სადმე რომ იქნება, ეს ვიცი. პირობითად, ზურაბიშვილს უთხრეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა, რომ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი და ზურაბიშვილიც დათანხმდა, თქვენი აზრით, გამოუშვებს ხელისუფლება? რა თქმა უნდა, არა! პრეზიდენტმა იცის ეს სიტუაცია და არ დგამს ამ ნაბიჯს, თუმცა თუ დასავლეთიდან მიიღებს დაკვეთას და შეატყობს, რომ სააკაშვილის შეწყალება გადაწყვეტს არჩევნების ბედს და ასევე იმას, რომ შემდგომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს კოალიციური, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ გამოუშვას.

ის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებამ გაანათვისუფლოს გამორიცხულია. დავუშვათ, შეიწყალეს იმ საკითხზე, რაზეც ახლა ზის, მაგრამ ახალი პროცესი ხომ მიმდინარეობს და არ დასრულებულა? ასე რომ, თუ გამოუშვა, ახალი საქმის გამოძიება დაიწყება და თავიდან შეაბრუნებენ ციხეში. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს.

რაც შეეხება მოქალაქეობას, სააკაშვილს ჯერჯერობით უკრაინის მოქალაქეობა სჭირდება, რადგან შემდეგ უკრაინა იურიდიულად ვეღარ მოითხოვს მის გათავისუფლებას. თუმცა თუ მან მოითხოვა, ზურაბიშვილი დათანხმდება.

„რ": იქნება თუ არა დაპირისპირება ოპოზიციაში? რა მოლოდინები უნდა გვქონდეს?

ი.კ: ოპოციზიურ პარტიებს შორის დაპირისპირება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რა დონემდე მივა. თუ პარტია „ახალი" გაძლიერდება, ოპოზიცია მას მკვეთრად დაუპირისპირდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა".

ავტორი: ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×