რეზონანსი
09.10.2022

თბილისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ირანის მოქალაქე 20 წლის მამაკაცმა 40 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის მოკლულის ცხედარს სახლში 2 დღის განმავლობაში მალავდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ბინის მეპატრონე ორი დღის განმავლობაში ვერც ტელეფონით და ვერც ინტერნეტით ვერ უკავშირდებოდნენ. შემდეგ ვითარებაში გასარკვევად სახლში მივიდა, თუმცა მდგმურმა მას კარი არ გაუღო. ქალმა ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. ისინი კარის გაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მამაკაცმა კარი თავად გააღო და გაქცევას შეეცადა. ის მაშველებმა პოლიციის მოსვლამდე დაიჭირეს. ბინაში შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ - უკვე მოკლული ქალი იატაკზე იწვა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი ბინაში ახალი გადასული იყო და მას კარგად არ იცნობდნენ. ასევე მათთვის უცნობია ვინ იყო 40 წლის ქალი და მასთან რა აკავშირებს. 

„ჩვენ ამ ამბის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა ბინის მეპატრონე მოვიდა. კარებზე აბრახუნებდა და ამბობდა, რომ ბინაში 20 წლის ბიჭი ცხოვრობს, რომელიც კარს არ აღებსო. თურმე 2 დღეა მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა. ბინის მეპატრონეს ამ ბიჭის დედისთვის დაურეკია და უთქვამს ტელეფონს არ იღებსო. შემდეგ მოვიდა და კარზე აკაკუნებდა. მერე შეეშინდა გაზმა  ხომ არ გაჟონა და ხომ არ გაიგუდაო. ამიტომ სამაშველო სამსახური გამოიძახა.

„მოვიდნენ მაშველები. კარს აღებდნენ სპეციალური საშუალებებით, რა დროსაც კარი უცბად თავად ამ ბიჭმა გააღო და გაქცევა სცადა. ბიჭებმა დაიჭირეს და მიხვდნენ, რომ  რაღაცაში იყო საქმე. სახლში შევიდნენ და საზარელი სურათი ნახეს - დასისხლიანებული, უკვე გარდაცვლილი ქალი იატაკზე იწვა. მერე პოლიციაც მოვიდა და დააკავეს.

„დაახლოებით ორი დღე მიცვალებული ასე ჰყავდა ბინაში. სახლის კამერებში ნახეს, რომ ქალთან ერთად შედიოდა. ეს ქალი ამასთან ერთად ცხოვრობდა. ვინ არის და რა აკავშირებს ამ ქალთან, არ ვიცით. ვიცით, რომ ირანელია და მგონი აქ საქართველოში სწვალობდა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმორბა ემქურება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება. 

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს - 1982 წელს მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×