"რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს პრაქტიკული სამუშაოები, რომ ეს ყველაფერი დაპირებების დონეს გასცდეს"
გვანცა წულაია
19.03.2024

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მთავრობა ამბობს, რომ პორტის მშენებლობა წელს დაიწყება და სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა ორ წელიწადში დასრულდება. პროექტი დიდი ხანია გაჩერებულია, არადა ამ დროს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლოგისტიკაა, ამიტომ ბიზნესიც და ეკონომისტებიც ელიან, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ამჯერად სწრაფად წარიმართება.

უკვე წლებია ანაკლიის პორტი მშენებლობა იწყება და ვერაფრით დაიწყო. პროექტი არაერთი პრემიერის ხელში აღმოჩნდა, თუმცა მთავრობის ვერც ერთმა მეთაურმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ადგილიდან ვერ დაძრა.

მთავრობა ამჯერადაც ირწმუნება, რომ მშენებლობა წელს აუცილებლად დაიწყება და როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა 2 წელიწადში დასრულდება.

"გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები. უკვე ივნისში დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. მთავარია ჩვენთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაზა 2 წელიწადში დასრულდეს. ამაზეა კონცენტრირებული ჩვენი მთელი მუშაობა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამჯერად ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყებისთვის, რათა პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. ეს გეგმა ჩვენ დეტალურად გავაცანით საზოგადოებას 2023 წელს, ასე რომ არანაირი გაუთვალისწინებელი სიურპრიზი არ მომხდარა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს მივყვებით და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ.

ამჟამად ჩვენ შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს და აქაც არანაირი სიურპრიზი არ იქნება. დავიწყებთ წელსვე, უახლოეს ხანებში... პარალელურად წინადადებების დაზუსტების ეტაპი მიმდინარეობს, კერძო პარტნიორის შერჩევაც ფინალურ ეტაპზეა და კომპანიებს წინადადებების წარდგენის ვადა მაისის ბოლომდე აქვთ.

ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. ეს არის ასობით დოკუმენტი, რომელიც კომპანიამ უნდა წარმოადგინოს და პროცესი მიდის გეგმაზომიერად“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი 2 დღის წინ, 18 მარტს, გამოცხადდა.  რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა თავად უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები ტექნიკურ წინადადებასთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენა კი სწორედ ამ ორი შემოთავაზების ერთობლივად გათვალისწინებით მოხდება.

ეს კი ხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ჯერ პროექტის ინვესტორი არ ჰყავს. ინვესტორის, ანუ პორტის 49%-ის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პარტნიორის შერჩევა მაისამდე გადაიდო. ის, თუ კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული, საქართველოში ანაკლიის პორტი ააშენოს, უცნობია, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ორ მსხვილ კონსორციუმს - შვეიცარულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ.

ბიზნესს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობის დათქმა შესრულდება და ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება. როგორც ,,ივექს ლოჯისტიკის" დირექტორმა ლევან თათარაშვილმა განაცხადა, მშენებლობის დაწყებაზე ახლა უკვე საკმაოდ მყარი გარანტიები არსებობს.

"ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სტრატეგიული ობიექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და აქედან გამომდინარე, მოლოდინიც ყოველთვის პოზიტიურია. იმედი გვაქვს, მთავრობის დანაპირები შესრულდება და თუ ანაკლიის პორტი უახლოეს წლებში სრულად შევა ექსპლუატაციაში, იმ ჯაჭვს, რომელზეც ძალიან მონდომებით ვზრუნავთ თითოეული ჩვენთაგანი, მათ შორის სამთავრობო დონეზეც, საბოლოოდ შევკრავთ. შუა დერეფანი იმ ფუნქციას მთლიანად შეითავსებს, რომელზეც ამდენი ხანია საუბარი მიმდინარეობს.

პირობის შერულების მოლოდინი გვაქვს და იმედია, ანაკლიის პორტი გადამწყვეტ ფაზაში შევა, რადგან ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იყო ამაზე საუბარი. საკმაოდ მყარი გარანტიებიც არსებობს, თანაც არა მხოლოდ ქართული მხარისგან”, - განუცხადა "რეზონანსს” ლევან თათარაშვილმა.

მთავრობის დანაპირების შესრულების იმედი აქვს დარგის სპეციალისტებსაც. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი გელა კვაშილავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება და ამ გზით საქართველო შუა დერეფნის სრულფასოვანი მონაწილე გახდება.

"ბოლო წლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვიცით, რომ შუა დერეფნის იდეა რეალურად მუშაობს და მისი დატვირთვა იზრდება. ამ კოროდორში მონაწილე ქვეყნებმა, პირველ რიგში, ინვესტიციები უნდა "გადატვირთოს" ინფრასტრუქტურაში. საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი პორტი ჰქონდეს ქვეყანას (თუკი შუა დერეფანი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება), რადგან სწრაფად მოხდეს ტვირთების დამუშავება, გატარება და ა.შ. ასე რომ, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხი საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტრანსპორტის კუთხით და სხვა მიმართულებით. ამიტომ, იმედია, კომპანიის შეირჩევა მალე, დაიწყება მშენებლობა და პროექტი რაც შეიძლება დროულად განხორციელდება.

ახალი რეალობის გათვალისწინებით, თუ გვინდა, რომ საქართველო შუა დერეფნის სრულფასოვანი მონაწილე გახდეს, მაშინ, ეს დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა გაკეთდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს და წესებიც მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს. პირობების დაცვით სწრაფად უნდა მოხდეს შერჩევა და იმედია, რომ მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება, რადგან აქ საუბარია მოსახლეობის დასაქმებაზეც. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს პრაქტიკული სამუშაოები”, - განუცხადა "რეზონანსს” კვაშილავამ.

ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ზღვის დაღრმავების სამუშაოების გარდა, ვალდებულებას იღებს პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა მოაწყოს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა, სამინიტროს უკვე მზად აქვს პროექტი გზასთან მიმართებით და ახლა ინვესტორის მოლოდინში არიან.

პროექტი ინვესტორ კომპანიასთან უნდა შეთანხმდეს, ამიტომ სანამ სახელმწიფო პროექტის პარტნიორს შეარჩევს, პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების დაწყება არ იგეგმება.

„როგორც კი გამოვლინდება ინვესტორი, მასთან გვინდა გავიაროთ ძირითადი დეტალები, რამდენად მისაღები იქნება ბოლო გაჩერების წერტილი, შესაბამისად, როგორც კი მასთან გვექნება შეთანხმება, შევძლებთ შესაბამისი პროცედურების დაწყებას, რომელიც მათ შორის ტენდერის გამოცხადებასაც გულისხმობს. ჩვენ მზად ვიქნებით, სანამ ოპერირებას დაიწყებს და ინვესტორს მოუნდება გზა იყოს მიყვანილი, იმ მომენტისთვის შესრულებული გვქონდეს მთელი სამუშაო“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა "ბიზნეს მედიასთან”.

მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა დაუჯდება სახელმწიფოს პორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×