ნაზი ბერიძე
04.08.2023

რაჭის ტრაგედიის გამო მეგობარი ქვეყნები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ და დახმარებას ჰპირდებიან, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროება არ არის. სამძიმრისა და დახმარების შეთავაზების გზავნილები გრძელდება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯაიჰუნ ბაირამოვმა სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებებში დახმარების მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო მინისტრ ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო ზარის დროს ისაუბრა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჯაიჰუნ ბაირამოვი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ქვეყანას და ხალხს. ასევე იმედოვნებს, რომ დაკარგულ მოქალაქეებს მალე იპოვიან. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აზერბაიჯანი მზადაა საქართველოს სტიქიის შემდგომი შედეგების აღმოფხვრაშიც დაეხმაროს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. „ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას" , - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.

სამძიმრის წერილები გამოქვეყნეს ევროკავშირის დელეგაციამ და აშშ-ის საელჩომ.

„ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია," - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უსაფრთხოდ გადარჩენის იმედი გვაქვს", - ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

„უკრაინის საელჩო საქართველოში მოძმე ქართველს ხალხს უსამძირებს და რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე," - წერია უკრაინის საელჩოს მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამძიმარს გამოთქვამს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლის შესახებაც ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ჩვენ გლოვობთ შოვის რეგიონში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნებას. ამ ტრაგედიის დროს ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×