მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქს ვერ უშველის
თიკა სიბოშვილი
26.10.2022

ბოლო პერიოდში დედაქალაქში მოძრაობა საგრძნობლად გადატვირთული იყო, რის გამოც მრავალი პრობლემა შეიქმნა და ქალაქში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებდა არსებულ ვითარებას. ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისში საცობების რაოდენობა მეტ-ნაკლებად შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, სეზონურ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა დღის წესრიგში ისევ არ დადგება. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გზებზე მოძრაობა მუდმივად განიმუხტოს და მსგავსი პრობლემის წინაშე, კონკრეტულ დროსაც არ აღმოჩნდეს საზოგადოება?

ზაფხულის დასრულების შემდეგ, გადატვირთული მოძრაობის გამო შეწუხებულ მოქალაქეებს ყველგან შეხვდებოდით. მიზეზი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ საზოგადოება პანდემიის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას ჯერ მხოლოდ ახლა დაუბრუნდა. დაიწყო სწავლა, აღარ არის დისტანციური სამსახურები და თითქმის ყველას უწევს ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით გადაადგილება. ამასთან ქვეყანაში ჩამოვიდა მიგრანტების დიდი რაოდენობა, რაც ასევე მოქმედებს მოძრაობის გადატვირთულობაზე.

ასევე სახელდება კიდევ რამდენიმე მიზეზი. ზოგი რაიონებიდან  „სატაქსაოდ“ ჩამოსულ მძღოლებისკენ იშვერს ხელს, ზოგიც, ახალბედა, გამოუცდელ მძღოლებს აბრალებს, რომლებმაც მოძრაობის წესები არ იციან. შესაძლოა, ეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამარშრუტო ტაქსების სიმრავლესაც უკავშირდებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ მიზეზების რიცხვი უსასრულოდ გრძელია და ზუსტად ამიტომაც მნიშნველოვანია, პრობლემის სწორად შეფასება, რადგან იგი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.

როგორც დარგის სპეციალისტი რობერტ იანტბელიძე მიიჩნევს არსებული საცობები გამოწვეულია სატრანსპორტო ნაკადის არასწორი ორგანიზებით, ხოლო თუ პრობლემის მოგვარება გვსურს აუცილებელია ამის რეორგანიზება.

„არსებული საცობები არის ძალიან რთული პრობლემა და ახლა მოსახლეობის მატებაზე აღარ არის საუბარი იმდენად გადატვირთულია ქალაქი. საახალწლოდ და თუნდაც შემდეგ, რაც არ უნდა მოემატოს რაოდენობა, მაინც უკვე პიკზეა. თბილისში ადრე იყო ე.წ. პიკის საათები, თუმცა ახლა ეს აღარ იგრძნობა და დილის 10 საათიდან ჩაკეტილია ყველა ქუჩა და ყველა ძირითადი მონაკვეთი.

მიმაჩნია, რომ ყველაფერი ნაწილობრივ უკავშირდება, მოძრაობის არასწორ ორგანიზებას. ტარანსპორტის მოძრაობა არ არის სწორად დაგეგმილი, რასაც თან სდევს ამდენი პრობლემა. ამის გადაწყვეტის სათავე კი არის ის, რომ სწორად მოხდეს სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზაცია, თბილისის მერიის მესვეურების მხრიდან“, - აღნიშნა იანტბელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ "ტაიმერიანი" შუქნიშნების, ძველებურებით ჩანაცველბაც პრობლემას ქმნის.

„ადრე, ქალაქში იყო ე.წ. ტაიმერიანი შუქნიშნები, თუმცა ეს აიღეს და დააბრუნეს ისევ ძველებური შუქნიშნები, რაც უკავშირდება ზუსტად ერთ-ერთ იმ პრობლემათაგანს, რაც ართულებს გადაადგილებას. ტაიმერიან შუქნიშანზე მძღოლები ემზადებოდნენ როდის უნდა დაძრულიყვნენ, როდის უნდა გაჩერებულიყვნენ, იხარჯებოდა შედარებით ნაკლები საწვავი და მოძრაობაც უფრო მეტად იყო მოწესრიგებული“, - დასძინა იანტბელიძემ.

ახლა დედაქალაქში შედარებით განტვირთულია მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 150 000 მიგრანტი რჩება, საცობები მაინც შემცირებულია, რადგან რეგიონიდან ჩამოსული ხალხი დროებით ისევ უკან დაბრუნდა და შესაბამისად, არსებული აქტივობებიდან გამომდინარე, პრობლემა აღარ იქმნება. თუმცა, ეს დროებითია. სავარაუდოდ ზამთარში და უფრო მეტად კი წინასაახალწლო დღეებში, ისევ გადაიტვირთება გზები, რადგან ისევ ბევრი ადამიანი მოაწყდება თბილისს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოსავლის ნახვა, რადგან კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს მოსახლეობა სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე.

როგორც ავტოსატრანსპორტი სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, მთავარი აქცენტი უნბდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებაზე და ამავდროულად ახალ ავტობუსებზე, რაც შედარებით გამოასწორებს მდგომარეობას და განმუხტავს მოძრაობას.

„იმისათვის, რომ ქალაქში საცობები შემცირდეს და შედარებით ნაკლები იყოს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები შემოვიდეს ქვეყანაში. ზოგადად დიდი ავტომობილებისათვის შემოვლითი გზებით სარგებლობა უნდა იყოს დაშვებული და მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს აქცენტი იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მალე უნდა შემოვიდეს დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან მოსახლეობა დიდი ნაწილი გადადგილდება სწორედ ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით“, - აღნიშნა კვაშილავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×