თამთა ჩაჩანიძე
02.03.2023

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს, ამისთვის კრემლში უკვე ემზადებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება და შესაძლოა სამხედრო თანამშრომლობა უფრო გაზარდონ, რაც ვაშინგტონისთვის საფრთხეა.

როგორც თსუს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად დაეხმაროს.

„ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული შიშები არსებობს, რომ შესაძლოა ჩინეთი რუსეთს ფარულად დაეხმაროს, მათ შორის სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით. ახლა სანქციების შიშით პირდაპირ დახმარებას ერიდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მოკავშირეა, ამავე დროს არ შეუძლია, რომ მოსკოვი საერთოდ უგულებელჰყოს და საერთოდ იზოლაციაში მოაქციოს.

„გარკვეული შიშები არის, რომ ჩინეთის პრეზიდენს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები ექნება სანქციების დარღვევით რუსეთის დახმარების კუთხით. ეს შეხვედრა შესაძლოა ასეთ კონტექსტშიც მოიაზრებოდეს, როგორც რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერა.

„თუ ამ ვიზიტს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მოყვება, რა თქმა უნდა უკრაინის ომის კონტექსტში გავლენა ექნება, რადგან რუსეთმა ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებლობები ამოწურა, გარკვეული მხარდაჭერა უნდა, მაგრამ თუკი ჩინეთი არ დაეხმარება, ამან შესაძლოა ბრძოლის ველზე სულ სხვა შდეგი მოგვცეს", -განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი წერს, რომ ამას შესაძლოა რუსულ-ჩინური სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან კონკრეტული ზრდა მოჰყვეს.

„ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. ამას რუსულ-ჩინური სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან კონკრეტული ზრდა შეიძლება მოჰყვეს. ეს არ იქნება უბრალო შეხვედრა შეხვედრისათვის. აშშ-ში რესპუბლიკელების ის ნაწილი, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ეწინააღმდეგება ერთ-ერთ არგუმენტად ჩინეთის პრიორიტეტულობა მოჰყავთ და ამბობენ, რომ პეკინი არის ნომერ პირველი საფრთხე ვაშინგტონისათვის. რუსულ-ჩინური ურთიერთობის გაღრმავების შემთხვევაში კი აშშ-ში რესპუბლიკელების ის ნაწილიც დასუსტდება, ვინც ამ არგუმენტით ცდილობდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებას", - წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლებს. კრემლში ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს. როგორც პუტინი ამბობს, ის შეხვედრას მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით გეგმავს. აღნიშნული მეტროს ხაზის მშენებლობაში ჩინური სამშენებლო კომპანია იყო ჩართული.

„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროს ხაზი. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციის წევრებმა უნდა შეძლონ ამის ნახვა", - განაცხადა პუტინმა მეტროს ახალი ხაზის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ვირტუალურად დაესწრო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1-ელ მარტს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს პეკინში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც შეხვდა, ვიზიტის მიზეზად დაასახელა საგარეო კავშირების გაზრდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×