რეზონანსი
28.03.2024

რას ნიშნავს, რომ „ვეტინგს" არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია" უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? - ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების - „ახალი" წევრმა, გედევან ფოფხაძემ ე.წ. „ვეტინგის" სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" აღნიშნა, „ქართული ოცნების" მიერ უცხოელ პარტნიორებთან დღეს არსებული მიდგომით ქართულ საზოგადოებასა და ევროპას შორის კედელი აღიმართება.

„იზოლაციისკენ მივდივართ. რას ნიშნავს, რომ „ვეტინგს" არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია", რომ უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ. თუ გინდა გყავდეს მეგობრები, მეგობრებს უნდა მოსწონდე, მათი ღირებულებები ახლოს უნდა იყოს, რაღაც საერთო წრე უნდა გვქონდეს. თუ იტყვი, რომ მე იზოლირებული ვარ და თქვენი არაფერი მაინტერესებს, არც აზრი, არც ღირებულებები, არც სამართლებრივი სივრცე, მე რასაც დავადგენ ისე იქნება ჩემთან - იქნები მარტო. რეალურად ხდება ისე, როგორც რუსეთმა ააშენა კედელი თავის ხალხსა და ევროპას შორის - ასე აშენებს „ქართული ოცნება" კედელს", - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილია სახელმწიფო სისტემის „ალფა" და „ომეგა" და მას სახელმწიფოს სამივე შტო „ჯიბეში უზის", დეპუტატები კი „მარიონეტებივით ჰყავს".

„ამ თემებზე პაპუაშვილს რომ გადმოაქვს საუბარი, ის არის არითმეტიკული ნული. გინდ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, გინდ კარის კაცი იყოს ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა ივანიშვილია სახელმწიფო სისტემის „ალფა" და „ომეგა". სამივე შტო ჯიბეში უზის, დეპუტატები მარიონეტებივით ჰყავს, ერთ თოჯინას გამოიტანს და პრემიერს დაარქმევს, შემდეგ ჩააგდებს ყუთში, შემდეგ ისევ ამოიტანს ყუთიდან. ყველა რჩება ძაფებზე ჩამოკიდებულ თოჯინებად. ყველანი არიან ბიძინა ივანიშვილის ბიჭები. არც მოსამართლე გვყავს, არც მინისტრი გვყავს, არც დეპუტატი გვყავს - ეს არის რეალობა. მე ვის ვუპასუხო პაპუაშვილს, რომელიც ძაფზეა ჩამოკიდებული, პირს აღებს და ვიღაც კარნახობს , რა უნდა ილაპარაკოს?",- განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება" „კბილებით იცავს მარიონეტულ სასამართლოს".

„რეალობა არის ის, რომ ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება" კბილებით იცავს მარიონეტულ სასამართლოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ კაცს არ ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სამართალი, ივანიშვილისთვის ეს სასამართლოს იქნება პერსონალური შპს, ხოლო საქართველოსთვის ეს იქნება კედელი ევროპასა და საქართველოს შორის. თუ ამ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ და ხალხსაც არ დავანახებთ, მიმაჩნია, რომ არ ვიქნებით საზოგადოებასთან მართალი",- განაცხადა ფოფხაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×