ლარი შეიძლება უფრო გამყარდეს, მაგრამ უძრავი ქონება გაძვირდება და ესკალაციის შანსიც გაიზრდება
ქეთო გოგოხია
26.09.2022

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის შემოდინება ქვეყნის  ეკონომიკას გარკვეულ სარგებელს მოუტანს, რადგან შემოდის კაპიტალი, რაც ამყარებს ლარს. თუმცა არსებობს გარკვეული რისკიც, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის გამო უძრავი ქონება კიდევ უფრო გაგვიძვირდება, ბევრი რუსი კი საქართველოში შეიძლება პოლიტიკური ესკალაციისთვის საბაბად იქცეს, რასაც სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს.

იქიდან გამომდინარე, რომ მიგრანტების ახალ ტალღას მოჰყვება რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების გარკვეული ნაწილიც, ეკონომისტები თვლიან, რომ კონტროლი გასაძლიერებელია და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსების შემოდინებამ ქვეყანას არ ავნოს. ასე ფიქრობს, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომლის შეფასებითაც, რუსებს შემოაქვთ გარკვეული კაპიტალიც, რითაც ან ბიზნესს იწყებენ, ან შეიძლება დასაქმდნენ და საქართველოს ეკონომიკა,ს როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალად გამოდგნენ.

,,რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, სარგებელთან ერთად, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. პირველ რიგში, ბევრი რუსი საქართველოში თეორიულად ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ რუსეთს შეიძლება მოუნდეს თავისი მოქალაქეების ,,დაცვა" საქართველოში, რაც ყველამ იცის, როგორ მთავრდება ხოლმე, აგრესორ ქვეყანას ამისთვის რაიმე განსაკუთრებული არგუმენტების მოშველიება არ დასჭირდება. არ ვფიქრობ, რადიკალურ დაპირისპირამდე  მივიდეს ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული საფრთხე იკვეთება. შეიძლება ეს არ იყოს უშუალოდ რუსეთის დაპირისპირება საქართველოსთან, მაგრამ  გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე დასჭირდეთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა,  რომელიც დამატებითი საბაბი აღმოჩნდეს შემდგომი ესკალაციისთვის.

გარდა სამხედრო  საფრთხისა, არის მორალური ფაქტორიც. როდესაც ჩვენ  გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში თვეების განმავლობაში გრძელდება ომი და ამ დროს რუსეთის მოქალაქეებს  არ სურთ რუსეთის ჯარში მსახური და ამიტომ  გამორბიან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ეს მორალურადაც არ არის გამართლებული. 

მიუხედავად ამისა, ყველაფერს დამატებით შეიძლება შევხედოთ პოზიტიური თვალსაზრისითაც, ეკონომიკურ განზომილებაში. როცა რუსები ჩამოდიან საქართველოში, მათ შემოაქვთ გარკვეული კაპიტალიც, რითაც ან ბიზნესს იწყებენ, ან შეიძლება დასაქმდნენ და საქართველოს ეკონომიკას,  როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალა, გამოადგნენ", - განაცხადა ჭარაიამ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია კონტროლის გაძლიერება, რაც საქართველოს გარკვეული რისკებისგან დაიცავს რუსეთთან დამოკიდებულებაში.

,,ჩვენ არ ვამოწმებთ ამ ადამიანების არც ფინანსურ შესაძლებლობებს, არც მათ კვალიფიკაციას, ამიტომ ბევრი რამ პირობითია. სხვა თანაბარ პირობებში, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა რომ არ ჰქონდეთ, ისინი ვერ ჩამოვიდოდნენ საქართველოში. შეიძლება გრძელვადიან ტურისტებად მოვიაზროთ და აქ ძალიან დიდ თანხას დატოვებენ, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაიმე სხვა ტიპის კონფორტაციაში.

ძალიან საფრთხილოა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში. უბრალოდ, კონტროლი უნდა გავაძლიეროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ქართველებიც ჩამოდიან საქართველოში და მათ არ უნდა შეექმნათ პრობლემა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ კონტროლის მექანიზმი საზოგადოებისთვის უფრო მკაფიოდ იყოს გამოხატული", - განაცხადა ჭარაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

როგორც ცნობილია, რუსი ნაკადების შემოდინებამ განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე იმოქმედა და ბინების, როგორც გაყიდვის, ასევე გაქირავების სეგმენტში ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია. უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტი, იურისტი უჩა ზაქაშვილი ფიქრობს, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და სამომავლოდ კიდევ უფრო მოიმატებს ფასი, რაც ადგილობრივ მომხმარებლებს დააზარალებს.

,,უძრავი ქონები ბაზარზე მოლოდინი ნეგატიურია და ჯერჯერობით ძალაში რჩება. რუსი მოქალაქეების პირველი  ნაკადის შემოდინებამ აპრილ-მაისში ქირის ფასის მასშტაბური ზრდა გამოიწვია, რამაც საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნა პრობლემა, განსაკუთრებით სტუდენტებს. ეს პრობლემა დღესაც მოგვყვება, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, რუსების ფაქტორის გამო კიდევ მეტად გაძვირდება ბინები, გადატვირთულია ბაზარი, არ არის საკმარისი ფართები, რაც გამოიწვევს მომავალში გაძვირების ტენდენციის შენარჩუნებას.

ერთადერთი სარგებელი, რაც შეიძლება რუსული ნაკადების ზრდამ გამოიწვიოს, ლარის კურსის გამყარებაა, ვინაიდან კაპიტალი შემოდის ქვეყანაში, მაგრამ ამ სიკეთის მიღმა ბევრი პრობლემაა, რაც დიდ დისკომფორტს გვიქმნის", - განაცხადა ზაქაშვილმა და დასძინა, რომ კვლავ რჩება პრობლემად ქირის საკითხი, რადგან მეიჯარეების ნაწილი არ იხდის გადასახადს და პრობლემას უქმნის ბინის მესაკუთრეებს, რის გამოც ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ამ შემთხვევაში, პოლიციური გამოსახლების დაშვება.

,,ცნობილი ფაქტია, რომ რუსი მოქალაქეები შედიან ქართველების ბინებში და არ იხდიან ქირის საფასურს. უკვე ბევრ ასეთ საქმეს განიხილავს სასამართლო და თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, შემთხვევები მასობრივ ხასიათს მიიღებს. რაც შეიძლება ამ დროს სახელმწიფომ გააკეთოს, პოლიციური გამოსახლების აღდგენაა. მგონია, რომ ძველი რეგულაციის დაბრუნების აუცილებლობა დადგება, რეალურად არის ამის საჭიროება ქვეყანაში. ის, რომ რუსების შემოდინება ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, ეს ფაქტორი რისკებს ვერ გადაწონის", - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბინის ქირა თბილისში, წლიურად, 79%-ით არის გაზრდილი, ბინის გასაყიდი ფასი კი - 27%-ით. 1 კვადრატულ მეტრზე ფასი 24.8 ლარით გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×