"სამწუხაროდ, კიდევ იქნება უბედური შემთხვევები. რამდენი ხანია ერთსა და იმავეს ვსაუბროთ და რაიმე გამოასწორდა?”
გვანცა წულაია
14.03.2024

საქართველოში ყოველწლიურად ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მძლავრი აფეთქება ხდება. გუშინდელ შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ ჩაუვლია, მაგრამ ქვეყანას არა ერთი ტრაგედია ახსოვს გაზის აფეთქების გამო. სფეროს ექსპეტრები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები დაუდევრობის გამო ხდება, რადგან ქვეყანაში არ არის შესაბამისი კონტროლი.

თბილისში გუშინ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტმა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, მაგრამ ქვეყანას ასეთ შემთხვევების გამო ისედაც ბევრი გარდაცვლილი ჰყავს.

გუშინ გამთენიისას აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა, დაზიანდა ავტომობილებიც.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაძლოა, გაზის ქსელთან მოპყრობის პრობლემაც გაჩნდა.

„არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ. აღნიშნულ ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ დროს გაზის ქსელთან დაუდევრობას შეიძლება ჰქონოდა ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ კორპუსის მასშტაბური დაზიანებაა, არ მოგვეცა საშუალება ადგილზე დეტალურად შეგვესწავლა საკითხი. ჯერჯერობით, დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რამ განაპირობა აფეთქება. ვმუშაობთ ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა.

აფეთქების გარდა, ბევრია გაზით გაგუდვის შემთხვევებიც. მაგალითად, 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისაგან ინტოქსიკაციის მოწამვლის - 76 შემთხვევა. გარდაიცვალა - 15 ადამიანი.

უბედური შემთხვევების თავიდან აცილების გზებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა დარგის სპეციალისტმა სოსო სიმონიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, შენობები ისე პროექტდება, გაზის უსაფრთხოება, შეიძლება ითქვას, საერთოდ ან ცუდად არის გათვალისწინებული.

"ზოგადად, ბუნებრივი აირი არის გათბობის და ენერგიის მიღების რისკიანი საშუალება. გაზს აქვს თავისი ექსპლუატაციის ოქროს წესი, რასაც სხვანაირად ეძახდნენ ბუნებრივი აირის მეურნეობის უსაფრთხოების წითელს წინგს. ეს წითელი წიგნი იყო მოზრდილი ბროშურა, სადაც ყველაფერი ეწერა, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

ისე მოხდა, რომ დაახლოებით 2007-08 წლებში სააკაშვილის ხელისუფლებამ დიდი `რეფორმები” განახორციელა. მაგალითად, გააუქმა ისეთი სტრუქტურა, როგორიც იყო ტექნიკური ზედამხედველობა, ანუ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას, მათ შორის გაზის, დენი და სხვა კომუნალური მიმართულების. ამ ყველაფერმა გამოიწვია ათასი უბედურება, მათ შორის დაპროექტებაშიც. ახლა კომერციული თუ საცხოვრებელი შენობები ისე პროექტდება, რომ გაზის უსაფრთხოება, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ან ცუდად არის გათვალისწინებული.

გაზის გაჟონვა ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაგვაზარალოს. მოგეხსენებათ, გაზს სპეციალურად ურევენ ნივთიერებას, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს, რისი მეშვეობითაც ვხვდებით გაჟონვას, თუმცა სანამ ამას მივხვდებით, გეტყვით იქამდე რა უნდა გაკეთდეს, რომ არ აფეთქდეს. უნდა მოხდეს იმ ოთახის თუ სივრის განიავება, სადაც გაზის ხელსაწყოები დგას. გამწოვი ვენტილაცია უნდა არსებობსდეს აუცილებლად, მაგრამ იგი რომ გაიტანს ჰაერს, საიდაღაციდან ხომ უნდა შემოვიდეს სუფთა ჰაერი?! ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს სუფთა ჰაერის შემოსვლაც და სივრცე არ უნდა იხურებოდეს ჰერმენტულად, განიავება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.

თუ ვსაუბრობთ კომერციული ობიექტის სამზარეულოზე, სადაც გაზის დიდი ქურებია, იქ მით უმეტეს უნდა იყოს გამწოვიც და ასევე უნდა იყოს ფანჯარა გამოღებული. კერძო სახლების და მრავალ ბინიან კოპუსების სამზარეულოსა და აბაზანაში გამწოვი ვენტილაციის გარდა, აუცილებად უნდა იყოს სარკმელი. სადაც ბოლო შემთხვევა მოხდა, იქ რომ განიავება ყოფილიყო და ფანჯარა ღია დატოვებული, 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ, აფეთქება არ მოხდებოდა.

კი ბატონო, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი წინა ხელისუფლებას და მათ შორის იმ სტრუქტურების გაუქმება, რომელიც დაგისახელთ, მაგრამ ისმის კითხვა, მათი შეცდომები რატომ არ გამოსწორდა და რატომ არ აღვადგინეთ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ერთნაირია?” - განუცხადა "რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.

ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება შესაბამისმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს. აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მშენებლობის სამინიტრო, რომელიც ქვეყნისთვის შეიმუშავებს პროექტირების ყველანაირ სტანდარტს, სადაც დეტალები იქნება გაწერილი.

`ბუნებრივი აირი შეცდომას არ გაპატიებს. არ ხდება ოდორანტის შერევა, რაც ისეთი ნივთიერებაა, რომლის მეშვეობითაც კილომეტრებში იგრძნობ გაზის გაჟონვას. ხომ ხედავთ, თავს ვერ ვიცავთ და პროექტირების სტანდარტი არ არსებობს ქვეყანაში. როდესაც რაიმე სივრცის ჰაერის მოცეულობაში გაზი 8%-ით დაგროვდება, ის ფეთქებადსაშიაშია, 3%-ით - კი წყალბადი. ორივე ანგრევს ყველაფერს.

მე ვითხოვ მშენებლობის სამინიტროს აღდგენას, რომელიც გამოუშვებს პროექტირების სტანდარტებს. ეკონომიკის სამინიტრო ამ ყველაფერს ვერ აკეთებს, არ იცის, სპეციალისტები არ ჰყავს. ამიტომ, საჭიროა, მშენებლობის სამინიტრო, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ქვეყნისთვის შეიმუშავებს პროექტირების ყველანაირ სტანდარტს.

დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ აფექთებები კიდევ მოხდებოდა, შემდგომშიც იქნება უბედური შემთხვევები. ახლა გადავრჩით, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი არ დავიზღვიოთ. რამდენი ხანია ერთსა და იმავეს ვსაუბროთ და რაიმე გამოასწორდა?” - განუცხადა "რეზონანსს” სიმონ ბარამიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×