"პორტის მართვის სადავეების სახელმწიფოს ხელში მოქცევა გაცილებით მომგებიანია იქნება გადამზიდავებისთვისაც"
ქეთო გოგოხია
13.12.2022

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს  ლოგისტიკურ როლს რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერებს. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობა ბიზნესს დიდ სარგებელს მოუტანს იმ მხრივ, რომ სატერმინალო მომსახურების საფასური მეტ-ნაკლებად რეგულირებადი გახდება და გლობალური ბაზრების მხრიდან გადაზიდვების სერვისზე არსებულ მოთხოვნას, მინიმუმ, 55%-ით დააკმაყოფილებს, როცა დღესდღეობით ქვეყანა ამის ნახევარს ვერ უზრუნველყოფს.

ბიზნესში ფიქრობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ,,გაცოცხლების" გადაწყვეტილება, ძირითადად, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ ინტერესის ზრდას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

„მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს და საერთაშორისო პარტნიორებს შევარჩევთ. ეს პროექტი მიტოვებულია და ადგილი გაპარტახებულია, ვიცით ანაკლიაში რაც ხდება ახლა - მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პორტის პროექტი ინვესტორის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ განხორციელდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას გადამზიდავი კომპანიების მხრიდან პირველი შეფასება უკვე მოჰყვა. ,,რეზონანსთან" საუბრისას სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტს როგორც ბიზნესის, ასევე ზოგადად მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია, თუმცა კომპლექსურად უნდა იქნას შესწავლილი ყველა საკითხი, რამაც პორტის ეფექტური საქმიანობა უნდა უზრუნველყოს.

კომპანია "ივექს ლოჯისტიკის" დირექტორის ლევან თათარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც დღესდღეობით დიდი პრობლემაა, რის გამოც ქვეყანა არსებულ პოტენციალს მინიმალურ დონეზეც ვერ იყენებს.

,,ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება საპირისპირო აზრი ჰქონდეს, თუმცა მხოლოდ პორტის მშენებლობა არ არის საკმარისი, მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. პორტები ახლაც გვაქვს, მაგრამ მათთან მისასვლელი გზები ფაქტობრივად პარალიზებულია. ეს არის დიდი პრობლემა, სტრუქტურული საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.

კარგია, რომ პორტი მთავრობის თანამონაწილეობით აშენდება. მართვის სადავეების სახელმწიფოს ხელში მოქცევა გაცილებით მომგებიანია კომპანიებისთვის, ვინც აღნიშნული ტერმინალით ისარგებლებს. ჩვენთვის შეიცვლება ის, რომ გადასახადები  იქნება რეგულირებული და არა ისე, როგორც დღეს ტერმინალებზე ხდება -   ყოველდღიურად მატულობს მომსახურების საფასური. შარშან ამ დროს 350 დოლარი ღირდა და დღეის მდგომარეობით, ფასი 600 დოლარზე მეტია. გაზრდილი ხარჯით კი საბოლოოდ მოსახლეობა ზარალდება, ვინაიდან ფასების მატებას იწვევს. ამიტომ სჯობს, ტარიფები ისევ სახელმწიფომ არეგულიროს, ვიდრე კერძო სექტორმა, რომელიც უმეტესად პირად სარგებელზე ზრუნავს და გადასახადი ბოლოს კოლოსალური გახდება", - განაცხადა ლევან თათარაშვილმა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ლოგისტიკურ ფუნქციას რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერებს და მისი სრულად ამუშავების პირობებში კი გადაზიდვების სფეროში არსებული მოთხოვნის 55% დაკმაყოფილდება, რაც დიდი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის.

,,საქართველო ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე, გამტარი ქვეყანაა აზიასა და ევროპას შორის. რაც შუა დერეფანი გაიხსნა, ათასმაგად გაიზარდა მისი მნიშვნელობა. პორტი სრული დატვირთვით რომ ამუშავდეს, რა პირობაც იყო პროექტში თავდაპირველად, ჩვენ არსებული მოთხოვნის, მინიმუმ 55%-ს დავაკმაყოფილებთ. მოთხოვნა ამ ეტაპზეც დიდია, უამრავი შემოთავაზება გვაქვს, რაზეც მომხმარებელს უარს ვეუბნებით, რადგან პორტები ვერ ასწრებენ ტვირთბრუნვის გადამუშავებას, თვენახევრით იწელება პროცესი და პოტენციურ კლიენტსაც უკვე აღარ აწყობს ჩვენთან თანამაშრომლობა.

ფიზიკურად არ გვაქვსვ საკმარისი რესურსი. შესაბამისად, ალტერნატიული გზების გამოყენებას ცდილობენ, რაც ძვირი უჯდებათ, მაგრამ უღირთ. ამ მხრივ ანაკლიის პორტი გარღვევას მოახდენს, ძალიან მომგებიანი იქნება სახელმწიფოსთვის, კერძო სექტორისთვისაც, რის სარგებელიც თითოეულ მოსახლეზე აისახება", - განაცხადა თათარაშვილმა.

პროექტის გაცოცხლების გადაწყვეტილება სპეციალისტებისთვისაც მისაღებია, მაგრამ არა იმ პირობით, როგორც ამას მთავრობა გეგმავს. აუდიტორი ირაკლი შავიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს ბიზნესს ნებართვა და თვითონ არ იყოს თანამონაწილე, რადგან საქმე სარისკოა და მცირე შეცდომაც კი ქვეყანას ძვირად დაუჯდება.

,,ჩემი აზრით, მთავრობა რისკიან საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, ამას უნდა აკეთებდნენ კერძო პირები, ეს არის სულ, რისი თქმაც მინდა. რუსეთის ფაქტორი რომ ავიღოთ, ლამის მთელი დედამიწის მიმართ აქვთ ინტერესი და რა გასაკვირია, რომ შავის ზღვის ეკვატორიის, კონკრეტულად ანაკლიის პორტის მიმართაც გააჩნდეთ, რაც არაერთხელ გამოიკვეთა. აგრესორი ქვეყნის მავნებლური დამოკიდებულება და ინტერესები აუცილებლად გამოჩნდება.

უდავოა, რომ პროექტის განხორციელებით დიდი საქმე გაკეთდება. ფოთისა და ბათუმის პორტებს შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ და თუ ანაკლიის პორტი აშენდება, მსოფლიო მასშტაბით დიდ ინტერესს გამოიწვევს. რამდენად იქნება დატვირთული, ეს უკვე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის,  როგორი კონკურენცია იქნება გადაზიდვების ბაზარზე, გატარების ტარიფების კონკურენტუნარიანობა და სხვა.

ჩემი რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ ანაკლიის პორტის ხელი არ უნდა მოჰკიდოს და კერძო ბიზნესს დაუთმოს იგი, რათა საკუთარი რისკის ფასად არ ჩაერთოს პროექტში. მთავრობამ უნდა გასცეს ნებართვა და არავითარი თანამონაწილეობა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ირაკლი შავიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.

აღსანიშნია, ისიც რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×