ნაზი ბერიძე
04.08.2023

რაჭაში სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 7 ცხედარი. ბევრ ადამიანს კიდევ ეძებენ. ამ ტრაგედიამ გააჩინა კითხვა, რა საფრთხეები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე და მოსალოდნელი რისკების თავიდან არიდების რა მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს კლიმატური ცვლილებების ფონზე. ამ კითხვებით „რეზონანსმა" ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიმართა.

„თვითონ შოვთან მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდება სავარაუდოდ, ყოველ შეთხვევაში ექსპერტები ამას ამბობენ. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ჩვენ ვართ მთიანი ქვეყანა და გვაქვს საფრთხეები როგორც ცენტრალურ კავკასიონზე, ასევე აჭარაში და თრიალეთის ქედზე.

„ყველა მდინარე არის ღვარცოფიანი, ძალიან ბევრი მეწყრული გრავიტაციული კერებია, შესაბამისად როცა არასტაბილური კლიმატური მდგომარეობაა, თუ პარალელურად ნალექის რაოდენობა მატულობს, ხდება გააქტიურება ამ ადგილების, და იწყება ღვარცოფული პროცესების ჩამოყალიბება.

„ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ საფრთხეებს ყველა მთიან მუნიციპალიტეტში, მარტო მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ზოგადად რისკები უნდა იყოს ყველგან შეფასებული.

„ქვეყანაში არსებობს ეროვნული სააგენტო რომელიც ყოველწლიურად აკეთებს ამ ინფორმაციის განახლებას, და აწვდის მუნიციპალიტეტებს ამ მონაცემებს. ოღონდ თვითონ შიგნით მუნიციპალიტეტებში ვინ არის, ვინც ამას კითხულობს, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული კითხვაა, რადგან თითქმის არავინ კითხულობს. და შესაბამისად, არც პრევენციული ღონისძიებები იგეგმება. ჩვენ რომ გვყავდეს ადგილზე კადრები, ძალიან ბევრი რამის არიდება შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მსხვერპლის.

„საერთოდ, ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე უნდა იყოს სამაშველო სამსახურები მობილიზებული. ამისი შესაძლებლობა არავის არა აქვს. ჩვენთან სამაშველოები დადიან თბილისში. რამდენ კურორტზე გინახავთ სამაშველო სამსახური? ზამთრის კურორტია თუ ზაფხულის, სამაშველო სჭირდება მას, არა აქვს მნიშვნელობა როცა ადამიანი მიდის მთაში შეიძლება რამე დაემართოს და მაშველები უნდა იყვნენ ადგილზე. ჩვენ არა გვაქვს ეს სისტემა გამართული. ანუ, უფრო მეტი გაძლიერება სჭირდება სამაშველო საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს და მაგის გარდა სჭირდება სპეციალიზირებული კადრები. და თვითონ მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ სპეციალისტები.

„ეს არის მეთოდი, რომლითაც შენ შეგიძლია შეარბილო მოვლენები, რაც უკვე პროგნოზირებულია. ვიცით რომ სტიქიური მოვლენები გაძლიერდება საქართველოში, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, არა მარტო ზაფხულში და ზამთარში, შემოდგომაზეც ელოდეთ, იმიტომ რომ ყველგან არის ნაპროგნოზირებადი, რომ სტიქიური ბუნებრივი მოვლენები გაძლიერდება, რაც განაპირობა კლიმატურმა ცვლილებებმა, ზოგადად გლობალურმა პროცესებმა," - განაცხადა „რეზონანსთან" ნინო ჩხობაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×